წინასიტყვაობა
სკოლის სწორ მართვას დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის წარმატებისათვის. თავის მხრივ, სკოლის და ზოგადი განათლების სფეროს წარმატება ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური, მორალური და კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესებას. რაც უფრო წარმატებული იქნება სკოლა, რაც უფრო მეტი მოსწავლე მიაღწევს მაღალ აკადემიურ შედეგებს და ჩამოყალიბდება ჰუმანურ და პოზიტიური უნარების მქონე პიროვნებად, მით უფრო მდიდარი საზოგადოება გვეყოლება სულიერი და სოციალური თვალსაზრისით.ამიტომ, სკოლის სწორი მართვის სისტემის ფორმირება, ჩემი აზრით, თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
ჩემი მიზანია, წინამდებარე ნაწარმოებში შემოგთავაზოთ სწორედ სკოლის მართვის კონცეფცია, რომელიც ეყრდნობა მართვის საყოველთაოდ აღიარებულ ცნებას, რომლის მიხედვითაც, მართვა არის დაგეგმვის, ორგანიზაციის, მოტივაციისა და კონტროლის, აგრეთვე, ორი შემაკავშირებელი ელემენტის-კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების ერთობლიობა.
მე იმ აზრს ვეთანხმები, რომ მეცნიერება ღია სისტემაა(არსებობს დახურული სისტემის თეორიაც). ეს იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მეცნიერების განვითარება უსასრულოა, არასდროს არ მთავრდება, მით უმეტეს, ეს ეხება სკოლის მართვის მეცნიერებას, რომელიც ეს-ესაა ყალიბდება. ამიტომ,იმედი მაქვს, რომ მომავალში კვლევები ამ მიმართულებით გააქტიურდება და შეიქმნება მდიდარი თეორიული რესურსები სკოლის მართვის მეცნიერებაში, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლის მართვის პრაქტიკას.
პირველი ნაბიჯები სკოლის მართვის მეცნიერების შექმნის გზაზე გამოიხატა სკოლის სტრატეგიული დაგეგმვის სისტემების შექმნით, როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში, რაც სკოლის მართვის უმთავრესი ნაწილია, თუმცა, თუ სკოლის მართვა მარტოოდენ სკოლის სტრატეგიული დაგეგმვით შემოიფარგლება, ასეთ შემთხვევაში, სკოლის მართვის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მივაღწევთ, ვინაიდან სკოლის მართვა მოიცავს, აგრეთვე, ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორებიცაა ორგანიზაცია, მოტივაცია, გადაწყვეტილების მიღება, კომუნიკაცია,ლიდერობა და სხვა.
თანამედროვე სკოლის მართვის ჩემმა შვიდწლიანმა პრაქტიკამ მრავალი ნაკლოვანება დამანახა, რომლებიც მნიშვნელოვნად აფერხებენ სკოლის წარმატებას. მათ შორის უმთავრესია:
მისიის არარეალისტურობა;
არასრულყოფილი შრომის სპეციალიზაცია;
პერსონალის მოტივაციის უქონლობა;
არაეფექტური ორგანიზაცია (ორგანიზაციული სტრუქტურა და უფლებამოსილებანი);
კომუნიკაციის გაუმართავი სისტემა;
არასწორი ლიდერობა;
კონფლიქტები და სტრესები და სხვა.
ჩემი მიზანია სწორედ აღნიშნულ საკითხებზე გარკვეული მოსაზრებების გამოთქმა, აგრეთვე მკითხველისთვის მართვის მეცნიერებაში ცნობილი თეორიების გაცნობა.
წინამდებარე ნაწარმოებში ჩემი უმთავრესი ამოცანა იყო:
1. სტრატეგიული გეგმის აყვანა მართვის კონცეფციამდე;
2. მისიის რეალისტური ფორმულირება;
3. შრომის სპეციალიზაცია სასწავლო მიზნების მიმართულებით;
4. ეფექტური გაკვეთილის ფაქტორების კლასიფიკაცია იმანენტურ და გარე ფაქტორებად
5. მასწავლებლებისა და პერსონალის მოტივაციის კონცეფციის შემუშავების ცდა.
ვფიქრობ, სწორედ ამ ხუთი უმთავრესი მიმართულებით კვლევების გააქტიურება მიგვიყვანს სკოლის მართვის ეფექტურობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებამდე.