ას ოთხმოცი მარგალიტი ერთ დღეს ლარისა ბინაში შევიდა და ძალა აღარ ეყო, საწოლამდე მიეღწია.
ლარისა რომანტიკოსი არ იყო, მაგრამ იცოდა, რომ რომანტიკოსები ადამიანისა და ბუნების კავშირზე ბევრს ბოდიალობდნენ, ამიტომ გატყდა და ისევ რომანტიზმით გააპრავა ის, რომ დედაბუნებამ მის ჩუმ ოხვრას სეტყვით უპასუხა.
როგორც თვითონ ამბობდა, ეს პატარა, ცარიელი ბინა თავის დროზე იმიტომ არ გაიყიდა, რომ ხანდახან განმარტოება და სიმშვიდე სჭირდებოდა. მე ვიტყოდი, ამ ბინას იმიტომ არ ყიდდა, რომ საკუთარ სახლში სიმშვიდე ძალიან აკლდა. ამ ორის გარდა მესამე ახსნაცაა: მეზობლების (მათ რიცხვს მეც ვეკუთვნი) აზრით, ლარისა კარგ ხალხს ვერ ელეოდა. ეს ნაკლებად სარწმუნოა. აბა, როგორ გინდა დამაჯერო, რომ თამარასა და მარიტას ჭორაობასა და კონიაკს ვერ ელეოდა? ისე, ჩვენში დარჩეს და, ამასაც რომ ვამბობ, რაღაც პონტში, ტყუილი გამომდის – ჭორაობითაც ჭორაობდა და კონიაკიც მაგრად ევასებოდა ლაროს. ისე გემრიელად გადახვევდა ხელს ბებრუხანა თამარას და ისეთ სადღეგრძელოს მისცხებდა, აზრად არ მოგივიდოდა, ეს გოგო უბედურიაო.
არადა, ამ სამეზობლოში ყველანი მაგარი უბედურები ვიყავით, უბრალოდ არც ერთი არ ვაღიარებდით.
ჰოდა, ვუბრახუნებდით და ვუბრახუნებდით კონიაკს.
ლარისა პირველად აქ რამდენიმე წლის წინ ვნახე. რამდენიმე კი არა, მგონი, ათ წელზე მეტიც გასულა. იმ დღეს, საწყალს, გამზრდელი ბებია გარდაეცვალა. სახლში შემიპატიჟა, ოღონდ რაზე – თვითონაც ვერ გაიგო. ერთი ძველი საწოლი ედგა და იმაზეც რაღაცები ეყარა. პლედი შევიტანე და იატაკზე მოვკალათდით. მეც ახალი გადმოსული ვიყავი და ჩემს დომხალს ისევ ლარისასთან ყოფნა მერჩივნა. მაშინაც გაწვიმდა. ძალიან გაწვიმდა. წვიმა კიდე, ხომ იცით, მოგონებებს ასველებსო – ჰოდა, ლარისასაც გაეხსნა და გაეხსნა. დაიწყო მოყოლა საყვარელ ბებოსა და მარგალიტებით გაწყობილ სამაჯურზე, რომელიც სახსოვრად დარჩა. სიამაყით გამომიცხადა: ბავშვობაში დავთვალე, ამ სამაჯურში ზუსტად ას სამოცდაჩვიდმეტი მარგალიტიაო.
