1 - მეგობრობისა და სიკვდილის შესახებ წლის გახსენება გამიჭირდება, მაგრამ ნამდვილად ამ საუკუნის ერთ-ერთ პირველ შემოდგომაზე მოხდა ეს ამბავი, რომელსაც ამბავსაც ვერ დავარქმევ. უბრალოდ ლამაზი დღე იყო – ოქროს შემოდგომა, კარსანში ტყეს ჯერ კიდევ ესხა ყვითელი ფოთოლი, ამინდი იდგა ისეთი, რომ უკეთესს ვერ ინატრებ და ჩვენ ვნადირობდით – მე, მეგობარი და ჩემი მდევარი ზორბა, რომელიც მელას გაეკიდა და გორებს იქით ყეფით გადაიკარგა. ძაღლის ძებნაში შორს ვიარე, სოფელ თელოვანის თავზე მოვხვდი, სადღაც ჭილის ტბის მიდამოებთან. მეჩხერ მუხნარში ფეხიდან ამიფრთხიალდა ტყის ქათამი და ზიგზაგებით გაფრინდა, ხეებს ეფარებოდა. არაფერია შემოდგომის ტყეში ამ ფრინველის გაფრენაზე ამაღელვებელი. ტყის ქათმები კარსნის მიდამოებში ოქტომბრის დასაწყისში ჩნდებიან და თუ წვიმიანი ამინდები არ დაემთხვათ, მალევე ტოვებენ ხოლმე იქაურობას. მშრალი ნოემბრის შუაგულში არაფრით ველოდი. თოფის ორივე ლულაში მსხვილი საფანტი მედო, ამიტომ ვაცალე, კარგა მანძილზე გავუშვი და მერეღა ვესროლე, როცა ხეებს შორის ისევ გამოჩნდა. რახანია ნადირობა აღარ მეამაყება, მაგრამ ის „მარჯვე“ გასროლა მახსოვს...
თავის დროზე „ანა კარენინას“ კითხვა იმიტომ დავიწყე, რომ ვიღაცამ მითხრა, ტოლსტოის ტყის ქათამზე ნადირობა აქვს მანდ საუკეთესოდ აღწერილიო. არ ვიტყუები, მართლა ასე იყო. ლევინის და კარენინის ნადირობის სცენა რომანის შუაგულშია და მერე აღარ შევეშვი, ბოლომდე წავიკითხე. იცოდა, ტოლსტოიმ, რასაც წერდა.
კიდევ ვიცი, ვის აქვს ყველაზე ცუდად აღწერილი ეს ნადირობა. ვის და – რიუნოსკე აკუტაგავას. ჰო, არის ერთი მისი მოთხრობა, რომელშიც ტოლსტოი და ტურგენევი ერთად ნადირობენ ტყის ქათამზე და თან რაღაცაზე ბჭობენ. მათი საუბრის შინაარსი საერთოდ არ მახსოვს, ის კი დამამახსოვრდა, რომ იაპონელი მწერლის საყვარელი ამ ორი რუსი კლასიკოსიდან ერთ-ერთი ბუჩქებში ქათამს დაინახავს, ესვრის და მოკლავს. აზრზე არ იყო აკუტაგავა, უბრალოდ გაგონილი ან წაკითხული ჰქონდა, რომ ორივე მწერალი ამ ნადირობის ტრფიალი იყო, თორემ ეს საოცარი ფრინველი ფეხთანაც რომ გეჯდეს, მაინც ვერ დაინახავ, იმისთანა შეფერილია.
