ჰაგიოგრაფიის პოეზია და პროზა
გრივერ ფარულავას წიგნი „მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქართულ პროზაში“ (თბილისი, 1982) ჰაგიოგრაფიული მწერლობის პრობლემებს ეძღვნება. ნაშრომის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების ჟანრობრივი თავისებურების გარკვევა. ავტორი ეკამათება ისტორიკოს მარიამ ლორთქიფანიძეს, რომელიც ქართულ ჰაგიოგრაფიას „განსაზღვრავს, როგორც საისტორიო მწერლობას“. გრივერ ფარულავას აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ჰაგიოგრაფიული მწერლობა ისტორიკოსისთვის ძვირფას მასალას შეიცავს, იგი მაინც არ არის საისტორიო მწერლობა, რადგან „ის, რაც ქართულ ჰაგიოგრაფიას საისტორიო წყაროს მნიშვნელობას ანიჭებს“, ვერ ჩაითვლება „ამ მწერლობის სპეციფიკად, უპირველეს ფუნქციად, მისი ბუნების ძირითად თვისებად“. საისტორიო თხზულების ავტორისათვის ძირითადია საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მოვლენათა ასახვა, ხოლო ჰაგიოგრაფისთვის – წმინდანად შერაცხილი ადამიანის მოღვაწეობის წარმოჩენა: იგი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ამსახველ ფაქტებს მხოლოდ იმდენად მიმართავს, რამდენადაც ეს ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო.
გარდა ამისა, მკვლევრის სიტყვით, ჰაგიოგრაფი მწერლები, ისტორიკოსთაგან განსხვავებით, „საგნობრივი ცხოველმყოფელობით აღმართავენ ჩვენს წარმოდგენაში იმას, რაზეც მოგვითხრობენ“. სწორედ ამ მიზნით შემოდის ჰაგიოგრაფიაში ემოციური ნაკადი. წიგნში მოხმობილი და გაანალიზებულია სინამდვილის ხატოვანი ასახვის თუ ხილვის მრავალი ნიმუში ჰაგიოგრაფიიდან. ვნახოთ ერთი მათგანი სტეფანე მტბევარის თხულებიდან „წამებაი წმიდისა მოწამისა გობრონისი“, სადაც არაბთა სარდლის, აბულ-კასიმის შემოსევაა აღწერილი:
არაბები „მოვიდეს და მოადგეს ციხესა მას ყუელისასა, გარე შეადგეს კარვები იგი მათი, ვითარცა თოვლი, რომელნი ხუთისა სოფლისა საზღვართა და-ოდენ-ეტინეს იწროებითა. და საბელნი იგი კარვებისა მათისანი განეთხზნა ურთიერთას, რამეთუ ესე იყო ჩუეულებაი დადგრომისა მათისაი, ნათესავთა მათ საძაგელთა უღმრთოთაი, ფიცხლად მოისართაი, რომელნი შჭამდეს ძაღლთა, თაგუსა, კატასა და ყოველსა არა-წმიდასა. და ესრეთ განემზადნეს ბრძოლად ფილეკავნებითა მრავლითა, და სიმრავლეი ტყორცებულთა მათ ისართაი შეიპყრობდა ჰაერსა მზისასა, რომელსა აქუნდა ასეული ტვირთი აქლემისაი ისარი ოდენ და ეგრეთვე ჰოროლი. და ბრძოლასა მას ფიცხელსა მხნე იქმნნეს ციხოვანნი იგი და დახოცდეს მბრძოლთა მათ და დაჰყრიდეს ხორცთა მათთა, ვითარცა სკორესა ქუეყანასა. [...] და ოდესმე გამოეტევნიან სიმრავლენი იგი მზღვარსა არტაონისასა და რომელნი პოვნიან თავისა მკრებელნი და მსხუერტელნი ყანობირისა მათისანი, რომელნი შიმშილისაგან შიშსა სიკუდილისასა შეურაცხ-ჰყოფდეს, შეკრიბნიან მახლობელად ციხესა მას, ვითარცა ცხოვარნი საჩუენებელად მათა, და დაჭრნიან ხორცნი მათნი. და სისხლი იგი უბრალოი, ვითარცა მსხუერპლი სულნელი, შეიწირვოდეს ღმრთისა [...]. ურიცხუნი იგი ერნი მართლ-მადიდებელთანი აჭარას და შავშეთს შეწყუდეულ იყვნეს, რომელნი, ვითარცა მკალნი მოსჭამდეს ფურცელსა ხეთასა და მწუანვილოვანსა ქუეყანისასა“.
უდავოა დიდი ემოციური ძალა ამ პასაჟისა. ისიც უდავოა, რომ ეს არ არის საისტორიო მწერლობის სტილი, ეს ხატოვანი აღწერაა მოვლენისა მხატვრული გამოსახვის საშუალებათა – შედარებათა და ჰიპერბოლათა – გამოყენებით. ავტორი სრულიად სამართლიანად აღნიშნავს, რომ „სტეფანე მტბევარი კი არ მოგვითხრობს ქართველებისა და არაბების ბრძოლის შესახებ, არამედ ჩვენ თვალწინ გაატარებს სურათს ომისა. ეს სურათი უშუალოდ აცოცხლებს მოძრაობას, ჟესტს, გარეგნულ და შინაგან სულიერ მოქმედებათა ხატს“. ოღონდ საეჭვო ჩანს მკველვრის ეს განცხადება: „ადვილია იმის შემჩნევა, რომ წარმოსახულ სიტუაციაში ემპირიული სინამდვილის ნორმები და საზღვრები დარღვეულია („გარე შეადგეს კარვები იგი მათი, ვითარცა თოვლი“; „სიმრავლეი ტყორცებულთა მათ ისართაი შეიპყრობდა ჰაერსა მზისასა“; „ვითარცა მკალნი მოსჭამდეს ფურცელსა ხეთასა და მწუანვილოვანსა ქუეყანისასა“, და კიდევ სხვა)“.
სხვა ადგილზე ვკითხულობთ: „მწერალი სცილდება შექმნილი მდგომარეობის საგნობრივ სიმართლეს და ფანტაზიას მიმართავს, როცა ამბობს: „გარე შეადგეს კარვები იგი მათი, ვითარცა თოვლი...“. წმინდა წარმოსახვის ნაყოფია ასეთი ხატიც: „სიმრავლეი ტყორცებულთა მათ ისართაი შეიპყრობდა ჰაერსა მზისასა...“.
ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში ემპირიული სინამდვილის ნორმებისა და საზღვრების დარღვევასა და „საგნობრივ სიმართლესთან“ დაცილებაზე ლაპარაკი გამართლებული არ არის. შედარებები რატომ უნდა არღვევდეს ემპირიული სინამდვილის ნორმებს და საზღვრებს? პირიქით, ისინი ემპირიული სინამდვილის უფრო ცხადად წარმოჩენას ემსახურება. ამას გრივერ ფარულავაც აღნიშნავს: „უშუალოდ და საგნობრივად ვხედავთ მოქმედებებს, სხეულებს, მოვლენებს“-ო. მაგრამ რატომღაც ფიქრობს, რომ „მწერალი ამას აღწევს საგნის ფაქტობრივი რეალობის დარღვევით“.
„საგნის ფაქტობრივი რეალობის დარღვევა“ და „საგნობრივ სიმართლესთან“ დაცილება აქ არ ხდება. ასეთი მეტყველება იმით განსხვავდება მეცნიერული აღწერისაგან (რაც ისტორიულ მწერლობას მოეთხოვება), რომ ამ დროს თხზულებაში იჭრება ემოციური ნაკადი, წინა პლანზე გამოდის მთხრობელის დამოკიდებულება მონათხრობისადმი; ასეთ დროს არა მარტო „ვხედავთ“ მოვლენას, არამედ განვიცდით კიდევაც მას. ამას მწერალი ახერხებს მის მიერ ასახულ მოვლენებთან ჩვენთვის ნაცნობი მოვლენების მახვილგონივრული მისადაგებით („ვითარცა თოვლი“, „ვითარცა ცხოვარნი“, „ვითარცა მკალნი“). რაც შეეხება ჰიპერბოლას („სიმრავლეი ტყორცებულთა მათ ისართაი შეიპყრობდა ჰაერსა მზისასა“), ვფიქრობთ, არც აქ დშეიძლება ლაპარაკი „საგნობრივ სიმართლესთან“ დაცილებაზე, რადგან შეუძლებელია ეს ნათქვამი მკითხველმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგოს, თუნდაც დროებით (ანუ ცოტა ხანს მაინც ეგონოს,