***
მხატვრულ ლიტერატურას, როგორც წესი, იმიტომ ვკითხულობთ, რომ მასში არა რაღაც ახალი, აქამდე უხილავი და განუცდელი, არამედ სრულიად ნაცნობი, თავს გადამხდარი მოვლენები, თავგადასავლები აღმოვაჩინოთ. „ასეთი რამ ხომ მეც მომსვლია!“ - რაც უფრო ხშირად წამოვიძახებთ ამ ჯადოსნურ ფრაზას გონებაში, მით მეტად მოგვწონს ტექსტიც.
მართლაც, კითხვისგან მიღებული სიამოვნება იმ შეგრძნების ინტენსივობამდე დაიყვანება, რომ იმას, რაც ჩვენც გადაგვხდენია, ავტორმა წიგნში აღწერის პატივი არგუნა. ასე იბადება ავტორისა და მკითხველის საერთო, თუ, ამ პრეტენზიულ ტერმინს გამოვიყენებ, ინტერსუბიექტური გამოცდილება. მაგრამ არსებობს ლიტერატურის მეორე, უფრო სახიფათო, სარისკო და რთული გზაც - წიგნები, რომლებიც იმ თავგადასავლებზე გვიყვებიან, რომლებიც თავს არასოდეს გადაგვხდენია, იმ შიშს აღწერენ, რომელსაც არასოდეს შევუპყრივართ, იმ სიყვარულზე გვიყვებიან, რომლითაც არასოდეს გვყვარებია. მათში რაღაც ისეთს ვეჩეხებით, რომლის გამოცდილებაც საერთოდ არ გვაქვს.
ჩემთვის სწორედ ასეთია რუსუდან ტყემალაძის რომანი „არქიტექტორი“.
ავტორი პროფესიით მწერალი და არქიტექტორი კი არა, მწერალი-არქიტექტორია. მან ამ წიგნით, პირადად ჩემთვის, ყველაზე საინტერესო რამ შეძლო - გააერთიანა ეს ორი, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან არაფრით დაკავშირებული პროფესია. „არქიტექტორის“ კითხვისას სულ რამდენჯერმე თუ გავივლე გონებაში ზემოხსენებული ჯადოსნური ფრაზა, მაგრამ, სამაგიეროდ, იმ უცნობ რეალობაში აღმოვჩნდი, რომელმაც ბევრი ახალი რამ მასწავლა და შთამაგონა. ამ პროფესიულ რომანს მართლაც შეუძლია შეცვალოს, გაამრავალფეროვნოს მკითხველის ვიზუალური აზროვნების ვექტორი და ახალი აღმოჩენები გააკეთებინოს.
„არქიტექტორი“ არ არის არქიტექტურაზე დაწერილი რომანი, ის არქიტექტორის დაწერილი წიგნია და საშუალებას გვაძლევს, არქიტექტორის თვალით დავინახოთ სამყარო - ეს კი ნამდვილად ღირს. აქ ყველა მეტაფორა, მხატვრული სახე, აღქმის სენსორული უნარები არქიტექტურულია და, შესაბამისად, საკმაოდ უცნაურიც. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის რუსუდან ტყემალაძის მთავარი მიღწევა.
და კიდევ ერთი, როგორც მენტორმა, უნდა აღვნიშნო: იშვიათად მინახავს, რომ ტექსტს მუშაობის პროცესში ასეთი ტრანსფორმაცია განეცადოს. ავტორს მეტამორფოზის სრულიად წარმოუდგენელი უნარი აღმოაჩნდა. ეს კი, ჩემი აზრით, ბევრს ნიშნავს. რომანი, რომელსაც თავიდან გავეცანი და რომანი, რომელსაც ახლა თქვენ წაიკითხავთ, თითქმის არაფრით ჰგავს ერთმანეთს. ამიტომ კითხვისას იფიქრეთ იმ უხილავ ტექსტზეც, რომელიც მოკვდა იმისთვის, რომ მისგან რაღაც ახალი და განსხვავებული დაბადებულიყო.
ლექსო დორეული,
კონკურსის ჟიურის წევრი
რუსუდან ტყემალაძის მენტორი