მოკლედ, ერთადერთი ტყის ქათამი იყო მთელი ჩვენი იმდღევანდელი ნანადირევი. ჯერ ძაღლი ვიპოვე, მერე – მეგობარი და დავსხედით იმ ადგილას, სადა ველები რომ ჰქვია და საიდანაც კარგად მოჩანს ჩვენი მშობლიური ქალაქის ნაწილი, ავჭალიდან ვიდრე გლდანამდე – დიდი ვერაფერი ხედია, მაგრამ კარგი შეგრძნებაა, როცა ეს ყველაფერი შენგან შორს და დაბლაა, შენ თან ამას ხედავ და თან სრულიად სხვა თავგადასავალში ხარ. კოცონი დავანთე, გრაკლის ტოტისგან შამფური გავაკეთე და ქათამი შევწვი. მტრედისოდენა ვის ეყოფოდა?! მაგრამ ზურგჩანთაში რუსოს გამომცხვარი კარტოფილის ღვეზელები მედო. ჰო, ჯერ კიდევ სხვა დროება იყო და ჩემს ცოლსაც ჰქონდა მოცალეობა და ხალისი, სანადიროდ წასულისთვის საგზალი გამოეცხო. კიდევ, მათარით მქონდა ტარხუნის არაყი, რომელსაც იმ წლებში გაგარინის მოედანზე ვყიდულობდი. დიდი ვერაფერი დასალევი იყო, მაგრამ წაიღო. ვისხედით ორნი, მოწმენდილი ცის ქვეშ, ცოტას ვსვამდით და ვლაპარაკობდით. რამდენიმე დღით ადრე მეგობარს ფრანგული ფილმი ენახა – ლუი მალის „ლაკომბ ლუსიენი“, რომელიც გოგი გვახარიას თავის ყოველკვირეულ გადაცემაში გაეშვა. იმ ფილმს დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა ჩემს ძმობილზე და ისე დაწვრილებით მიამბო, რომ მთლიანი სცენები დამამახსოვრდა.
საჩემოდ კარგა ხანს ვერ ავხსენი, რატომ იყო იმ დღის მოგონება ჩემთვის ასე ძვირფასი. რა ესაქმებოდა ახალგაზრდა ფრანგ კოლაბორაციონისტს შემოდგომის ტყეში გასულ ჩვენ ორთან.
გავიდა წლები და მივხვდი – ერთადერთხელ იყო, როცა ჩემმა მეგობარმა ის მიამბო, რამაც მართლა ააღელვა.
მერე ისიც გავიაზრე, რომ უკვე ათწლეულებია ერთად მოვდივართ. გვიყვარს ერთმანეთი და მოგვწონს კიდეც, სხვებთან თუ არა, ერთმანეთთან მაინც არაფერი შეგვშლია და სრულიად არაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ.
გამიჭირდა ამის გააზრება, მაგრამ მივიღე და მას მერე ბევრს ვფიქრობ ჩვენზე და სულაც – მეგობრობაზე.
რატომ დავიწყე ამით? ალბათ იმიტომ, რომ აპრილის დასაწყისში ინგლისიდან ჩამომივიდა სტუმარი, რომლისთვისაც მეგობრის დარქმევა გამიჭირდება. სულ ერთხელ შევხვდი მანამდე – რამდენიმე წლის წინ მისი გამყოლი ვიყავი და ოთხი დღე გავატარეთ ერთად ყაზბეგსა და დავით გარეჯში. მერე ხშირად ვწერდით ერთმანეთს, ნანახ შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით. დევიდმა არგენტინაში იმოგზაურა, მე – მექსიკაში. ორივეს გვიყარს ბუნება, ორივეს ბევრი რამ აღმოგვაჩნდა ერთმანეთისთვის მოსაყოლი, თანაც უცხო ენაზე, შორს მყოფ ადამიანთან თურმე ადვილია გულახდილობა. დევიდი სულ გეგმავდა საქართველოში ჩამოსვლას, კიდევ, ჩვენ ერთად იორდანიაში წასვლა გვინდოდა. მერე მას ღვიძლის სიმსივნე აღმოაჩნდა და ჩვენი წერილები სხვანაირი გახდა. ძნელია უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს მომავალ გეგმებზე ელაპარაკო ან წერილის ბოლოს ყოველივე საუკეთესო უსურვო, საერთოდაც ძნელია ეგეთი ამბები. გეგმებზე ის