* * * იყო ერთი ყოვლად უგვანი დიდგვაროვანი, იმ მეფეების ჩამომავალი, დავითის წარმომავლობით რომ იკვეხნიდნენ. სადღაც ორასი წლის წინ დაბადებულა და ასე, ას ორმოცდაშვიდი წლის წინ ჩაძაღლებულა. სენატორი იყო და მტერს ემსახურებოდა თავდაუზოგავად. რაღაც საქმეების დეპარტამენტის რაღაც დირექტორობაც გამოხრული ძვალივით სალოკავად მიეგდოთ. გიორგი მუხრანბატონს ეძახდნენ. თავის ჯიშისა და ჯილაგის განადგურებასა და გაქრობაზე ფიქრობდა დღემუდამ, მისი ფესვების გახმობაზე. ასე ამბობდა, დიდი თევზები პატარებს ჭამენო და დიდი მხეცები – პატარებსო და ჩვენც ასე რომ შეგვჭამოს დიდმა თევზმა, რუსეთმა, კარგიც კი იქნებაო. მარტო კი არ ამბობდა, ბლოკნოტშიც იწერდა, და წიგნაკიც კი გამოსცა ამ ნაძირალამ, რომ იმ შთამომავლობას დარჩენოდა, რომელიც მალე აღარ ეყოლებოდა – ასე უნდოდა თვითონ. ჰოდა, ღმერთი იცინის არა მარტო კარგსა და დიდებულზე უსაფუძვლოდ მეოცნებეზე, არამედ იმ კაცზეც, ცუდსა და ბოროტზე რომ ბჭობს.