განვრცობილი რეცენზია - შესავლის მაგიერ
ამ ტექსტის წერა publika.ge-სთვის დავიწყე 2020 წელს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მალევე შეწყდა მისი პუბლიკაცია. დროთა განმავლობაში, ჩაფიქრებული რამდენიმე ბლოგი მოზრდილ კვლევად იქცა, ე.წ. განვრცობილ რეცენზიად, სადაც „ლიტერატურის მუზეუმის” მიერ 2013 წელს გამოცემულ დიდ ორტომეულზე დაყრდნობით („მწერალთა ავტობიოგრაფიები”: 1600-ზე მეტი გვერდი საერთო მოცულობა, 300-ზე მეტი ქართველი მწერლის ავტობიოგრაფია XIX-XX საუკუნეებიდან) საშუალება მომეცა, ჟანრის თავისებურებებზეც მესაუბრა და კონკრეტული მასალის გათვალისწინებით მეკვლია ავტობიოგრაფიული ტექსტების სტრუქტურა, სტილი, ისტორიული განზომილება და სხვა საკითხები. წერის პროცესი ორ წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა, ბევრ რამეს გზადაგზა ვარკვევდი, ვაზუსტებდი, ვრწმუნდებოდი. უზარმაზარი დოკუმენტური მასალის გარდა თეორიული კვლევების უსასრულო ხლართებთანაც მიწევდა მუშაობა. საბედნიეროდ, ვრცელი ლიტერატურა არსებობს ამ მიმართულებით, „ავტობიოგრაფიული“ და „ავტობიოგრაფიაზე“ დაწერილი ტექსტები და მეტატექსტები საოცარ მრავალხმიანობას ქმნიან, ხშირად შეუთანხმებელს, და პირველ რიგში მათი წაკითხვა და საკუთარი გამოცდილების გათვალისწინება იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი, თუმცა გარკვეულ პერიოდებში ჩნდებოდა ეჭვი, რომ ვერასდროს გამოვაღწევდი ამ ქსელიდან, სადაც აუარება წინააღმდეგობა იყო და თანაც ბევრი უცხო ადამიანის პირად ამბებთან ერთად შენი ამბავიც ცდილობდა სადღაც ქვაბულიდან გამოღწევას, გამოხედვას და ამას ყველაფერს ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის და ლიტერატურათმცოდნეობის ნისლი ეფარებოდა.
სხვების გამოცდილებაზე წერა საკუთარის გამომზეურების სურვილსაც აჩენს. გაბედულება შობს გაბედულებას, ირონია - ირონიას. თუმცა ძნელია ზოგადად „ავტობიოგრაფიაზე“ რეფლექსიას ისე შეუხამო შენი ამბავი, რომ სხვებთან ერთად შენც გამოჩნდე, ამიტომაც, არაერთხელ გავიფიქრე, საერთოდ, ღირდა თუ არა პირადი ამბების გამორევა ასეთ ესეისტურ კვლევაში. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ე.წ. „მასალამ“ გაიმარჯვა, უზარმაზარმა საკვლევმა ლიტერატურამ, რომლის დიდი ნაწილი ვერც მოხვდა წიგნში, მაგრამ „ესემ“ მაინც მოითხოვა მსხვერპლად „პირადი“, და ჩემი ამბების გულახდილად მოყოლაც მომიწია.
ამ წიგნში ბევრი რამე გადავადებულია ან სხვებისთვის გადალოცვილი. მაგალითად, ვიცოდი, ძალიან დიდ დროს და ადგილს წაიღებდა დავით გურამიშვილის მიერ შეთხზულ „მე“-სთან მუშაობა, ამიტომ მასზე როგორმე სხვა დროს დავწერ ან იქნებ ვინმე დაინტერესდეს და ჩემზე ადრე შეაფასოს მისი ღვაწლი ამ მიმართულებით. ამ წიგნში ვერც გოეთეს ნახავთ, ვერც ვორსდვორთს, პაულ რიკიორს, ბუბერს, პოლ დე მანს, დერიდას და ბევრ სხვა მოაზროვნეს, მწერალსა თუ მეცნიერს, ვინც „მე“-ს ჩაუღრმავდა და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ავტობიოგრაფიის, თვითრეპრეზენტაციის, გნებავთ, ავტოფიქციის მკვლევართათვის. ზოგი მათგანი მხოლოდ გაკვრით ჩანს, გაიელვებს, თუმცა ზოგისთვის მაინც მოვიცალე და ნეტარი ავგუსტინედან - ლეჟენამდე გზის გავლით, რუსოს და დილთაის გადასასვლელებით, მეტი გავიგე ავტობიოგრაფიულობის შესახებ.
ეს ტექსტი ბოლო 2-3 წლის ჩემს თვალსაწიერსაც გამოხატავს, ირეკლავს წიგნებს, რომლებსაც ნელ-ნელა, დაკვირვებით ვკითხულობდი და თემას, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებოდი. ტექსტის დამთავრება რამდენიმე ადგილას შემეძლო, მაგრამ მასალა მიტაცებდა (დოკუმენტურიც და თეორიულიც) და ამიტომ სულ უფრო რთული ხდებოდა თავის მობმა ფინალისთვის. ერთხელაც, გადავწყვიტე, რომ ბევრი რამე წიგნს მიღმა დამეტოვებინა, დამესრულებინა „მე“-ებში ხეტიალი და დანარჩენი მომავლისთვის გადამედო ან გადამელოცა ჩემი ძვირფასი კოლეგებისთვის, რომლებიც ამ საკითხებით დაინტერესდებიან მომავალში.
დღეს ეს თემა ძალზე თანამედროვეცაა და, ამავდროულად, იგი საუკეთესო საშუალებაა წარსულის გასააზრებლად. „მე“-ს („მე“-ების) გაცნობიერების, შემეცნების, თვითინტერპრეტაციის გარეშე წარმოუდგენელია წარსულის დანახვა, საზოგადოებასთან კავშირების დადგენა. „მე-ტექსტები“ შესაძლოა მარტოობიდან იშვებიან, მაგრამ თვითკრიტიკის, თვითანალიზის გარდა მათში საზოგადოებრივი კრიტიკაც დიდ როლს თამაშობს, რადგან საბოლოო ჯამში არაფერი რჩება დაფარული და ყველაზე ინტიმურიც კი მკითხველისთვის, საზოგადოებისთვის იწერება, მაგალითის მისაცემად, იმისთვის, რომ აღძრას ადამიანები, რათა საკუთარ არსებობაში გაერკვნენ, ისწავლონ საკუთარი თავის წაკითხვა. ეს წიგნიც ასეთი სწავლის შესავალია, რომელსაც დავით გურამიშვილის აჩრდილი ადგას და, წარსულის წაკითხვის გარდა, მომავლის ყანების დანახვის იმედიც აქვს.
ავტორი
26 თებერვალი, 2023