მისტიკური გუგუნი (ახალი რომანი ნიკოლოზ ცისკარიშვილისა)
ეს რა უჩვეულო, შემძვრელი, შემაძრწუნებელი თავგადასავალი უნდა გადახდენოდა აბელად სახელდებულ პერსონაჟს ნიკოლოზ ცისკარიშვილის რომანში „აჩრდილები“.
ოღონდ მანამდე:
კაცობრიობის ხვედრი, მისი ცხოვრების წესი იქ და მაშინ გადაწყდებოდა, როდესაც კაენს უნდა მოეკლა აბელი.
ეს ბიბლიური ეპიზოდი ღრმა სიმბოლიკითაც უნდა დატვირთულიყო და კანთიელად მიენიშნებინა, რომ:
მკვიდრი ცხოვრება უნდა გამხდარიყო ადამიანთა ცხოვრების არჩევანი, კაენური ცივილიზაციის წიაღში მოქცეულიყო მისი არსებობა იმთავიდან ამთავამდე.
და განზე დარჩენილიყო აბელური ცივილიზაცია:
ხეტიალი და ქროლვა სამყაროს კიდიდან კიდემდე, დაუსრულებელი მომთაბარეობა, დაუმცხრალი, დაუოკებელი თავისუფლება, ცხოვრების წესი ყოველგვარი ჩარჩოსა და საზღვრის გარეშე.
განზე დარჩენილიყო, მაგრამ გაქრობით არ გამქრალიყო და დროდადრო კიდეც უნდა ეჩინა თავი რომანტიკული სულის სახით, გამანელებლად კაენური ცივილიზაციისა, რათა ადამიანი ბოღმაში არ ჩაძირულიყო. გარსშემორკალული შემხუთავი გარსისაგან გასხლტომასაც ცდილიყო და, არცთუ იშვიათად, წარმატებითაც.
მოლანდებასა თუ მონატრებას აბელური სულისა და აბელური ცივილიზაციისა, გადაერჩინა ადამიანში რაღაც მყარი და შეუმუსრავი. რაღაც გაუბზარავი და შეუბღალავი, რაღაც დაუშოშმინებელი და ზეცისაკენ მიმსწრაფი.
აბელის ყოველი ხსენება ამათუიმ მხატვრულ ქმნილებაში, მითუმეტეს - მთავარი პერსონაჟისათვის ამ სახელის დარქმევა, არასოდეს არ არის შემთხვევითი და მის ბიბლიურ წარმომავლობასა და ღრმა მეტაფორულ გააზრებაზე მიგვანიშნებს, ნიკოლოზ ცისკარიშვილის მთავარი გმირისა არ იყოს მის მეორე რომანში.
ტომას ვულფისათვის რომ გეკითხათ:
მეორე რომანის დაწერა გაცილებით საძნელო გახლდათ, ვიდრე პირველისა.
ეს მისი ზოგადფსიქოლოგიური დაკვირვებაცაა და პირადი გამოცდილებითაც ნასაზრდოები.
და ეს ასეა იმიტომაც:
დებიუტისას ახალგაზრდა მწერალი სრულიად თავისუფალია იმ შეგრძნებისაგან, რასაც მკითხველის შიში ჰქვია. რომც არ გამოუვიდეს ეს პირველი მცდელობა, უხერხულობას არ განიცდის მკითხველის წინაშე, ვაითუ მოლოდინი გავუმტყუნოო, რაკიღა ეს მოლოდინი უბრალოდ არ არსებობს.
წარმატებულ დებიუტს კი მძაფრი განცდები მოსდევს და არ არის გამორიცხული, რამდენჯერმე კალამიც კი გადაადებინოს გვერდით, რაკიღა პასუხისმგებლობა გაზრდილია და ეს შეგრძნება ერთი მხრივ თუ ძალას გმატებს, მეორე მხრივ შემაწუხებლად და დამთრგუნველადაც კი მოქმედებს.
ნიკოლოზ ცისკარიშვილის პირველ რომანს „ცეცხლისწამკიდებელი“ არ მოჰყოლია ის განსაკუთრებული აჟიოტაჟი, რაც ტომას ვულფის დებიუტს რომანისტიკაში, მაგრამ ეს რომანიც საკმაოდ გახმაურდებოდა ლიტერატურისმოყვარულთა წრეებში, სავსებით ღირსი „პალიტრა ლ“-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებისა.
ამ წარმატებულ ნაბიჯს მოჰყვებოდა ავტორის ცალკეული ნოველების გამოქვეყნებაც ლიტერატურული პერიოდიკის ფურცლებზე, „ლიტერატურული გაზეთი“ იქნებოდა, „მწვანეყვავილა“, „განთიადი“ თუ „პირველი სხივი“, და აი კვლავ რომანი უნდა გვეხილა ნიკოლოზ ცისკარიშვილის სტილისტიკისათვის ნიშანდობლივი სახელწოდებით: „აჩრდილები“.
ნიშანდობლივი იმიტომ, რომ:
მანერა მწერლისა ყოფითობისა და მისტიკურობის ზღვარზე მიმოიქცევა, რეალური და ირეალურის შერწყმად წარმოგვიდგება, იმ რთულ სტილისტიკად, რომელიც ბუნებისმიერი თუ არ არის და ხელოვნურად შობილა ლიტერატურული გავლენებით, ეს გავლენა ყოველთვის თვალშისაცემია და მკითხველის შთაბეჭდილებაც - მკრთალი, რადგანაც შეუძლებელია განიცადოს მოჩვენებითი სიღრმე.
და ნიკოლოზ ცისკარიშვილის სტილური მანერის ღირსებაც ის არის, რომ:
ბუნებისმიერია, ღრმა სულიერებიდან დაძრული და ლიტერატურული გავლენებიც ძალდაუტანებლად შეუძლია გადახარშოს და მარჯვედ გამოაწრთოს თავის შემოქმედებით ქურაში.
ზოგადად „აჩრდილებშიც“ გრძელდება ღვთისმაძიებლობის წყურვილი, „ცეცხლისწამკიდებლის“ სულისკვეთების განმსაზღვრელი, მონატრება ზეცისა და თავისუფლებისა, მაგრამ სრულიად ახლებურ გარემოში, სიმძაფრეც რომ კიდევ უფრო მატულობს და ერთმანეთს ენაცვლება კოშმარული და თავზარდამცემი სურათები დაწყევლილი სოფლისა, რომელიც თან არსებობს და თან არ არსებობს, და ვერაფრისდიდებით ვერ დაგიღწევია მისგან თავი.
სოფელში კი ნაპრალები ჩნდება - ხან სად და ხანაც სად, სახლებს რომ ნთქავს მცხოვრებლებიანად, ადამიანთა გვამებით მოფენილ გზებსა და შუკებს კი ვირთხები შემოსევიან და, დამარხვას ვინ აცდით, ისინი ჭამენ და ხრავენ.
სიკვდილიანობა კი უწყლობას მოუტანია, წვეთიც რომ აღარსად მოიძევება გაუდაბურებულ, გადახრიოკებულ არემარეზე და... ცოცხლებიც აჩრდილებს დამსგავსებიან, რომ ვეღარც გაუგიათ, კვლავ მიწაზე მიმოდიან თუ უკვე გადაუნაცვლებიათ მიღმა სამყაროში.
უწყლობის ასეთი შემზარავი აღწერა - უკიდურესი ნატურალიზმითა და შესაფერისი ექსპრესიით - საუკუნის წინანდელ მოთხრობაში თუ შეგვხვდებოდა: ბასილ მელიქიშვილის „თურმანში“ - უდაბნოდ გადაქცეული სოფელი ტომაზ სტერნზ ელიოტის პოემის - „ბერწი მიწა“ - ლანდშაფტს რომ მოგვაგონებს ტიპოლოგიურად და... არცთუ მთლად ტიპოლოგიურად, რაკიღა სავსებით შესაძლებელია, რომ ბასილ მელიქიშვილს - თავისი მოძღვრისა და თურმანის პროტოტიპის ერეკლე ტატიშვილის წყალობით - ხელი მიუწვდებოდა ამ ეპოქალურ ქმნილებაზე (პაატა ჩხეიძე), თუმც მთავარი ისაა, გარეგნულად კი არ გადმოიღებდა ტომას ელიოტის განწყობილებებს, არამედ სულიერ სიახლოვეს იგრძნობდა მასთან, რაკიღა ეს განცდები, ეს შეგრძნებანი გაუდაბურებული, უწყლოდ და უსასოოდ დარჩენილი მიწისა მისთვისაც ბუნებისმიერი გახლდათ:
როგორც ყოფით-რეალისტურად, ისე სიმბოლურ-მეტაფორულად.
და ამიტომაც ასწევდა თხრობის მხატვრულ ძალას იმ სიმაღლეზე, მკითხველს ასერიგად რომ