ადამიანურ ურთიერთობათა პოეზია
ნუთუ ადამიანურ ურთიერთობებსაც ახასიათებს თავისი პოეზია?
რევაზ თვარაძეს სწამდა ამ პოეზიის არსებობა, ეძიებდა მის გამოვლინებებს ყოფით ცხოვრებაში და მეტიც, თვითონაც ყოველთვის აღვივებდა და განამტკიცებდა.
საცნაური გახლდათ ეს განცდა და განწყობილება მასთან ურთიერთობისას.
ლიტერატურულ ფორმულადაც ჩამოეყალიბებინა, რათა ახალგაზრდებისათვის იმთავითვე გადაეხსნა ამ პოეზიის სიღრმეც, მადლიც, სილამაზეც. და დაედასტურებინა, რომ პოეზიის ეს ნაირსახეობაც ისეთივე აუცილებელი და შეუცვლელია, როგორც სხვა ნაირსახეობანი.
ერთი ასეთი „პოეტური საღამო“ შეეძლო ეჩუქებინა თუნდ გია მურღულიასთვისაც – სუფრას უსხდა რამდენიმე კაცი და ამ ყველაზე ახალგაზრდა სტუმრისათვის ეს ორიოდ საათი აღმოჩნდებოდა ღრმააზროვან წიგნთა წაკითხვის ტოლფასი და ისეთი დაუვიწყარი, ყველას რომ უსურვებდა ასეთი მცირე სერობების რაც შეიძლება ხშირად განცდას.
და ძალდაუტანებლად წამოუტივტივდებოდა „ვეფხისტყაოსნის“ სტრიქონები, რომლებიც სხვებთან ერთად გამორჩეულად უყვარს, აი, ის პასაჟი, ავთანდილი ფათერაკიანი თავგადასავლის შემდგომ – მისთვის უძვირფასესი ქალის სახიფათო დავალებას პირნათლად რომ შეასრულებს – სამეფო დარბაზში რომ შეაბიჯებს, სადაც ტახტზე თინათინი ზის. იქ კიდევ უამრავი ადამიანია? ავთანდილი და თინათინი ამას არ დაგიდევენ და მარტოდენ ერთმანეთს ხედავენ და განიცდიან, ამ განცდის გამოსახატავად კი რუსთველი უმშვენიერეს სიტყვებს მიაგნებდა: პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა ზესა, სახლ-საყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესაო!
გია მურღულია კი აღტაცებას ამ სტრიქონებით გამოთქვამდა:
– ეს უზარმაზარი სამეფო დარბაზი ვერ იტევს შეყვარებულთა ერთმანეთის ნახვით გამოწვეულ სიხარულს და მთელი სამყარო ამ დარბაზად გადაიქცა, რომ ამაღელვებელი და ამაღლებული გრძნობის სისავსისათვის გაეძლო. ცა რომ გადარბაზდება, ესაა სწორედ ჭეშმარიტი ადამიანური ჰარმონია.
უშუალო საბაბი ამ ჩანაწერის შექმნისა აღმოჩნდებოდა ქართული სუფრის აპოლოგეტობის სურვილი, დამტკიცება იმისა, რომ ჩვენი ნადიმი – თავისი სრულყოფილი სახით – სწორედ ის ადგილია, სადაც ჭეშმარიტი ადამიანური ჰარმონია მიუწვდომელი არ არის და შესაძლოა რუსთველურადაც მოგინდეს შესძახო: ცამცა გავიდარბაზეთაო, – მაგრამ მსჯელობაც და მოხდენილად ჩართული მემუარისტული სურათიც გასცდებოდა პირვანდელ ჩანაფიქრს და მეტ განზოგადებასაც შეიძენდა, რადგანაც პირადი ურთიერთობებიდან თავისთავად გადაიზრდებოდა მოქალაქეობრივ და სახელმწიფოებრივ განზომილებაში, რადგანაც ნამდვილი სახელმწიფოს შვილად შეგრძნების გარეშე ადამიანისათვის ყოვლად წარმოუდგენელია, რომ სრულფასოვანი იყოს ის წამიერი განცდანი: ცამცა გავიდარბაზეთაო.
საბაბი კი უამრავი გამოუჩნდებოდა გია მურღულიას ჩანაწერთა მთელი ციკლის შესაქმნელად, ციკლისა, თითქოს შემთხვევით რომ დაიბადებოდა, მაგრამ მისი შექმნაც ის კანონზომიერება გახლავთ, სადამდეც ადამიანი ადრე თუ გვიან მაინც მიდის – მისთვის ძალზე ბუნებითსა და მშობლიურთან, სწორედ მისი ხელით გამოსაძერწთან, მანამდე ქვეშეცნეულად რომ თვლემდა მის არსებაში და რაღაც ისეთ გამაღიზიანებელს ელოდა, მთელი გზნებით რომ ამოფრქვეულიყო.
თუ რაიმე ხიბლავს გია მურღულიას, მათ შორის აუცილებლად ადამიანურ ურთიერთობათა პოეზიაც, რომლის ყადრიც თუ ვინმეს მოეხსენება, მასაც უსათუოდ, და ახალგაზრდებთან ურთიერთობისასაც პოეტურ სულისკვეთებას გაიხდიდა მეგზურად, რათა დიდაქტიკა სადღაც მიჩქმალულიყო და წინ კი წამოწეულიყო ის მიმზიდველი სამოსელი, თავისთავად და ხალისით რომ გაიყოლებდა ყმაწვილებს სიღრმესა და სიღრმეში.
სიბრძნე და გონიერება, აბა, სილამაზისა და სიხალისის გარეშე?
გია მურღულია მეცნიერული ძიებებისა და ესთეტიკურ-კრიტიკული ანალიზის დროსაც ყოველთვის ინარჩუნებდა პოეტურ მუხტს, რაც ასე საცნაური გახლდათ მისი ნაწერების კითხვისას, პოეტური სულით ანთებული დაიარებოდა და სულაც არ იყო აუცილებელი, მაინცდამაინც ლირიკული დღიურიც შეექმნა, ლექსების ის სერია, მეცნიერში მთვლემარე ლირიკოსს ზედაპირზე რომ ამოზიდავდა და ქართული პოეტური მდინარების მონაწილედ აქცევდა.
და კიდევ სად უნდა გამჟღავნებულიყო მისი პოეტური სული, თუ არა ჩანაწერთა იმ წყებაში, რომელსაც ჯერ თავის მოწაფეთა, შემდგომ კი უკვე მთელი ახალგაზრდობის შესამეცნებლად მოიმარჯვებდა და საერთო სახელწოდებასაც შესაფერისს შეურჩევდა – „საუბრები უფროს კლასელებთან“.
უშუალო საბაბი ამ ჩანაწერების შექმნისა, უმეტესობა მცირე ესეებადაც რომ წარმოგვიდგება, გაკვეთილებზე წამოჭრილი თემები აღმოჩნდებოდა – ყმაწვილებს რაც აღელვებდათ და აინტერესებდათ, რის პასუხსაც ეძიებდნენ, რისი ნიუანსების გარკვევაც ეწადათ... და გია მურღულიას ერუდიციისა და ორატორული უნარის კაცი ამ თემებზე ააგებდა მრავალმხრივ საგულისხმო იმპროვიზაციებს, რომლის წარმმართველიც იქნებოდა ფიქრის გაზიარებს სურვილი, გადმოცემის ისეთი მანერა, რაც შეიძლება მისანდობი რომ ყოფილიყო ახალგაზრდებისათვის, რათა მარტოდენ მსმენელებად კი არ დარჩენილიყვნენ, არამედ აჰყოლოდნენ მსჯელობის დინამიკას და ცხოველი მონაწილეობაც მიეღოთ ფიქრის გაგრძელებასა თუ საკმაოდ მწვავე დისკუსიაში.
თავი ეგრძნოთ არა პატარებად, არამედ მსჯელობის სწორედაც სრულფასოვან მონაწილეებად.
რა კარგია, რომ ეს მნიშვნელოვანი განსჯანი ერთსა თუ ორ წრეში არ ჩაიკეტებოდა და ლიტერატურულ ქარგაში მოექცეოდა გულმოდგინე გადარჩევის შემდგომ, რათა უკეთეს ნიმუშებს მოეყარა თავი ჩვენს წარსულსა თუ თანამედროვეობაზე, მწერლობაზე, ხელოვნებაზე, მეცნიერებაზე, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოვლენებზე, საგანმანათლებლო სისტემაზე.
ეს ყოველივე კი გაიაზრებოდა ზნეობის