ქალაქი - „გაუმარჯოს თავისუფლებას“
დავპირდი შვილს,
12 წლისას,
რომელმაც მთხოვა თავს და სიცოცხლეს გავფრთხილებოდი,
სიტყვა მივეცი,
თითქოს ერთ დღეში გაზრდილს და ჩემზე მზრუნველს,
რომ მიტინგზე არ წავიდოდი.
დავპირდი შვილს და სიტყვა გავტეხე,
გულწრფელი თხოვნა ვერ შევუსრულე.
ისიც ადგა და ბაბუას ხელი ჩასჭიდა,
ჩვენი ქალაქის მთავარ პროსპექტზე მატყუარა მამა
ათას კაცში მომძებნა.
ვდგავარ და ცრემლი მახრჩობს,
ჩემ გარშემო ხალხი ბობოქრობს,
ვიღაცა ყვირის:
გაუმარჯოს! გაუმარჯოს! გაუმარჯოს თავისუფლებას!
აქეთ ჩემი 12 წლის დიდი ბიჭი,
იქით 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი
და მე შუაში ვერ ვიხლიჩები...
***
ღობეზე ხატად მიხატულო
იასამანო,
დაგვიანებული გაზაფხულის
ღვთისმშობელო,
რად ხდება ასე,
შენ აქ ყვავილებად აგვიფეთქდი
და აქვე ახლოს,
ძალიან ახლოს –
ბუჩასა და მარიუპოლში
აჩეხეს და ნაღმზე ფეთქებიან
პაწაწინა იასამნები?..
***
ვის მიაქვს
დაკარგული დროის დარდი
მესაათესთან?..
***
აივანი პასუხია,
რომ ჩვენც ნამდვილად
გვაქვს სული…
***
ბავშვობის სახლი.
დაუკრეფავი
ნაყოფი ხეზე...