წინასიტყვაობა
90-იანი წლები მრავალმხრივ გარდამტეხი იყო საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში, როცა ბევრი პოზიტივი და კიდევ უფრო მეტი ნეგატივი ერთმანეთს დაეჯახა, ერთმანეთში აიზილა. ასევე იყო თანამედროვე ქართული ხელოვნებისთვის, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქ პოზიტივი თვალშისაცემად სჭარბობდა ნეგატივს. პოეზიაში ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ გამოჩნდა. ახალმა თაობამ ახალი ენა, ესთეტიკა შემოიტანა, ტაბუები დაარღვია, პოეტური ცხოვრების ახალი (თუ ძველი, მაგრამ სამწუხაროდ, დავიწყებული) წესები აამოქმედა. კვლავ გაჩნდა პოეტური ორდენები („რეაქტიული კლუბი“, „ქრონოფაგები“, „მარადახალი ქნარი“ და ა.შ.). ერთ-ერთი ასეთი იყო „ბებერი პოეტების ორდენი“, ფრიად დამაბნეველი სახელწოდებით, რადგან ის არა მართლა ბებერმა, არამედ პირიქით, სრულიად ახალგაზრდა პოეტებმა დააარსეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1993 წელს. სახელწოდების შთამაგონებელი იყო მაშინ თსუ-ში მოქმედი ახალგაზრდა პოეტების გაერთიანებები, რომლებიც ძველი ესთეტიკის მხარეს იდგნენ. „ბებერ პოეტებს“ კი სურდათ „ახალგაზრდა პოეტის“, როგორც ტერმინის გაუქმება და განახლებული ფორმებისა და შინაარსების დამკვიდრება.
ორდენში ოთხი პოეტი იყო გაერთიანებული: ალეკო ცქიტიშვილი, რეზო გეთიაშვილი, კახა ჭაბაშვილი და ნანა აკობიძე. საინტერესოა, რომ 1994 წელს გამოცემულ ორდენის პირველ კრებულში, „Airlite“-ში, სამი პოეტი ფსევდონიმით წარსდგა მკითხველის წინაშე: მისტერ სატერზვეიტი, ჩარლზ ჩენდლერი და ადოლფ ეიხმანი. მხოლოდ ნანა აკობიძეს არ უცდია შეფარებოდა ფსევდონიმს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ლექსები იმ პერიოდისთვის ამ ოთხეულის შემოქმედებიდან ყველაზე თამამად ჟღერდა.
ასეთი იყო ნანა აკობიძის პოეტური დასაწყისი, ენერგიული და პრეტენზიული, რომელიც შემდგომში არცთუ ისე ინტენსიურად წარიმართა, რადგან ავტორს თანდათან მოუწია ბევრ სხვა საქმესთან შეჭიდება, რამაც პოეზია ბოლომდე კი ვერანაირად ვერ გამოაძევა მისი აქტიურობის ფართო ველიდან, მაგრამ თანდათან ბექგრაუნდში გადაიყვანა. თუმცა პოეზია ფეხბურთი არაა და რეჟიმიდან ხანგრძლივი ამოვარდნა აუცილებლად ფორმის დაკარგვას არ გულისხმობს. გამომუშავებული უნარ-ჩვევები არსად ქრება და პასიურობის პერიოდშიც კი შესაძლოა, რომ არაცნობიერ დონეზე შემოქმედებითი დუღილი მიმდინარეობდეს, ავტორი არ წერდეს ლექსებს, ან ათასში ერთხელ წაუცდეს ხელი სამაგისოდ, მაგრამ ფიქრობდეს სტილურ თუ თემატურ განახლებაზე, გამდიდრებაზე, დახვეწაზე. და რაღაც მომენტში ეს ყველაფერი მთელი ძალით და ახალი ენერგეტიკით ამუშავდეს.
სწორედ ასე მოხდა ნანა აკობიძის შემთხვევაშიც და წარმოდგენილი კრებული ყოველივე ამის, ანუ ბოლო რამდენიმე წელიწადში კვლავ დაბრუნებული პოეტური აქტიურობისა და სტაბილურობის შედეგია.
