შემდგენელთა წინათქმა
ეს წიგნი განკუთვნილია საშუალო სკოლის უფროსკლასელთათვის. აკაკი ბაქრაძის ლიტერატურული წერილები მივუსადაგეთ სკოლაში ამჟამად მოქმედ პროგრამას. თუმც, რა თქმა უნდა, არც სავალდებულო და არც კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას იგი სრულად არ მოიცავს. მომავალში, ვფიქრობთ, პროგრამები გადაისინჯება და ამ კრებულის შედგენილობაც შეიცვლება. მით უფრო, რომ აკაკი ბაქრაძეს ერთ-ერთ ჩვენგანთან ერთად განზრახული ჰქონდა ქართული ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენა. არსებობს საამისო გეგმაც, თუმცა ეს საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ აკაკი ბაქრაძის გარდაცვალების გამო.
კრებულში შესული ზოგიერთი სტატია, მართალია, სცილდება არამარტო სასკოლო პროგრამას, არამედ ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ფარგლებსაც („ლეგენდა“, „ცოდვა და მადლი“), მაგრამ საჭიროდ ჩავთვალეთ მოსწავლეთათვის მათი მიწოდება, ვინაიდან, ჩვენი აზრით, ეს წერილები პრობლემის გლობალურად დამუშავების ჩინებული ნიმუშია. მათი კრებულში შეტანით იმის მინიშნებაც გვინდა, რომ ქართული მწერლობის განხილვა მსოფლიო ლიტერატურული პროცესისაგან იზოლირებულად არ შეიძლება. აუცილებელია მოსწავლის თვალსაწიერის გაფართოება და ამა თუ იმ საკითხის უცხოური ლიტერატურის კონტექსტში განხილვა. ასეთი გახლავთ აკაკი ბაქრაძის თვალსაზრისიც. გარდა ამისა, კრებულის დაწყებას წერილით „ლეგენდა“ სხვა აზრიც ჰქონდა. აქ მკაფიოდაა გამოხატული თვალსაზრისი მხატვრული ლიტერატურის ბუნება-რაობისა და სინამდვილის ორი ფორმის – რეალურისა და გამოგონილის შესახებ.
საჭიროდ ვცანით, კრებულში შეგვეტანა აგრეთვე ზოგადეთიკური პრობლემისადმი მიძღვნილი წერილი „ზნეობრივი გმირისათვის“. ზნეობრივი გმირობა ნებისმიერი ერის სიტყვაკაზმული მწერლობის უმთავრესი თემაა. აკაკი ბაქრაძე ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს ჩვენი მწერლობისა და ისტორიის მაგალითების მოშველიებით განიხილავს, რაც მოსწავლეს პრობლემის არსის გარკვევაში დაეხმარება. ეს კი, ვფიქრობთ, უთუოდ შექმნის იმის საფუძველს, რომ ჰაბო ტფილელის, ცოტნე დადიანისა თუ ქეთევან წამებულის ზნეობრივი გმირობის კვალდაკვალ, მან სასკოლო პროგრამით გათვალისწინებულ მხატვრულ ქმნილებაში თვითონ აღმოაჩინოს ზნეობრივი გმირობის მაგალითებიცა და ზნეობრივი გმირიც.
აკაკი ბაქრაძის რამდენიმე ნაშრომი ამ კრებულში მცირეოდენი ცვლილებით შევიდა. ცვლილება შეეხო ზოგიერთი მათგანის ტექსტსაც და სახელწოდებასაც. სათაური წერილისა – „ხოგაის მინდია და ტაბუ“ – ჩვენს კრებულში „ტაბუს“ გარეშეა წარმოდგენილი, ვინაიდან კ. გამსახურდიას ეს ნოველა სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული არ არის და ტექსტიც ამ ნოველისადმი მიძღვნილი ბოლო ნაწილის გარეშეა წინამდებარე კრებულში შეტანილი. ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილისადმი“ მიძღვნილი ანალიზიც, რომელიც ბატონი აკაკის მიერ სამედიცინო ინსტიტუტში წაკითხული ლექციის ამონარიდს წარმოადგენს, ჩვენ დავასათაურეთ. აგრეთვე, ავტორის ხელნაწერში არსებული შენიშვნის თანახმად, იგი შევავსეთ ფრაგმენტებით აკაკი ბაქრაძის წერილიდან „პატიოსნება“ (გაბრიელისა და მღვდლის საუბარი) და „სევდა ისტორიისა“ („მრისხანე ბატონისა“ და „რაინდების“ ეპიზოდები).
