რა არის და ვისთვისაა საჭირო ასტრონომია?
წიგნი ეძღვნება ასტრონომიის საინტერესო მოვლენებს. მიმოხილულია მთვარის, კომეტების, ცთომილების, მეტეორების, მეტეორიტების, მზისა და ვარსკვლავების რაობა, აგებულება, მოძრაობა. დასმულია აგრეთვე კოსმოსური ცივილიზაციების არსებობის და მათთან ინფორმაციული კონტაქტის პრობლემა. წიგნი მისაწვდომი იქნება მოსწავლეების, ასევე ასტრონომიის მოყვარული, ოღონდ მეცნიერების, ხელოვნების თუ სხვა სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის.
წინათქმა
მეცნიერება მრავალნაირია. მისი ზოგი დარგი მოვლენათა შედარებით ვიწრო წრეს იკვლევს და ადამიანთა მცირერიცხოვანი ნაწილისთვისაა საინტერესო, ზოგის კვლევის საგანი კი უკლებლივ ყველას იზიდავს. ამ უკანასკნელთაგან უპირველესი ასტრონომიაა.
ასტრონომია სამყაროს იკვლევს, სამყაროს შემეცნება კი აუცილებელია ჩვენივე რაობის შესამეცნებლად. ამიტომ ასტრონომიისადმი გულგრილობა სულისა და ინტელექტის სიღარიბის ნიშანია.
ეს წიგნი მეცნიერულ-მხატვრული ასტრონომიის ნიმუშია. მასში მოთხრობილია სხვადასხვა ციურ სხეულებსა და მოვლენებზე, აგრეთვე მოყვანილია მოსაზრებანი კოსმოსში გაბნეულ სავარაუდო არამიწიერ ცივილიზაციებსა და მათთან ინფორმაციის გაცვლის პრობლემაზე.
წიგნი დააინტერესებს მოსწავლეებს თუ ასტრონომიისგან დაშორებული მრავალრიცხოვანი პროფესიების ადამიანებს. ამასთან, მისაწვდომობასთან ერთად, იგი საგრძნობლადაა დატვირთული მეცნიერული ინფორმაციით.
ავტორი
რით დავიწყოთ?
„ ვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია “ .
გალაკტიონ ტაბიძე
„ მხოლოდ ვარსკვლავთა თანამავალთა ვამცნო გულისა მე საიდუმლო “ .
ნიკოლოზ ბარათაშვილი
„ ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა “ .
შოთა რუსთაველი
ეს წიგნი ცნობისმოყვარეებისთვისაა ჩაფიქრებული. ისინი მრავლად არიან – სხვადასხვა პროფესიისა და ასაკისანი. მინდა მათ მოვუთხრო ყველაზე წარმტაც მეცნიერებაზე – ასტრონომიაზე.
დავწერე სათაური და გავჩერდი. რით დავიწყო? ათეულობით ფრაზამ გაირბინა გონებაში. ყველა უკუვაგდე. ნახევარი საათი გავიდა, ფურცელი კი სუფთაა...
ხდება ხოლმე, რომ რთულ სიტუაციაში ჩავარდნილი მოჭადრაკე ღრმად ჩაიძირება ფიქრებში, ითვლის ათობით ვარიანტს, ეძებს გამოსავალს, უმჯობესზე უმჯობეს სვლას. იხარჯება ძვირფასი წუთები, საჭიროა მოქმედება, მას კი არც ერთი მოფიქრებული სვლა ბოლომდე არ აკმაყოფილებს. ბოლოს, გადამწყვეტ მომენტში, მოჭადრაკე იღებს შემთხვევით ხელში მოხვედრილ ფიგურას და ასევე შემთხვევით გადააადგილებს, ე. ი. აკეთებს სვლას, რომელიც არც ერთ გამოანგარიშებულ ვარიანტში არ გაუთვალისწინებია (შემდეგ იტყვის: ვერ ამიხსნია, რატომ მაინცდამაინც ასე ვითამაშეო). ადვილი შესაძლებელია, თითქმის მიღწეული წარმატების ნაცვლად ამ სვლამ წაგება მოუტანოს.