ახლა კი დაგაინტერესებთ, ამას რატომ ვწერ და პასუხსაც მოგახსენებთ. იმიტომ, რომ მეორე თუ მესამე დღეს, როდესაც ლარისა დაბრუნდა, სამაჯური აღარ ეკეთა. სამაგიეროდ, კისერზე ეკიდა შავი ძაფი და მასზე წამოცმული ას სამოცდათვრამეტი მარგალიტი. ვახ, ბიჭო, ას სამოცდათვრამეტი საიდან? აბა, ას სამოცდაჩვიდმეტიო? – გავიკვირვე უკვე გვარიანად შეზარხოშებულმა და ლარისამაც მოყოლა დაიწყო:
– ეჰ, ალექს! გუშინ მარგალიტების ხმამ გამაღვიძა. პანაშვიდის შემდეგ გაუხდელს ჩამეძინა. ძილში გამწყდარა ეს დალოცვილი. ბებო მესიზმრებოდა. უხ, ჩემი ბებო! რაღაცას მარიგებდა. ნათელი და სანთელი! (ჭიქა გადაკრა). რას ვამბობდი? ჰო, სამაჯური გამიწყდა. სხვა სახსოვარი არაფერი მაქვს. მეც ძებნა დავიწყე. სამაჯურს თუ ვეღარ შევკრავ, ყელსაბამად მაინც გადავაკეთებ-მეთქი. პატარა საძინებელი მაქვს. სად გამექცეოდნენ? ვკრეფდი და ვკრეფდი, თან ვფიქრობდი და ვფიქრობდი: ბებოზე, პანაშვიდსა და მარგალიტებზე. ეჰ, ღრეობა იყო, ჩემო ხალხო, ერთი დიდი ღრეობა. ხმაურმა ლამის ჭკუიდან გადამიყვანა. ბოსტანში გავიპარე. ხის ძირას ჩამოვჯექი. იმ ხის ძირას, სადაც ბებო მიყვებოდა გრძელზე გრძელ ზღაპრებს. კაბა სულ გამიტალახიანდა. მაგრამ კაბას ვინ ჩიოდა. მთელი გულით მინდოდა სახლში შევსულიყავი. მეყვირა. მეღრიალა. ხალხი გამეყარა. ერთი-ორი ღერი მოვწიე. სახე დამიბრუნდა. ვეღარ გავჩერდებოდი. ჰაერი არ მყოფნიდა. სტუმრებს გამოვემშვიდობე და შინ წავედი. სამაჯური სულ თან მქონდა. იქ მაინც გამწყდარიყო. ვიტყოდი, თვალი მეცა და აისხლიტა-მეთქი.
– ცრურწმენების არ მჯერა, ლარო, მაგრამ ამ სამაჯურის გაწყვეტა კარგის ნიშანი ვერაა.
– მაცადე, თამარო, შენ შემოგევლე! სათქმელს თავს ძლივს ვაბამ. სხვაგან ვერსად მოვყვები. იტყვიან, – გაგიჟდაო. მეც მგონია, რომ ვგიჟდები. მოვიტანე შავი ძაფი. აგერ, თქვენი თვალით ხედავთ. დავიწყე მარგალიტების გაძვრენა. ერთი, ორი, სამი... ასე ავედი ას სამოცდათვრამეტამდე. ას სამოცდათვრამეტი! ზუსტად ვიცი, ას სამოცდაჩვიდმეტი იყო. ალექს, ბიჭო, ალექს. აგერ, გუშინწინ არ გითხარი, ას სამოცდაჩვიდმეტი მარგალიტია-მეთქი? ზუსტად ვიცი, ხალხო! არ გავგიჟებულვარ! ბებოა, ჩემი ბებო! ას სამოცდამეთვრამეტე! დამიბრუნდა. არსად წასულა. ბებოა, ჩემი საყვარელი ბებო!
სიცილი ატყდა – გაუჩერებელი სიცილი.
ლარისას არ სწყინდა. პირიქით, აკისკისდა.
ბებო მარგალიტად იქცა, ვახ, ლარისას ბებო.
– ასე როგორ შეიძლება? – ხარხარებდა თამარა.
– ბებოსაც ხომ არ ჩამოვუსხათ? – იფურთხებოდა მარიტა.
კიდევ ბევრს მოგვიყვა ლარისა იმ ღამით თავის ბებოზე. ბოლოს კი, ძალიან სერიოზულად და ძალიან სევდიანად თქვა: ჩემს ბებოს არ უცხოვრია, უფრო სწორად, ცხოვრება არ დააცალესო. რა თქმა უნდა, ჩავეძიეთ. ლარისაც მოჰყვა და მაგ ყველაფერს მე თავიდან აღარ მოვყვები, არასწორი იქნება. ბოლოს და ბოლოს, ამ ამბავს ლარისაზე ვწერ და არა – ცხონებულ ბებოზე. უბრალოდ, იმას ვიტყვი, რომ ლარისას ბებოს მართლა არ უცხოვრია. ისე