1. ქვის ხანა საქართველოში - ბრინჯაოს ხანა საქართველოში
ქვის ხანა. კაცობრიობის ისტორიაში უძველეს და ყველაზე ხანგრძლივ პერიოდს მეცნიერებმა "ქვის ხანა" უწოდეს, რადგან ამ პერიოდში ადამიანი იარაღს ძირითადად ქვისგან ამზადებდა. ქვის ხანას ისტორიკოსები სამ პერიოდად - პალეოლითად (ძველი ქვის ხანად), მეზოლითად (შუა ქვის ხანად) და ნეოლითად (ახალი ქვის ხანად) ყოფენ
პალეოლითი დაახლოებით 2,5 მლნ. წლის წინ დაიწყო და ძვ. წ. XII ათასწლეულამდე გაგრძელდა. ის, თავის მხრივ, ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად იყოფა. პალეოლითის დროის ადამიანი გამოქვაბულში ცხოვრობდა. მის საქმიანობაში დიდი ადგილი ეჭირა ქვის იარაღის დამზადებას, რადგან იგი საკვების მოპოვებისა და თავდაცვის ძირითადი საშუალება იყო, თუმცა იარაღი ძვლისა და ხისგანაც მზადდებოდა. პირველყოფილი ადამიანი საკვებს შემგროვებლობითა და ნადირობით მოიპოვებდა; გარდა ამისა, მეთევზეობასაც მისდევდა. ზედა პალეოლითის პერიოდში დედამიწაზე დიდი კლიმატური ცვლილება, გამყინვარება მოხდა. გამყინვარებამ ადამიანები აიძულა, მაღალმთიან ხეობებში გამოქვაბულები დაეტოვებინათ და თავშესაფარი დაბლობ ადგილებში ეძებნათ, სადაც საკვების მოპოვება შედარებით იოლი იყო.
საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე, როგორც საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში, პალეოლითი უძველესი და ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი იყო (დმანისში აღმოჩენილია ადამიანის ჩონჩხის ნაწილები - თავის ქალები, კიდურების ფრაგმენტები. ვარაუდობენ, რომ ისინი დაახლოებით 1,8 მლნ. წლის წინ მცხოვრებ ადამიანებს ეკუთვნოდა).
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ზედა პალეოლითური ძეგლები ძირითადად ზღვისპირა ზოლში, ენგურის ხეობასა და რიონ-ყვირილის აუზშია თავმოყრილი.
ძვ. წ. XII ათასწლეულში პალეოლითი მეზოლითმა შეცვალა. მეზოლითის ხანაში გამყინვარება დასრულდა და დედამიწაზე თანამედროვესთან მიახლოებული კლიმატური პირობები ჩამოყალიბდა. ამ პერიოდის სადგომები ნაპოვნია როგორც მდინარეთა ხეობებში, სადაც ადამიანი უზრუნველყოფილი იყო წყლითა და თევზით, ისე მაღალმთიან გამოქვაბულებში.
ძვ. წ. VIII ათასწლეულში დაიწყო ნეოლითი. საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები სწორედ ნეოლითში მოხდა. დროთა განმავლობაში ადამიანმა ქვის უკეთ დამუშავება ისწავლა და მისგან უფრო სრულყოფილი იარაღი (ხელცულები, მიწის საჩიჩქნი ქვები, კაჟის ნამგლისპირები და სხვ.) დაამზადა; დაიწყო ცხოველების (ძაღლის, ღორის, ცხვრის...) მოშინაურება, ისწავლა მიწათმოქმედება, თიხისგან ჭურჭლის დამზადება - მეთუნეობა, ძაფის დართვა და ქსოვა, შემდეგ კი - სახლების შენებაც. მონადირე-შემგროვებელი საზოგადოება თანდათან მესაქონლე-მიწათმოქმედ, მწარმოებელ საზოგადოებად გადაიქცა, ანუ ადამიანი საკვებს არა მხოლოდ ნადირობით, თევზჭერით ან შეგროვებით მოიპოვებდა, არამედ აწარმოებდა კიდეც მას - მიწის დამუშავების შედეგად მოჰყავდა, მოშინაურებული ცხოველებისგან ღებულობდა (რძეს, რძის პროდუქტს, ხორცს და ა. შ.). საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითური სამოსახლოები აღმოჩენილია ხუცუბანში, ანასეულში, გურიანთაში, თეთრამიწაში, ზემო ალვანთან, კისტრიკში.
ბრინჯაოს ხანა. ნეოლითის მომდევნო ხანას მეცნიერებმა ბრინჯაოს ხანა უწოდეს. ამ პერიოდში ადამიანმა ბუნებაში პირველი ლითონი - სპილენძი აღმოაჩინა, სპილენძთან სხვა ნივთიერებების შედნობით ბრინჯაო მიიღო, შემდეგ კი მისგან ქვის იარაღზე უფრო სრულყოფილი იარაღი დაამზადა. საქართველოს ტერიტორიაზე მრავალ ადგილას, მათ შორის არუხლოში, შულავერში, წოფში და სხვაგან აღმოჩენილია ძვ. წ. V-IV ათასწლეულების ნამოსახლარები. ეს არის ხანა, როდესაც ადამიანმა, ქვასთან ერთად, თვითნაბადი სპილენძის გამოყენება დაიწყო, თუმცა სპილენძს ცივი ჭედვით ამუშავებდა, რადგან ლითონის გამოდნობა ჯერ არ იცოდა. ამიტომ მეცნიერები ამ პერიოდს ქვის ხანიდან ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალ პერიოდად მიიჩნევენ და მას ენეოლითს (სპილენძ-ქვის ხანას) უწოდებენ. ენეოლითური სოფელი შულავერი შემაღლებულ ადგილას მდებარეობდა. აქაურები მრგვალი ფორმის სახლებში ცხოვრობდნენ, რომლებსაც გამოუწვავი თიხის აგურით - ალიზით აგებდნენ და გუმბათოვან გადახურვას უკეთებდნენ. სახლების გვერდით 2-3 მეტრი დიამეტრის დამხმარე ნაგებობები და სამეურნეო ორმოები ჰქონდათ წყლისა და პროდუქტების შესანახად. ყველა სახლში თიხის ოვალური კერია იყო მოწყობილი.
ძვ. წ.IV-III ათასწლეულების მიჯნაზე უკვე ბრინჯაოს ხანა დაიწყო. ადრეული ბრინჯაოს ხანის დასახლებები სამხრეთ კავკასიაში მტკვრისა და არაქსის აუზშია აღმოჩენილი და ამიტომ ამ დროის კულტურას მეცნიერები მტკვარ-არაქსის კულტურას უწოდებენ. ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში, რომელსაც მეცნიერები შუა ბრინჯაოს ხანას უწოდებენ, საქართველოს ტერიტორიაზე ყორღანული სამარხები გავრცელდა, რომლებსაც ქვაყრილით ფარავდნენ. არქეოლოგებმა ყორღანები პირველად სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე, თრიალეთში აღმოაჩინეს. ამ კულტურას თრიალეთის კულტურად მოიხსენიებენ.