ასევე მეც, ნახევარსაათიანი ფიქრისა და ათეულობით ვარიანტის მოსინჯვის შემდეგ სულ სხვანაირად დავიწყე: უცებ გონებაში გაკრთა გ. ტაბიძის სტრიქონები, რომელთაც, თავის მხრივ, „ მერანის “ „ მხოლოდ ვარსკვლავთა თანამავალთა... “ და რუსთაველის საოცარი მეტაფორა გამახსენეს. ისინი ამ წიგნის ეპიგრაფად და, ამრიგად, ბუნებრივ დასაწყისადაც იქცნენ.
ასტრონომია სჭირდება ყველას
მაგრამ იქნებ მხოლოდ ჩვენ, ასტრონომებს, გვეჩვენება ასტრონომია საინტერესოდ?
მოუსმინეთ ნაპოლეონ ბონაპარტს:
„ ყველა მეცნიერებას შორის ასტრონომია იყო ყველაზე სასარგებლო გონებისა და ვაჭრობისათვის “ .
ალბერტ აინშტაინს: „ ინტელექტუალური იარაღი, ურომლისოდაც შეუძლებელი იქნებოდა თანამედროვე ტექნიკის განვითარება, ძირითადად ვარსკვლავების დაკვირვებამ მოგვცა “ .
თქვენ მაინც არ დაუჯერებთ ამ ზოგად განცხადებებს და დამისვამთ კითხვას:
რა არის და ვისთვისაა საჭირო ასტრონომია?
ხომ მოკლე და ნათელია კითხვა. პასუხიც ასეთივე იქნება:
ასტრონომია არის ციური სამყაროს შემსწავლელი მეცნიერება. იგი საჭიროა ყველასთვის!
– ყველასთვის? მაგალითად, ბიოლოგისთვისაც? – უნდობლად იკითხავთ თქვენ.
– დიახ, ბიოლოგისთვისაც! დედამიწა, ბოლოს და ბოლოს, სამყაროს ნაწილია და მასზე ცოცხალი ორგანიზმების წარმოშობა და შემდგომი ევოლუცია კოსმოსური გარემოს ზემოქმედებაზეცაა დამოკიდებული. მზეზე მომხდარი აფეთქებების დროს ამოტყორცნილი ნაწილაკები დედამიწამდე აღწევენ და ძლიერ აშფოთებენ ატმოსფეროს, აგრეთვე აზიანებენ კოსმოსურ ხომალდებს და წარმოქმნიან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ გამოსხივებებს. მზის ულტრაიისფერი, რენტგენული და გამა-გამოსხივებანი ცვლიან ატმოსფეროს შედგენილობასა და მდგომარეობას. ყოველივე ეს ცოცხალ ორგანიზმებში გარკვეულ ბიოლოგიურ „ მუტაციებს “ იწვევს. თუნდაც ე. წ. „ ოზონის საფარი “ გავიხსენოთ, რომელიც გვიცავს მზის ულტრაიისფერი რადიაციისაგან, და „ ოზონის ხვრელი “ , რომლის წარმოშობა, კოსმოსურ ფაქტორთა გარდა, ადამიანის საქმიანობითაც უნდა იყოს გამოწვეული და რომლის გადიდება კიბოვან თუ სხვა დაავადებათა აფეთქებით გვემუქრება. დედამიწის მახლობელ სივრცეში კომეტათა შემოჭრასაც, როგორც ისტორიული სტატისტიკა მიუთითებს, ემთხვევა ზოგჯერ ეპიდემიათა გაჩენა. ყოველ შემთხვევაში, კომეტების კუდები, რომელნიც მომწამლავ ნივთიერებებს შეიცავენ, არაერთხელ შეჯახებიან დედამიწის ატმოსფეროს, ასე რომ მათი უგულებელყოფაც არ შეიძლება. ან, თუნდაც, მზის აქტიურობის თერთმეტწლიანი ციკლი, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ცხადადაა ასახული ხეების წლიური რგოლების სიგანეთა პერიოდულ ცვლაში, აგრეთვე მჭიდრო კორელაციურ კავშირშია არაერთი დაავადების პერიოდულ გახშირებასა თუ სოფლის მეურნეობისთვის სახიფათო ბიოლოგიური სახეობების გამრავლებასთან. მნიშვნელოვანია კოსმოსური სხივებიც, რომლებიც გალაქტიკისა და მეტაგალაქტიკის სიღრმეებიდან მოდიან და აქტიურად ზემოქმედებენ ბიოლოგიური სამყაროს განვითარების ტენდენციებზე. ამ სამოცდახუთი