ნაჭრის კურდღელი ხუთი მეტრი თეთრი სატინი! მაგდენი გვეყოფა.
ქსოვილს ფორმებისთვის იზო ყიდულობდა. იზო იყო ყველას ამზომ-ამწონი. წამებში გამოთვლიდა ხოლმე, სამ კურდღელს, ორ ცხვარს, ერთი-ორ მგელსა თუ დათვს (ჩვენ, გადაცმულ, საბავშვო ბაღის მოზეიმე ბავშვებს) რამდენი მეტრი ქსოვილი დასჭირდებოდა. მთავარია, თეთრი და ერთნაირი ფორმები შეკერილიყო, რომელსაც სხვადასხვა ზომის ყურებიანი ქუდები და კუდები ექნებოდა. დანარჩენი მშობლების ფანტაზიის ნაწილი იყო – ბეწვებს მოახვევდნენ თავიანთ ხუთი წლის შვილებს თუ მგლის ხახას მიახატავდნენ გულისპირზე.
მაგრამ ეს ამბავი იზოზე არ არის. ჩვენზეა.
მგელი, როგორც წესი, ბიჭი იყო. კურდღლები – შერეულად. დათვის როლი ყველაზე მსუქან ბავშვს ერგებოდა ხოლმე, წრუწუნასი კი – ყველაზე გამხდარს.
ეს საახალწლო ზეიმი იყო. ცხოველებად კი იმიტომ უნდა გადავქცეულიყავით, რომ იქ, სადღაც, შუა ზეიმზე, ხურჯინგაბერილი თოვლის ბაბუა უნდა გამოჩენილიყო. ხურჯინში გამჭვირვალე, ჭრაჭუნა ცელოფნებში საგანგებოდ გამოკრული საჩუქრები იყო: ორი მანდარინი, ორი ორცხობილა, რამდენიმე საწუწნი კანფეტი და სამიოდე შოკოლადი.
მაგრამ სანამ საჩუქრების ჩამორიგების დრო მოვიდოდა, ჩვენი კურდღლობა, მგლობა, მელიობა თუ თაგვობა დაგვავიწყდებოდა და მოუთმენლობის რიგში ჩავდგებოდით, მანამ ამ საჩუქრებით სავსე გუდას გარშემო უნდა შემოვსხდომოდით და თოვლის ბაბუისთვის სულელური ლექსები მოგვეყოლა. ხომ ზუსტად ვიცოდით, რა იდო იმ შეკვრებში, მაინც სული მიგვდიოდა, ჩვენი წილი ტკბილეული მალე ჩაგვებღუჯა.
მაგრამ წესი წესი იყო: საჩუქარი მხოლოდ წარმოდგენის შემდეგ გვერგებოდა.
რატომ ხდებოდა ასე, არ ვიცი, მაგრამ კურდღლის ან რომელიმე ცხოველის როლი არასოდეს მრგებია. არადა, ისე მინდოდა, ის თეთრი, ყურებიანქუდიანი კომბინეზონი მეც ჩამეცვა! რატომღაც სულ „ახალი წელი“ ვიყავი, რომელსაც უდროო დროს, სრულ სიამტკბილობაში მყოფი ცხოველების და თოვლის ბაბუის იდილია უნდა დაერღვია და სცენაზე შემოსულიყო ხელგაშლილი, „აი, ახალი წელი მოვედი“ სიტყვებით, თავზე ქაღალდის გვირგვინით, რომელსაც ნაძვის ხის დაფშვნილი სათამაშოებისგან საგულდაგულოდ ვაწერდით იმ წელს, რომელიც მოდიოდა: მახსოვს მკაფიოდ და დიდი სიბრჭყვიალით – 1985 წელი.
ეს როლი, – სცენაზე გამორჩეულად დგომის როლი იყო. იზოს სიტყვებით, ძალიანაც დამსახურებული. ესო, თითს გამოიშვერდა ჩემკენ, მოლაპარაკე პროფესიას აირჩევსო, ეტყოდა დედაჩემს და საკითხიც მარტივად წყდებოდა. მთავარი იყო თეთრი კაბა, თეთრი რეიტუზი, ლამაზი ფეხსაცმელი და ის ხელნაკეთი გვირგვინი. როლი განსაკუთრებულად საპასუხისმგებლოდ მიიჩნეოდა – მთელი სიბრძნეები იყო ჩაქსოვილი იმ სიტყვაში, რომელსაც წინა დღეებში მაზეპირებინებდნენ.
ერთხელ, ერთ ასეთ წარმოდგენაზე თბილისიდან ჩამოსულებიც დაგვესწრნენ. სტუმრებს შორის, ვიღაც ჩვენხელა გოგოც იყო, დედას წამოჰყოლოდა. იმ დიდთოვლიან ზამთარში, მას ჩვენგან განსხვავებული, ნამდვილი, დიდური ჩექმა ეცვა, „საზღვარგარეთული“, თხელ ძირზე, ვარდისფერი, მბზინვარე. ისიც საახალწლო ზეიმისთვის იყო გამოწყობილი – ვარდისფერივე ფრიალა კაბასა და ზედ მოსხმულ ხელოვნური ბეწვის რძისფერ ქურქში. დარბაზში რომ შემოვიდა, ყველანი უცებ გავშეშდით – ერთნაირი თეთრი ქსოვილისგან სახელდახელოდ შეკერილ თეთრ ფორმებში ჩაცმულნი ვიდექით და შევყურებდით სხვანაირ არსებას, რომლისთვისაც უნდა გვემღერა და ლექსები გვეთქვა.
ის ზეიმი რომ დამთავრდა, საჩუქარი სტუმარსაც მისცეს. ცნობისმოყვარეობა გვკლავდა, გვინდოდა ახლოს მივსულიყავით და მისი ბეწვის ქურქზე ხელისგული ჩამოგვესვა. სანამ ჩვენ გავბედავდით, ის თავად დაიძრა ჩვენკენ, წინ დაგვიდგა და გვითხრა:
– ძალიან სასაცილო ზეიმი იყო, ნახვამდის, ნაჭრის კურდღლებო! – მერე ხელი ჰაეროვნად დაგვიქნია ჰაერში, გატრიალა და წავიდა.
არ ვიცი – რატომ, მაგრამ შუბები იმ დღის მერე მეზიზღება.