გოლიათის ღამე, იოათამის ნაამბობი ადრე, სულ ადრე, მაშინ, როცა ახალდაბადებულ ბავშვს სახელსაც არ არქმევდნენ, ღამე არ არსებობდა. არც არავის ეძინა და არც არავინ იღვიძებდა.
იმ დროს იქ, სადაც ეს ქვეყანა მთავრდება, გოლიათები ცხოვრობდნენ. გოლიათები იმდენად დიდები იყვნენ, ადამიანებს ვერც ამჩნევდნენ. არც ადამიანებს შეუმჩნევიათ ისინი, სანამ ერთხელაც ერთ-ერთი გოლიათი თავის ქვეყანაში, მიწაზე არ დაჯდა და სამყაროს ზურგი არ შეაქცია. ვეებერთელა ზურგმა ყველაფერი დაჩრდილა და ასე დაღამდა პირველად.
ამბობენ, გოლიათი შეყვარებული იყოო, ვისზე და როგორ, ეს არ ვიცით. შეყვარებული გოლიათის ამბავი იმ ორი ამბიდან ერთ-ერთია, რომელიც იოაბმა ქრისტეს გაუცვალა, ამიტომ ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს ჰყვება.
სამყაროს ზურგშექცეული გოლიათი დიდხანს იჯდა ერთ ადგილას, ზუსტად არავინ იცის დღეების, თვეების თუ წლების განმავლობაში, რადგან მაშინ დროს არ ითვლიდნენ.
ერთხელაც ადამიანებიდან ერთ-ერთს, უკუნით სიბნელეში შუბით რომ ნადირობდა, წინ რაღაც დიდმა ფრინველმა ჩაუქროლა. მონადირემ შუბი მთელი ძალით ესროლა, იმდენად შორს გასტყორცნა, რომ გოლიათს მოხვდა და ბეჭი გაუხვრიტა. გოლიათმა შუბი ორი თითით ამოიძრო და იქვე მიაგდო...
გახვრეტილი ბეჭიდან კი სუსტი სინათლე შემოვიდა.