წინასიტყვაობა არსებობს ქალაქები და არსებობს ჯოჯოქალაქები. არსებობს სახელები და ამბები, სცენარი და ისტორია, სახეხატები – უამრავი, არქეტიპები, დამახსოვრებული კადრები, სიტყვათწყობები, კოსტიუმები, სხვადასხვა ფაქტურა, შიში და მოლოდინი, ღრენები და გაღიმებები, წინამდებარე წიგნში ერთმანეთს დაუსრულებლად რომ ენაცვლება – სწორედ ისე, როგორც ადამიანურ ცნობიერებაში.
არსებობს ადამიანური ცნობიერება – აღქმის, აზრებისა და გრძნობების ქონა, თუმცა ეს მხოლოდ მკვდარი სახელი თუ იქნებოდა იმისა, რაც ცოდნისა და ცოდნის წაბაძვის გრძელი დინასტიის ჯაჭვს მიღმაა – ჩვენში დროისა და სივრცის მიღმა, რაც უსქესო და უსახოა, უხმო და უწონადი, როგორც ჰაერში ასროლილი ფოთლები. ისინი ქრიან, მაგრამ ქვემოთ არ მოიწევენ; როგორც ძილი და სიზმარია – რაც მხოლოდ შორს შეგიძლია დაინახო, წინასწარ ან დაგვიანებით.
რადგან ყველაფერი, რაც იმწამისაა, სადავოა, ეჭვიანია, სანდო ან არასანდოა; საშიში ან მყუდროა, მომხიბლავია და შეიძლება ცრუ იყოს, როგორც ხაფანგი ან ბასრი და მჭრელი, როგორც სიმართლე, რომელიც ჯერ არ იცი ან დაგავიწყდა. არსებობს დღეები, რომლებიც უხასიათობის დღეებად გვაქვს დანიშნული. სიზმრებზე, ამ უჩვეულო გამოცხადებებზე კი კვლავ არაფერი ვიცით. მოსაწყენი ნარკვევები, რომლებიც უკვე მკვდარი ბიოლოგიზმების ან მეტად მკვდარი ფსიქოანალიზის მცდელობათა კალკულაციაა, მხოლოდ დასტურია იმისა, რომ ჯერ ისევ ვერაფერი გაგვირკვევია.
გვეგონა ყოფა მოვათვინიერეთ, მაგრამ რაც ყოფას გაუნაპირებია, ყვირის და ღრიალებს. ეს ჩვენ ვართ ჩვენში, ყოფა კი ნამდვილად არის მტკივნეული გადაადგილება. არსებობს ის, რაც კეთილსა და ბოროტს მიღმაა, ჩვენი ყველაზე ღრმა ბირთვი, რომელიც არაფერზე დათანხმებულა და ამის გამო სამუდამოდ გულმოკლულია. არ მინდოდა, რატომ დამმართეთ გაცნობიერება? არ მაინტერესებს, არ მითხოვია. ან თუ მითხოვია და არ მახსოვს – არ ჩაითვლება. არსებობს დაბადებასთან ონტოლოგიური უთანხმოება, რომელსაც პირზე ხელი ავაფარეთ და გავგუდეთ; და მას ურჩევნია სძულდეთ, ვიდრე ვერ ამჩნევდნენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ სიძულვილისთვის საკმარისი მიზეზი არსებობს – თუ ტვინის მუშაობა მუცლის ქვემოთ იმ ძაფების აშლაზეა მიბმული, რომელიც ყველაზე რთულად სამართავია. არსებობს ჩვენს შიგნით ფუნდამენტური უარყოფის ყველაზე ღრმა წერტილი, რომელიც ათასი დამცავი გარსის – ფიზიკური სხეულის ფარისა თუ ასხლეტის მენტალურ მცდელობათა მიუხედავად, პირველი იღებს დარტყმას; რასაც სტკივა თავდაპირველი უსამართლობა. ტკივილი კი ერთია ყოველთვის – ბავშვისთვის, რომელსაც თაფლივით ტკბილ ატმების ნაცვლად წყალწყალა სუპს დაუდგამენ თუ ზრდასრულისთვის, რომელიც სიკვდილის უსამართლო ხასიათისგან კიდევ ერთხელ გაოგნებული ვითომ ბუნებრივ, სინამდვილეში კი სრულიად არაჯანმრთელ ეტაპებს ხელახლა გაივლის. არსებობს საკუთარი არსებობით შეწუხება, მიწის დამძიმების დანაშაული, ჭამისა და ძილის გამო მობოდიშება და სასტიკი განაჩენის მოლოდინი – ყოფნისთვის.
