ენამზე მნიშვნელობა არ აქვს საზომებს,
პოეზია ეგ გულზიდვაა,
გადაყლაპული მზე რომ ყელში მოგებჯინება,
და ამონთხევას გაიძულებს.
ხოლო მზე უნდა ჩაიყლაპოს შემდეგნაირად:
გყოფნის იმის თავხედობა,
პირი დიდზე გააღო და ცას შეუშვირო,
ენას იგრძელებ, წაიმახავ
და წვერით სწვდები დისკოს, როგორც
ჟოლოს ხოჭოს იჭერს ვასაკა.
მოგეკრობა.
მთავარია, დროზე ატაკო
და სათანადოდ გატლეკილი ენა –
მცხუნვარეს.
დაგეთუთქება, რა თქმა უნდა,
მაგრამ გაუძლებ
(თუ პოეტი ხარ, რა თქმა უნდა).
ნუ შიშობ, რომ არ ჩაგეტევა,
ან ზედ შეგიდნობს და შეგიკლავს.
გულამოსკვნით არ გიტირია?
შენი მდუღარე ცრემლებივით იყლაპება მზეც.
მიდი, პირზე ნერწყვი მოგადგეს!
მართალია, კეცის მჭადივით ვერ ამოგაძღობს,
მაგრამ არც მდოგვის ლუკმასავით
გადენს ცხვირში ძმარს.
კვერცხის გულივით ვერ ჩაითქვეფ,
მაგრამ არც ოქროს მონეტისებრად დაგამძიმებს.
დიდებულად ჩაგწვავს გულ-მუცელს.
და ცქრიალა ღვინოსავით აშუშხუნდებით.
ერთი სიტყვით – მზე იყლაპება.
მთავარია, ენით მიეკრო,
მერე ერთმანეთს ეზილებით მიკრო და მაკრო.
მაგრამ ესაა,
გადაყლაპულს ვერ მოინელებ,
მალევე გულზე დაგადგება,
ამოგაზიდებს.
და გიხაროდეს!
ეგ გულზიდვაა პოეზია,
მზე რომ ყელში მოგებჯინება,
და საკუთარი ბრწყინვალების ამონთხევას გთხოვს.
ამოცეცხლე, თუ პოეტი ხარ!