სიყვარულის ახსნა -
დიანა ანფიმიადი გამარჯობა, მე დიანა ვარ და მე უსინათლო ვარ, მხედველობა თანდათან სულ უფრო და უფრო დავკარგე, ახლა სკოლაში დავდივარ და ბრაილით ვკითხულობ, სამაგიეროდ, მხოლოდ მე შემიძლია შენი საყვარელი მელოდია გონებაში სულ სხვადასხვაფრად დავშალო და ავაბრჭყვიალო, სულ სხვადასხვაგვარ ბგერებად.
გამარჯობა, მე დიანა ვარ და სკოლაში სიარული ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ასტრონომია, ჭერზე ვარსკვლავეთის რუკა გამიკრეს და ძალიან ბედნიერი ვარ...
გამარჯობა, მე დიანა ვარ და ჩემი ხერხემალი უფრო სუსტია, ვიდრე სხვა ბავშვების. წარმოიდგინე, პლასტელინისგან გამოძერწილ ფიგურას საყრდენი არ გაუკეთო, ისე დატოვო. მეც ასეთი, სუსტი ხერხემალი მაქვს.
გამარჯობა, მე დიანა ვარ და ცეკვა მიყვარს ძალიან, იცი რა არის პა? მისი საშუალებით ცეკვას თანდათან სწავლობ, ისევე როგორც ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულს.
გამარჯობა, მე დიანა ვარ და მე აუტისტური სპექტრის აშლილობა მაქვს. ჰო, საკუთარ თავში, როგორც კალეიდოსკოპში უამრავ ფორმას და ფერს ვპოულობ, იშვიათად გიყურებ, მაგრამ ყოველთვის ძალიან მიხარია შენი თვალების ვარსკვლავების დაკრეფა.
გამარჯობა, მე დიანა ვარ, წერა ცოტა მიჭირს, კითხვა – არც ისე, სამაგიეროდ, სიმღერა – საერთოდ არ მიძნელდება, პირიქით.
გამარჯობა, მე დიანა ვარ და დაუნის სინდრომი მაქვს, ყველაზე ლამაზი ღიმილი მაქვს და ყველაზე ლამაზი სიყვარული შემიძლია.
გამარჯობა, მე დიანა ვარ და ლექსებს ვწერ, ძალიან მინდა ერთი მაინც წაიკითხო და მითხრა, მოგეწონა თუ არა.
გამარჯობა, მე დიანა ვარ და ჩემი ფეხები ისე სუსტია, სხეულს ვერ იმაგრებენ, ამიტომაც სულ ეტლში ვზივარ. მე სუსტი ფეხები მაქვს, მაგრამ ძალიან ღონიერი ხელები და ფრთები.
გამარჯობა, მე დიანა ვარ და შენი ხმის ტკბილი მელოდია არ მესმის. როცა დავიბადე, უკვე არაფერი მესმოდა, ჩემი ყურები დაგმანულია, მაგრამ შენი ბაგის მოძრაობა, შენს ბაგეზე გამოსახული სიტყვები, შენი მრავალფეროვანი ჟესტიკულაცია და ანთებული თვალები ყველაზე მეტად მაბედნიერებს.
გამარჯობა, მე დიანა ვარ და ფერების ისე შეზავება შემიძლია, როგორც არავის, შენ იცოდი, რომ ორი ფერისგან მესამე მიიღება?
გამარჯობა, მე დიანა ვარ, თუმცა ვერასდროს გამოგიწვდი ხელს, იმის გამო რომ კიდურების ატროფია მაქვს, მე შემიძლია შემოგხედო და გაგიღიმო ისე, როგორც ვერავინ გაგიღიმებს.
გამარჯობა, მე დიანა ვარ და ხან ცოტას, ხან კი საერთოდ არ ვლაპარაკობ, ზოგი ამბობს, რომ დარღვევა მაქვს, ზოგი კი, რომ უბრალოდ საუბარი არ მინდა. მე კი, სიმართლე გითხრა? ძალიან მეშინია.
გამარჯობა, მე დიანა ვარ, მე შენ მიყვარხარ.
* * *
პოსტი ფეისბუქიდან:
„ბავშვებო, მინდა მოგიყვეთ რა ხდება ამ ფოტოზე. ეს არის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების სკოლა, სადაც დამყავს ჩემი ანასტასია. ბორჯომის 10 ნომერში. სკოლას ერთი მხრიდან ესაზღვრება ტუბდისპანსერი, რომლის ეზოში მანქანით შესვლის უფლებას არ გვაძლევენ, არც პარკინგი გვაქვს გამოყოფილი და ამხელა ბავშვების ხელით ტარება გვიწევს. ეს კიდევ არაფერი, მე შოკში ჩამაგდო იმ ფაქტმა, რომ მეორე შემოსასვლელი (რომელიც კორპუსების მხრიდან არის) მოსახლეობამ დაადუღა იმ მიზეზით, რომ „არ შეუძლიათ ამ ბავშვების ყურება“. (თამარ ქალდანი)
* * *
გამარჯობა, მე დიანა ვარ, შენი შვილი, დედაშენი, მეზობელი, და, მასწავლებელი, კლასელი, უბნელი, ჯგუფელი, მეგობარი, გამვლელი, თანამოქალაქე.
არ დამიხურო, არ დამიდუღო კარი!
ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge