* * * ეს ამბავი 2016 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც ჩემი მეგობრის, ნინო კიკნაძის ინიციატივითა და მისი განსაკუთრებული მონდომებით, საქართველოში ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი და სულ მალე გაიხსნა კიდეც „ციცინათელების ქვეყანა“ – პირველი საერთაშორისო სტანდარტების ბავშვთა ჰოსპისი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.
სოფელ დიღომში მდებარე ეს უნიკალური ჰოსპისი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა და ის სრულიად შეესაბამება დაწესებულ სტანდარტს. აქ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახის წევრები სრულიად უფასოდ იღებენ მომსახურებას.
როცა ახლად გახსნილ ჰოსპისს ვესტუმრე, რასაკვირველია გამაკვირვა და გამახარა კიდეც ასეთი კეთილმოწყობილი გარემოს აღმოჩენამ, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ მთავარი ჩემთვის მაინც იმ ადამიანების აღმოჩენა იქნებოდა, ვისაც ამ ჰოსპისში მცხოვრებ ბავშვებზე უნდა ეზრუნა და მათი უკეთ გაცნობის მიზნით მზია-ლუკა შარაშიძეს ვთხოვე დახმარება.
მათი მოსმენისთანავე იმასაც მივხვდი, რომ ეს საოცარი ადამიანები აუცილებლად იმსახურებდნენ წიგნს და წერაც დავიწყე, მაგრამ, სინამდვილეში, ეს მათ მიერ დაწერილი წიგნია, მე კი მხოლოდ თანაავტორი ვარ. ზოგის სახელი და გვარი შეცვლილია, ხოლო ჰოსპისში მათ პოზიციას, სამედიცინო კვალიფიკაციასა და მოვალეობას შეგნებულად არ მივუთითებთ, რადგან როგორც თვითონ ამბობენ, ამ შენობაში შემოსვლისთანავე ყველა თანასწორი ხდება. თუმცა ისინი გაცილებით მეტს იმსახურებენ, ვიდრე უბრალოდ მათ შესახებ დაწერილი წიგნია, რადგან სწორედ მათი მზრუნველობის წყალობით პატარები, რომლებსაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ხანმოკლე სიცოცხლე ერგებათ, სრულიად ზღაპრულ გარემოში იღებენ უნიკალურ დახმარებას – პროფესიონალების მიერ შექმნილ ყველაზე მეგობრულ, ოჯახურ და კომფორტულ გარემოს, სადაც შეიძლება ვიღაცის სიცოცხლე შეწყდეს, მაგრამ სიყვარული აქ არასოდეს მთავრდება...
არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ თუ წაგიკითხავთ, ისიც გემახსოვრებათ, რომ ციცინათელების მწყემსს ბაია ჰქვია, ხოლო ნამდვილი ციცინათელები ოდესღაც მართლა არსებობდნენ.
ჰკითხეთ მშობლებს და, ალბათ, სიამოვნებით დაგიდასტურებენ, რომ, როცა პატარები იყვნენ და თქვენს ბებიებსა და ბაბუებს საზაფხულო არდადეგებზე სოფელში ან აგარაკებზე მიჰყავდათ, უნახავთ, ორღობეები ღამღამობით ციცინათელებით როგორ ივსებოდა. ციცინათელების მიერ მკრთალად განათებულ გზებზე სიარული მაშინაც ადვილი იყო, როცა თავზე დააღამდებოდათ თამაშით გართულ პატარებს და შინ დაბრუნების დრო დგებოდა.
როცა ასე სწრაფად და მოულოდნელად ღამდებოდა, ბავშვები ციცინათელების იმედზე რჩებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდნენ, ამ ციცქნა ქმნილებების სიცოცხლე ხანმოკლე იყო. ციცინათელები დიდხანს მართლაც არ ცოცხლობენ, მაგრამ სწორედ მათი ხანმოკლე ცხოვრება იყო სინათლე, რომელიც იმ სიბნელეს ანათებდა.
ციცინათელები მალე ქრებოდნენ, მაგრამ პატარებს დიდხანს ახსოვდათ მათგან დატოვებული სითბო და სინათლე, ჭკვიანი ბავშვები კი იმასაც ხვდებოდნენ, რომ არა მხოლოდ ციცინათელები, არამედ ზოგჯერ ადამიანებიც ძალიან ადრე ამთავრებენ მიწიერ სიცოცხლეს.
როცა პატარები იზრდებოდნენ, ნელ-ნელა იმაშიც რწმუნდებოდნენ, რომ ნაადრევად გარდაცვლილმა ერთმა ადამიანმაც შეიძლება ისეთი სითბო და სინათლე დაუტოვოს სხვებს, რომ ეს საჩუქარი მთელი ცხოვრება ეყოთ საგზლად.
ასეთ საჩუქრებს ყველაზე ხშირად სწორედ ის პატარები ტოვებენ, რომლებიც თვითონ ნაადრევად მიფრინავენ.
ნებისმიერმა ადამიანმა, ალბათ, ბავშვობიდანვე უნდა იცოდეს, რომ სიცოცხლის გარდა არსებობს გარდაცვალებაც და აქვე, ჩვენ გვერდით, არსებობენ პატარები, რომლებიც დიდებივით იბრძვიან სიცოცხლისთვის, ხოლო ამ პატარების სიცოცხლის დაცვასა და გახანგრძლივებას, ნებისმიერი ბავშვის მონდომება სჭირდება.
ყველას, ვინც ახლა მათ ისტორიას წაიკითხავს და ვისაც მათი დახმარების სურვილი გაუჩნდება, შეუძლია, პირდაპირ უთხრას მშობლებს, ოჯახის უფროს ახლობლებს, საკუთარ თავსაც, რომ თუ აქვთ საშუალება და სიკეთის გაკეთებაც უნდათ, ამ პატარების თანადგომა, ალბათ, უმთავრესი სიკეთე იქნებოდა.
ამ წიგნზე მუშაობისას გაწეული უდიდესი თანადგომისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საზოგადოება „ღანის“ დამფუძნებელ ლევან თარგამაძეს.