ჩვენი დასათაურებულია „ყვარყვარეც“ – ფრაგმენტი მოგონებათა წიგნიდან „ნიღბების სამყაროში“. ჩვენივე შერჩეულია სახელწოდებად „ქართული მწიგნობრობა“ უსათაურო გამოუქვეყნებელი წერილისათვის. სატელევიზიო გამოსვლის ჩანაწერი „ავთანდილის სახე „ვეფხისტყაოსანში“ შევავსეთ ავთანდილის დახასიათებით აკაკი ბაქრაძისავე სხვა წერილიდან, რომლის სახელწოდებაა „მკვახე შეძახილი“. ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ნარკვევები ამოვიღეთ ამ მწერლებზე დაწერილი მონოგრაფიებიდან. აკაკის პოეზიის განხილვას წინ წავუმძღვარეთ ცალკე გამოქვეყნებული წერილი „ბედი ქართლისა და აკაკი წერეთელი“.
ამ წიგნის გამოცემის მიზანი არ არის მხოლოდ ის, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების სიმწირეს განვიცდით და ეს ხარვეზი უნდა შეივსოს. ჩვენ ღრმადა ვართ დარწმუნებულნი იმაში, რომ აკაკი ბაქრაძე ჩვენს ლიტერატურისმცოდნეობაში აზროვნების ახალ მანერას ამკვიდრებს, ახლებური ინტერპრეტაციაა აქ ჩვენი მწერლობისა. ეს ნარკვევები აზროვნების სხვაგვარი თავისუფლებით სუნთქავს. აზროვნებისა და ინტერპრეტაციის ამგვარი მანერა გვსურს გაითავისოს ახალგაზრდობამ.
რაც მთავარია, აკაკი ბაქრაძე ყველგან და ყოველთვის მოვლენის არსს სწვდება და წარმოაჩენს. ამავე დროს აკაკი ბაქრაძისათვის მხატვრული ტექსტი ერთგვარი საყრდენია, რათა მისი მეშვეობით საკუთარი სათქმელი თქვას, მოვლენისა თუ ფაქტისადმი საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს (ესეც უნდა ვისწავლოთ მისგან). ამას იგი ნათელი სტილითა და სანიმუშო სისადავით აღწევს. ამიტომაც არის აკაკი ბაქრაძე ნებისმიერი მკითხველისათვის ერთნაირად საინტერესო და გასაგები.
აქვე საგანგებოდ გვინდა აღვნიშნოთ აკაკი ბაქრაძის ზრუნვა ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრებისათვის. იგი გამუდმებით ეძიებდა მივიწყებულ, ნავლწაყრილ სიტყვებს ენის წიაღში – ძველქართულ ტექსტებსა და დიალექტებში. ხშირად კი მათზე დაყრდნობით ქმნიდა ახალ ლექსიკურ ერთეულებსა თუ ცნება-ტერმინებს, რომელთაც ზოგჯერ იქვე განმარტავდა კიდეც. ბატონი აკაკის მაგალითისამებრ, ჩვენც განვმარტეთ ზოგიერთი სიტყვა და გამოთქმა, რომელთა გააზრება, ვფიქრობთ, მოწაფეთა ლექსიკურ მარაგსაც გაამდიდრებს და ტექსტის აღქმასაც გააადვილებს. წიგნში ჩავრთეთ ამონარიდები აკაკი ბაქრაძის დღიურებიდან და ჩანაწერებიდან.
დასასრულ არც იმას დავმალავთ, რომ იმედი გვაქვს, ამ წიგნის გამოსვლამ ეგების ბიძგი მისცეს მშობლიური ლიტერატურის ახლებურ გააზრებასა და სასწავლო პროგრამების შესაბამისად შედგენასაც. მართალია, სიტყვებს „სკოლა“ და „სქოლასტიკა“ ერთი ძირი აქვთ, მაგრამ სწავლების სქოლასტიკური სისტემა უნდა დაიძლიოს – შეიცვალოს ისეთი სისტემით, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობას თავისუფალი