შესავალი
ვეფხისტყაოსნის კვლევას გრძელი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ვახტანგ VI ცდილობდა ამ პოემის გაგებისთვის მეცნიერული სახე მიეცა. შემდეგ საუკუნეებში უკვე იმდენი სამეცნიერო მასალა დაგროვდა, რომ ბოლოს რუსთველოლოგია ცალკე მეცნიერებად ჩამოყალიბდა. პოემის თითოეული თემა ცალ-ცალკე კვლევის საგნად იქცა. კვლევის პროცესში პოემა უწვრილეს დეტალებამდე დაიშალა. პრაქტიკულად ცალ-ცალკეა შესწავლილი პოემაში ნახსენები თითოეული სიტყვა, დიდი სიზუსტითაა გამოთვლილი, თუ რამდენჯერ და რა კონტექსტშია იგი ნახსენები.
`ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებულ გამოკვლევებში ვრცლადაა მოთხრობილი ის პარალელები, რაც მის მოტივებს, ცალკეულ სიუჟეტებსა და გმირთა სახელებს სხვა კულტურულ ძეგლებთან აქვთ. პარალელები უხვად მოიპოვება როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის მნიშვნელოვან წერილობით ნიმუშებში. ვეფხისტყაოსნის~ ეპიზოდებს აშკარა ანალოგები ეძებნება როგორც უძველეს მითოსურ წარმოდგენებში, ასევე თითქმის მისი თანადროული ეპოქის ლიტერატურულ ნაწარმოებებში.
ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ არსებული სამეცნიერო მასალის გათვალისწინებით, აღარც არაფერი დარჩა შესასწავლი, მაგრამ მკვლევართა უმრავლესობა ხშირად მაინც იმ აზრამდე მიდის ხოლმე, რომ რაც უფრო მეტად ხდება პოემის შინაგან არსში ჩაღრმავება, მით უფრო ცხადია, რომ მისი კვლევის სფეროში ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.
პოემაში მოცემული თემატიკა იმდენად მრავალწახნაგოვანია, რომ ნებისმიერი კუთხით მისი განხილვა მხოლოდ ერთ-ერთ ასპექტს თუ წარმოაჩენს პოეტის ერთიანი მსოფლმხედველობიდან.
წინამდებარე ნაშრომის მიზანიც სწორედ ისაა, რომ პოემა კიდევ ერთი განსხვავებული კუთხით განვიხილოთ.
რუსთველის მოღვაწეობის ხანა სრულიად განსაკუთრებულია საქართველოს ისტორიაში. იმ დროს ქართულმა კულტურამ თავის ზენიტს მიაღწია. IX-X საუკუნეებში დაწყებული სახელმწიფოებრივი გაერთიანების პროცესი XII საუკუნეში მძლავრი მონარქიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებით დამთავრდა. აღმავლობა ქართული კულტურის ყველა სფეროში გამოვლინდა.
იმ პერიოდში თამარის კარზე რუსთველის გარდა, ბევრი ძალზე მნიშვნელოვანი ინდივიდუალობა მოღვაწეობდა. მათგან შეიძლება გამოვყოთ კათალიკოს-პატრიარქი ნიკოლოზ I (გულაბერიძე). ნიკოლოზ I საქართველოს პატრიარქი 1181 წლამდე იყო. მან თავად თქვა უარი ამ წოდებაზე, დატოვა თანამდებობა და იერუსალიმში გაემგზავრა. თამარ მეფემ, გამეფების შემდეგ, უკანვე მოიწვია საქართველოში. მისი ნაშრომიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ იგი თამარის ეპოქის ერთ-ერთი თვალსაჩინო სულიერი მოღვაწე იყო. როგორც ჩანს, თამარის კარზე მას `უკვეთავენ~ საღვთისმეტყველო ნაშრომს, რომლის მიზანიცაა მანამდე ძნელად გასაგები ქართლის მოქცევის ტექსტი მრევლისთვის უფრო გასაგებ ენაზე გადმოსცეს, ამავე დროს კომენტარი გაუკეთოს `ქართლის მოქცევის საღვთისმეტყველო კონცეფციას. ნიკოლოზ I-მა ამ ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი. მან შექმნა `სვეტიცხოვლის საკითხავი,1 სადაც საოცარი სიღრმით გადმოსცა ქართველი ერის ქრისტიანული მისია, მისი სულიერი ცხოვრების უმთავრესი თავისებურებები.
დაახლოებით იმავე პერიოდში სამეფო კარი კიდევ ერთ დიდ ინდივიდუალობას, შოთა რუსთველს აძლევს ანალოგიურ დავალებას. მართალია, სხვა ისტორიული დოკუმენტები ამ დავალების შესახებ არ არსებობს, მაგრამ თავად ვეფხისტყაოსანში არსებული მინიშნება აშკარად ისტორიული ხასიათის უნდა იყოს:
მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა...
ნიკოლოზ I-ის, ან შოთა რუსთველის ნაღვაწის განხილვა ნათლად აჩვენებს, რომ თამარის სამეფო კარზე ძალზე აქტუალურია `ქართლის მოქცევაში გადმოცემული საღვთისმეტყველო პრობლემების იმდროინდელი ცნობიერების საფეხურზე გადააზრება, მისი გადმოცემა თანამედროვეთათვის გასაგებ ენაზე.
ცხადია, საეჭვო არ უნდა იყოს, რომ რუსთველი მოქცევის ტექსტს და მასში გადმოცემულ კონცეფციას იცნობდა, მაგრამ თუ რამდენად ეყრდნობა მას, თავისთავად ცხადი არ არის და დამატებით კვლევას საჭიროებს. ესე იგი, გასარკვევია საკითხი, რუსთველის `ვეფხისტყაოსანს აქვს თუ არა რაიმე კავშირი მოქცევის საღვთისმეტყველო კონცეფციასთან.
დღესაც კი სწორედ ქართლის მოქცევის ტექსტი წარმოადგენს უმთავრეს პირველწყაროს, საიდანაც საქართველოს ქრისტიანული კულტურის ძირითადი საფუძვლებია ცნობილი.
ტექსტი ქართლის გაქრისტიანების ისტორიას თვითმხილველთა მონათხრობის მიხედვით გადმოგვცემს. ეს ადამიანები IV საუკუნის დასაწყისში წმინდა ნინოს თანამედროვენი იყვნენ. ისინი თავადაც აქტიურად მონაწილეობდნენ ქართლის მოქცევის ისტორიულ პროცესში. `მოქცევაში შესულია ცალკეული თავები, რომელთა ავტორებიც არიან წმინდა ნინო, მირიან მეფე, წმინდა ნინოს უპირველესი მოწაფე სიდონია, მღვდელი აბიათარი, იაკობი.