კითხვას, რომელიც უსამართლობის ამ შეგრძნებას დაესმის, ცოდნის წაბაძვა ინფანტილურ ფაზას თუ დაარქმევს, მაგრამ ჩვენი ეს ნაწილი, რომელიც ზოგჯერ ყვირის და ღრიალებს, ზოგჯერ კი ასე ავისმომასწავებლად გაყუჩებულა, გაცილებით ახლოსაა დაუნაწევრებელ სინამდვილესთან, ვიდრე ისინი, ვინადაც ჩვენი ჩვენად ჩამოყალიბების ეტაპებზე ვიქეცით; სინამდვილესთან, რომელიც ჯერ ისევ ვერ გამოგვირკვევია. სინამდვილეა, რომ არსებობს ფერები, რომელთათვისაც სახელი კვლავ არ დაურქმევიათ, რადგან თითმტკივანი ბალღი არასდროს გაყუჩებულა და ეს ფერები საერთოდ ვერ შეუმჩნევიათ. მოდერნიზაციის მოკლე ისტორია სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა დახარისხების: დაურეგისტრირებლის დარეგისტრირების, არაკლასიფიცირებადის კლასიფიკაციის. მეორე სახელით, ესაა გაუსაქონლებელთა გასაქონლება აღრიცხვის, აღწერის, ათვისების და დაგროვების მიზნით, მაგრამ თუ პალიტრაზე ფერები არ ამოიცნობა, უსახელოებს სახელი არ ერქმევა და სხვა ბევრი პრობლემური დანარჩენიც ცოდნის სისტემებში ვერაფრით ეწერება, საერთოდ ნუ დავინახავთო, – თქვეს კაცებმა.
მაგრამ ეს ისტორია უკვე სულს ღაფავს და ტანჯვის, ტკივილისა და ღნავილისთვის არათუ ვერაფერი მოუხერხებია, არამედ უფრო ხმამაღლა აუღრიალებია. ვინ მოგვწყვიტა იმ ბალახებს, იმ ბუნებრივ ხალიჩებს, რომლებზეც უფრო დიდხანს ვწოლილვართ, ვიდრე ხელოვნური ხალიჩებია? თუ ადრე ღრიალებდა ადამიანი, უკვე ღრიალებს პლანეტა. თავიდან იბადება ბუნებისგან განუყოფლობის ახალი მტკიცებულება – კაციშვილის დაცემინება ერთია, სინამდვილის დაცემინება კი უკვე სტიქიაა. ამ სტიქიათა შუაგულში უნდა გვახსოვდეს, რომ ქალებმა ყოველთვის იცოდნენ: ჩვენთვის ართმეული მწიფე პანტა და მდინარის წვრილთევზეული უკვე იმ წამიდან მიეცათ სხვებს, როცა ახალფეხადგმულმა კაცისშვილებმა უკუღმა დაიწყეს სიარული. ამ უკუღმა სიარულში იმდენი რამ გავაკეთეთ და დავაგროვეთ, რომ ყველაფერს, რაც მიწაზეა, სულ მალე გრავიტაცია აღარ დააკავებს და შეიძლება მიწა ცად იქცეს და ცა მიწად. და თუ ხე მიწაზეა მიბმული და ბალახიც ამავე მიწას ასხია, ოკეანეები და წყლები კი ისედაც ორთქლდებიან ზემოთ, ჰაერში; ის, რაც მიწადქცეული ციდან ცვენას დაიწყებს, უკან გამოგვიდგება, თავში მოგვხვდება და დაგვლეწავს – სწორედ ეს ჩვენი ნაშრომ-დახარისხებული იქნება.
წიგნი,