შესავალი შემიმჩნევია, რომ მთარგმნელთა დამოკიდებულება საკუთარი შემოქმედების მიმართ დიდად უცნაური რამაა – ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად საკუთარი ცრემლებით ბანენ და საკუთარი თმებით უმშრალებენ ფეხებს პოეზიის დიდ მესიებს, ხშირად სცხვენიათ კიდეც, რომ თავადაც გაბედეს წერა, სინდისი ქენჯნით, რომ ძალისხმევა და შემოქმედებითი ენერგიის ნარჩენები საკუთარ ლექსებს მოახმარეს. ეს რელიგიური მოწიწება პოეზიის მიმართ, სისხლსა და ხორცში გამჯდარი მაღალი სტანდარტები აიძულებთ უდიდესი სიფრთხილითა და ყოყმანით მოეკიდონ ორიგინალურ შემოქმედებას. სწორედ ამ მიზეზითაა, რომ სახელგანთქმული და ღვაწლმოსილი მთარგმნელის, მედეა ზაალიშვილის, ორიგინალური შემოქმედება მის თარგმანებზე ბევრად უფრო გვიან გაიცნო ფართო აუდიტორიამ: ჯერ დოკუმენტური პროზა ,,ცაში გამოკიდებული სახლი“ (,,არტანუჯი“, 2018), ხოლო ამჯერად კი მისი ათწლეულების განმავლობაში ნაგროვები ლექსების კრებული წარსდგა მკითხველის სამსჯავროს წინაშე.
ყველამ, ვინც ამ წიგნის შესავლამდე მოვაღწიეთ, ვიცით, რომ პოეზია ზოგიერთი ადამიანისათვის სამყაროს აღქმის დომინანტური ფორმაა, თუ არა – ერთადერთი. ქალბატონი მედეასთვისაც მთელი სამყარო, ყველა შეგრძნება და ყველა ინფორმაცია ლექსად გარდაიქმნება, ლიტერატურა მისი ყველაზე ნამდვილი ცხოვრებაა, რომლის მსახურებაც დღემდე ვერც ერთმა დაბრკოლებამ ვერ შეაწყვეტინა. მისი ლექსების დიდი ნაწილიც ლიტერატურული შთაბეჭდილებების ამოძახილია: ეძღვნება უილიამ ბატლერ იეიტსს, გურამ რჩეულიშვილს, ემილი დიკინსონს... თითქოს თარგმნიდან მორჩენილი გზნებით ნაწერი ლექსებია და სადაც პირდაპირი მიძღვნა არ არის, იქ საყვარელი ავტორის სტილის გათავისება გვაჩვენებს მის მიმართ ერთგულებას.
ლექსების ნაწილი თითქოს ,,ცაში გამოკიდებული სახლის“ გაგრძელებაა – ბავშვობისა და მისი უძვირფასესი პერსონაჟების ვერდავიწყება, ხოლო ყველაფერი პირადი კი მეტაფორებისა და კლასიკური სქემების ცხრაკლიტურშია ჩაკეტილი:
,,ვისაუბროთ ყველაფერზე
ამ ზამთრის კართან...
ჩემი და შენი ტრფიალის გარდა“.
მთარგმნელები დიდი სიამოვნებითა და სიყვარულით სჯერდებიან მეორეხარისხოვან როლს, ისინი დიდხანს და ერთგულად მსახურებენ სხვათა პოეზიას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაზე სწრაფად გული მაშინ უცემთ მკითხველის განაჩენის მოლოდინში, როდესაც ბატონს პატარა ამბოხს უბედავენ და თავიანთი შემოქმედება გამოაქვთ საჯაროდ – დიდი იმედი მაქვს, რომ მედეა ზაალიშვილის ფაქიზ, ნატიფ, მგრძნობიარე პოეზიას მკითხველი ისეთივე სიყვარულითა და მადლიერებით მიიღებს, როგორითაც ათწლეულების განმავლობაში მის თარგმანებს ხვდებოდა.
ანი კოპალიანი