ადრეული შუა საუკუნეების ინგლისური ლიტერატურა მოიცავს პერიოდს V საუკუნიდან XIII საუკუნის ჩათვლით. V საუკუნიდან XI საუკუნემდე პერიოდი ინგლისური ლიტერატურის განვითარების უძველეს ეტაპს წარმოადგენს. მისი დასაწყისი უკავშირდება ბრიტანეთის ტერიტორიაზე გერმანული ტომების - ანგლო-საქსებისა და იუტების შეჭრას V საუკუნის შუა წლებში. ინგლისური ლიტერატურის ისტორიის პირველი პერიოდის დასასრული თარიღდება 1066 წლით, როცა მოხდა ჰასტინგსის ბრძოლა, რომელიც ბრიტანეთის კუნძულების ნორმანების მიერ დაპყრობით დამთავრდა (ნორმანები დღევანდელი საფრანგეთის ჩრდილოეთში მცხოვრები გერმანული ტომები იყვნენ).
საუკუნიდან XI საუკუნემდე განვლილი ექვსი საუკუნის მანძილზე შეიქმნა ჩვენამდე მოღწეული ლიტერატურული ძეგლების ყველაზე ადრეული ნიმუშები. ისინი დაწერილია ანგლო-საქსურ ენაზე, რომლის საფუძველზეც შემდეგში განვითარდა ინგლისური ენა.
ანგლო-საქსების მოსვლამდე ბრიტანეთში რამდენჯერმე მოხდა სხვადასხვა ტომების მიგრაცია კონტინენტური ევროპიდან. არსებობს ჰიპოთეტური მოსაზრება, რომ ბრიტანეთის კუნძულების პირველი მცხოვრებლები იყვნენ ძველი იბერიელები, რომლებიც ბრიტანეთში ხმელთაშუაზღვისპირეთიდან მოვიდნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში ბრიტანეთში კელტები დასახლდნენ. სწორედ კელტები ითვლებიან, ჰიპოთეტურად, იბერიელთა ჩამომავლებად. კელტების კავშირი იბერიელებთან იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ ისინი კუნძულზე მათზე ადრე მოსულ იბერიელებს შეერივნენ - სრულიად დასაშვებია, ვივარაუდოთ, რომ ბრიტანეთში დასახლებულ კელტებს იქ მათზე ადრე მოსული იბერიელები დახვდნენ და დროთა განმავლობაში მოხდა იბერიელების კელტებთან ასიმილირება. ალბათ არც ის არის შემთხვევითი, რომ ირლანდიის კუნძულის ლათინური სახელწოდება ჰიბერნია იყო. სწორედ შოტლანდიელები, ირლანდიელები და უელსელები არიან კელტური წარმოშობის ხალხები ბრიტანეთში. ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში ბრიტანეთი რომაელებმა დაიპყრეს. რომის იმპერიის ბატონობა V საუკუნემდე გაგრძელდა, როცა კუნძულზე ანგლო-საქსები შემოიჭრნენ. ანგლო-საქსებმა კელტები კუნძულის დასავლეთი და ჩრდილო- დასავლეთი ნაწილებისაკენ განდევნეს და ბრიტანეთის სამხრეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებს დაეპატრონენ. მათ ბრიტანეთის კუნძულებზე მოიტანეს თავიანთი ენა, კულტურა და ყოფა, რომელთა შემდგომი განვითარება გვაროვნული წყობილების რღვევისა და ფეოდალიზმის ჩამოყალიბება-დამკვიდრების პირობებში მიმდინარეობდა.
ანგლებმა, საქსებმა და იუტებმა შექმნეს შვიდი სამეფო - კენტი, სასექსი, ესექსი, უესექსი, ისტ-ანგლია, ნორთუმბრია და მერსია, რომელთაგან თითოეული ცდილობდა გაბატონებულიყო დანარჩენებზე. ქვეყნის ერთიანობის განმტკიცებას ხელი შეუწყო ხელისუფლების ცენტრალიზაციის პროცესმა და VI საუკუნეში დაწყებულმა გაქრისტიანებამ, რომელიც X საუკუნემდე გაგრძელდა.
ანგლო-საქსებსა და კელტებს მტრული და უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ბრიტანეთის შემდგომი ისტორიის მანძილზე ამ ხალხებისა და მათი კულტურების ურთიერთობის კიდევ უფრო რთული ფორმები გამოიკვეთა.
კელტური თქმულებები დაედო საფუძვლად შუა საუკუნეების სარაინდო რომანებს მეფე არტურსა და მრგვალი მაგიდის რაინდებზე.
შემორჩენილია ანგლო-საქსების რუნული დამწერლობის ძეგლები, აგრეთვე ცნობილია, რომ არსებობდა სარიტუალო სიმღერები, ანუ სიმღერები, რომლებიც სრულდებოდა საქორწინო და დაკრძალვის ცერემონიებზე, შრომის დროს, სამხედრო ლაშქრობებისას. ეს თქმულებები, ლეგენდები და სიმღერები გვარიდან გვარს გადაეცემოდა. მათ მომღერლები ასრულებდნენ. ერთმანეთისაგან განასხვავებდნენ პოეტ-მომღერლებს - სკოპებს და მომღერალ-შემსრულებლებს - გლიმენებს. სკოპები საკუთარ ნაწარმოებებს ასრულებდნენ, ხოლო გლიმენები სხვების მიერ შექმნილ სიმღერებს მღეროდნენ. სკოპები და გლიმენები საზოგადოების დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ.
წარმართი ქურუმები კრძალავდნენ პოეტური ნაწარმოებების ჩაწერას. მათი ჩაწერა დაიწყეს სწავლულმა ბერებმა ქრისტიანობის შემოღების შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველაფერი არც მათ ჩაუწერიათ. ამავე დროს, წარმართული პერიოდის ნაწარმოებები განიცდიდნენ ქრისტიანიზაციას - ცვლილება-გადაკეთებებს ქრისტიანული რელიგიის პოზიციიდან.
შემორჩენილი ძეგლების დათარიღება მნიშვნელოვან სირთულეებთანაა დაკავშირებული. ბევრი ნაწარმოების შექმნის ზუსტი თარიღი არც არის დადგენილი. ამა თუ იმ ძეგლის შექმნის, მისი ჩაწერისა და შემორჩენილი რედაქციის (ვარიანტის) დრო ყოველთვის როდი ემთხვევა. ძეგლის შექმნასა და მის შემორჩენილ რედაქციას რამდენიმე საუკუნეც კი შეიძლება აშორებდეს.
ანგლო-საქსური პოეზიის ჩვენამდე მოღწეული ძეგლებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია პოემა "ბეოვულფი" (Beowulf). "ბეოვულფი" დაახლოებით VIII საუკუნეში შეიქმნა, ჩვენამდე კი X საუკუნის ჩანაწერებით მოაღწია. პოემის ხელნაწერი ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.
"ბეოვულფი" შუა საუკუნეების საგმირო ეპოსის ნიმუშია. პოემას საფუძვლად დაედო წარმართული პერიოდის ძველი გერმანული თქმულებები, რომლებიც გერმანულ ტომებში ანგლო-საქსების ბრიტანეთში გადასახლებამდე დიდი ხნით ადრე აღმოცენდა. პოემის მოქმედება მიმდინარეობს ბალტიის ზღვის ნაპირებზე. პოემის სიუჟეტი ნასესხებია გერმანული მითოლოგიიდან. ბუნებრივია, რომ პოემაში ბრიტანეთი ნახსენებიც კი არ არის.