„ვალაუვალი“ შვიდი ნაწილისაგან შედგება, რაც თემატურად მკაფიოდ გამოკვეთს იმ პრობლემატიკას, რომელსაც ოთხმოცდაათიანებიდან უცებ ორიათასოციანებში აღმოჩენილი ავტორი უტრიალებს და რაც მთავარია, თავის იმ თავგადასავალს გვიყვება, რომელიც ამ პერიოდში განვლო – ზიგზაგებით, წარმატებებით და იმედგაცრუებებით, და ამ გზაზე გამომუშავებული ახალი ხედვით, რომელიც ხშირად თვითირონიული და კომიკურია. შეიძლება ყველგან არა, მაგრამ ტექსტების უმრავლესობაში, რაც არ უნდა დიდ სევდას ატარებდეს კონკრეტული ლექსი თავის თავში, ეს ირონია და კომიზმი რაღაც დოზით მაინც გამოსჭვივის, როგორც პრობლემების სიღრმისეულად დანახვის და წინააღმდეგობებთან გამკლავების უნიკალური იარაღი. ანდა ალბათ უკეთესი იქნება თუ ვიტყვით, რომ ესაა თანამედროვე სამყაროს ტრაგიკომიკურობის სურათი, არა გლობალური, არამედ უფრო მეტად რიგითი ადამიანის განცდებით ნაჩვენები. მერე რა, რომ ეს რიგითი ადამიანი ძირითადად ნანა აკობიძეა და წიგნზე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ავტობიოგრაფიულია. ეს ერთგვარ აზარტსაც კი ჰმატებს წიგნს და ინტერესში აგდებს მკითხველს, თუ რამდენად შეიძლება, ავტორმა გადაუშალოს მას თავისი ცხოვრების ფარული მხარეები, რამდენად შეიძლება დასცინოს საკუთარ შეცდომებს, საკუთარ თავს, და სწორედ ამაში იგრძნოს თავისი „სუპერძალა“.
„სუპერძალა“ კრებულის გამხსნელი ლექსია და ეს არაა შემთხვევითი. ამ პატარა ლექსში მთელი ის ისტორიაა მოყოლილი ლაკონურად და კონცეპტუალურად, რაც შემდეგ წიგნის პირველ ნაწილში და ზოგადად, მთელ წიგნში იშლება სხვადასხვა მიმართულებით. ანუ მოყოლილია იმ განცდის შესახებ, თუ რატომ შეიძლება პოეტმა მოულოდნელად წერას დაანებოს თავი და რაღაც ვადის გასვლის შემდეგ გარკვეული საფრთხის შეგრძნების გამო კვლავ მიუბრუნდეს კალამს. პირველი ნაწილი მთლიანად პოეზიის ფენომენის კირკიტს და მასთან ცვალებადი დამოკიდებულების აღწერას წარმოადგენს, სადაც იკვეთება დანაშაულის განცდა – რომ ავტორი ვალშია პოეზიასთან და ეს ვალი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დააბრუნოს. ვალში ყოფნა, საერთოდ, ერთ-ერთი გამჭოლი თემაა ამ კრებულისა, რაც მის სათაურშიცაა არეკლილი და ამ თემას, დაწყებულს პოეზიასთან მიმართებით, ავტორი მეორე ნაწილში ავითარებს და ყოფისა და ადამიანური ურთიერთობების ფართო ველზე გადააქვს. ამას მოყვება ნაწილები, სადაც სიყვარულის, ბავშვობის, სიკვდილის, ომის თემებია ერთ სივრცეებში კონცენტრირებული.
წიგნი სრულდება „მეორადი ამბებით“, სადაც პოეტი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ამბებს აღწერს. საერთოდ, ნანა აკობიძე არაჩვეულებრივი მთხრობელია და ის ამბებს მთელი კრებულის განმავლობაში გვიყვება, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ხან ფარული, ხან გამოკვეთილი