წმინდა მანუელ სათნო,- წამებული
„უკუეთუ ამას ხოლო ცხოვრებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა ვართ“.
(პავლე მოციქულის წიგნი კორინთელთა მიმართ, პირველი, XV, 19).
ხმა დაირხა, ჩვენი დონ მანუელის, ჩვენი წმინდა მანუელის, აქაური მრევლის მღვდლის, აწ განსვენებულის კანონიზაციისთვის თავგამოდებით იღვწის რენადის ეპისკოპოსიო, – რომლის ეპარქიაში შედის ჩვენი სოფელი, ჩემი სათაყვანო ვალვერდე დე ლუსერნა, – და მეც გადავწყვიტე, თუკი რამ ვიცოდი და მახსოვდა ამ პატრიარქალური ყაიდის ადამიანის შესახებ, ყველაფერი გამეხსენებინა და მეამბნა აღსარებასავით, მაგრამ რა მიზნით, ღმერთმა უწყის, თავად არ ვიცი, – რამეთუ ამ ადამიანმა აღავსო იდუმალი ცხოვრება ჩემი სულისა, იგი იყო ჩემი სულიერი მამა, მამა სულისა, ჩემში რომ სუფევს, ანხელა კარბალინოს გვამში რომ დგას.
ჩემი ნამდვილი, ხორციელი მამა თითქმის აღარ მახსოვს, რადგან დიდხანს არ უცოცხლია, სულ პაწაწინა ვყოფილვარ, რომ გარდაცვლილა. ის კი ვიცი, სხვა მხრიდან ჩამოსულა და დედაჩემზე რომ უქორწინია, ვალვერდე დე ლუსერნაში დამკვიდრებულა; ორიოდე წიგნის მეტი თან არაფერი ჩამოჰყოლია – „დონ კიხოტე“, კლასიკური თეატრის პიესები, რაღაც-რაღაც რომანები, ისტორიული თხზულებები, „ბერტოლდოს“ დაფლეთილი ტომი, და სოფელში სხვა საკითხავი არც მოიძევებოდა. ბავშვობისას დიდი გატაცებით ვკითხულობდი ამ წიგნებს და იმ დროიდან გამომყვა ეს ოცნებებიც. არ ვიცი, რას საქმიანობდა მამაჩემი, ამის თაობაზე ჩემი გულმოწყალე დედა არაფერს ჰყვებოდა, დონ მანუელის საქმემ და სიტყვამ მის მეხსიერებაში მთლად წაშალა მეუღლის საქმეცა და სიტყვაც; დონ მანუელს კი ნამდვილად აღმერთებდა, – თუმცა კი, ვინ არ აღმერთებდა მას ჩვენს სოფელში, – დედაჩემს ის ძალიან უყვარდა და, რა თქმა უნდა, უყვარდა უბიწო სიყვარულით, ხოლო ქმარი უფალს მიანდო და ბეჯითად ლოცულობდა მისი სულის საცხონებლად.
ჩვენი დონ მანუელი ისეთი მახსოვს, როგორიც აღიბეჭდებოდა ათი წლის ბავშვის მეხსიერებაში: იმ დროიდან მახსოვს, სანამ საეპარქიო ქალაქ რენადაში წამიყვანდნენ და მონასტრის პანსიონში მიმაბარებდნენ. იმხანად, ჩვენი წმინდანი ასე, ოცდაჩვიდმეტი წლისა იქნებოდა – მაღალი, გამხდარი, წელში გამართული დადიოდა და თავი ისე ეჭირა, როგორც ჩვენი ქორის ფრიალოს უჭირავს თავისი ქიმი; მის თვალებში კი ჩვენი ტბის უძირო სილურჯე ირეკლებოდა. ყველას თვალსა და გულს სტაცებდა, ხოლო როცა გვიყურებდა, ასე გვეგონა, პირდაპირ ჩვენს გულებში იხედებოდა. ყველას ერთნაირად გვიყვარდა, ოღონდ ბავშვებს – განსაკუთრებით. მერედა, რაზე აღარ გვესაუბრებოდა! მისი სიტყვები... სიტყვები კი არა, არ ვიცი, რა იყო! სოფლელებმა უკვე გუმანით იგრძნეს მისგან მონაბერი სიწმინდის სურნელი, რამაც ასე აღავსო და გააბრუა მთელი ვალვერდე დე ლუსერნა.
სწორედ იმხანად იყო, რომ ჩემმა ძმამ, ლასარომ, – მაშინ ამერიკაში გახლდათ, იქიდან ბეჯითად გვიგზავნიდა ფულს და მისი წყალობით არცთუ ხელმოკლედ ვცხოვრობდით, – დედაჩემი შეაგულიანა, ანხელა მონასტრის პანსიონში მივაბაროთ, მარტო სოფლის სკოლას ნუ დასჯერდება, ბარემ სრული განათლება მიიღოსო, თუმცა მონაზვნები დიდად არ ეფონებოდა გულზე. „რამდენადაც ვიცი, მანდ, თქვენთან ჯერ არა გაქვთ საერო და პროგრესული სკოლები, მით უმეტეს, ქალთა სკოლები და მოდი, ამ შესაძლებლობას ხელიდან ნუ გავუშვებთ, – სწერდა იგი დედაჩემს, – მთავარია, ანხელიტამ წესიერი აღზრდა-განათლება მიიღოს და სოფლის გომბიოებში არ გაერიოს!“ ასე და ამგვარად გამამწესეს პანსიონში; თავიდან ისიც კი გავიფიქრე, ბარემ აქვე დავრჩები მასწავლებლად-მეთქი, მაგრამ მერე და მერე პედაგოგიკაზე, ცოტა არ იყოს, გული ამიცრუვდა.
პანსიონში ქალაქელი გოგონები გავიცანი და ზოგიერთს კიდეც დავუმეგობრდი, მაგრამ კვლავაც ჩემი სოფლის ამბები და ადამიანები უფრო მიზიდავდა; იქიდან ხშირად ჩამომდიოდა ცნობები და კიდეც მესტუმრებოდნენ ხოლმე. მალე პანსიონამდეც მოაღწია ხმამ ჩვენი მრევლის მღვდლის შესახებ, რადგან საეპარქიო ქალაქშიც უკვე ალაპარაკდნენ და მონაზვნებიც მე მეკითხებოდნენ მის ამბებს.
ადრეული ბავშვობიდანვე, – კი არ ვიცი, როგორ და რანაირად, ეტყობა, ნაწილობრივ მამაჩემის წიგნების წყალობით, – გულში ცნობისმოყვარეობა, სწრაფვა თუ რაღაც წუხილი აღმეძრა და ახლა, პანსიონში, კიდევ უფრო მწვავედ ვიგრძენი ეს; ამას დიდად შეუწყო ხელი ერთ ამხანაგთანა ურთიერთობამ, რომელიც უსაზღვროდ შემეთვისა; იგი ხან მეუბნებოდა: მოდი, ერთად, ერთ მონასტერში აღვიკვეცოთ მონაზვნად, სამუდამო დობა შევფიცოთ ერთმანეთს და ფიცი სისხლით დავწეროთო, ხანაც მორცხვად თავდახრილი საქმროების თაობაზეც მიამბობდა რაღაც თავგადასავლებს, ქორწინებით რომ მთავრდება ხოლმე. მართალი გითხრათ, მას შემდეგ აღარაფერი შემიტყვია მასზე, რა ბედი ეწია ან სად არის.
ერთი სიტყვით, როცა კი ჩვენს დონ მანუელს ვახსენებდი, ან თუ დედაჩემის წერილს წავუკითხავდი, – ხოლო დედაჩემი წერილს ისე არ მომწერდა, დონ მანუელის ამბები წვრილად არ მოეთხრო, – ჩემი ამხანაგი უცნაური აღტაცებით შესძახებდა: „რა ბედნიერებაა, რომ შენ