წინასიტყვაობის მაგიერ პოეზიაზე საუბარი ყოველთვის მიჭირს. ის ჩემთვის არც დამსახურებაა და არც რაიმე გამორჩეული მისია. ეს უფრო საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა და სიმართლის თქმის ერთადერთი ფორმაა − ხანდახან ჩურჩულით, ხანდახან კი სიმწრის ამოძახილით ნათქვამი.
როდესაც 2012 წელს ჩემი პირველი კრებული „ლურჯი რვეული“ გამოიცა, ის სამყაროსთან დაწყებულ პირველ, ფრთხილ დიალოგს ჰგავდა. 2019 წელს მას „მენტალური მისტერია“ მოჰყვა − საკუთარი გონებისა და ფიქრების ლაბირინთში გარკვევის მცდელობა. ახლა კი თქვენ წინაშეა რიგით მესამე პოეზიის კრებული. რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ავტორის მთავარი ამოცანა სიტყვებით თამაში კი არა, შეულამაზებელი გულწრფელობაა − დაწერო ის, რისი აღიარებაც ყველაზე მეტად გიჭირს.
ამ წიგნს „ქოფაკის თანავარსკვლავედი“ დავარქვი. რატომ ქოფაკის? იმიტომ, რომ ადამიანები ხშირად ვგავართ იმ მიტოვებულ, უჯიშო ძაღლებს, რომლებიც მიწაზე ყოფნის სისასტიკეს ეჩვევიან, ზოგჯერ ღალატს აწყდებიან, ზოგჯერ გადასარჩენად მგლებად იქცევიან... მაგრამ მაინც − ყოველ ღამით ცას შეჰყურებენ, რადგან იციან, რომ მათი ნამდვილი სახლი იქაა, „დიდი და პატარა ძაღლის თანავარსკვლავედებში“. ეს წიგნი სწორედ ამ პარადოქსზეა: მიწაზე ტანჯვასა და ზეცისკენ ლტოლვაზე. ის მთავრდება ღმერთის ერთადერთი, უმთავრესი პასუხით: „გიყვარდეს... რამეთუ მე ვარ მამაშენი და მე ვარ დედაშენი“.
ამ გზის გამოსახატავად, კრებული სამ ნაწილად, სამ „რვეულად“ დავყავი. სტრუქტურა სამი მოგვის ბიბლიურ მოტივს ეყრდნობა. მათ ხომ მაცხოვართან ის მიიტანეს საჩუქრად, რაც ყველაზე ძვირფასი ჰქონდათ:
„მელქიორის რვეული“ (გუნდრუკი): როგორც მელქიორმა მიართვა საკმეველი ღმერთს, ეს პირველი ნაწილიც ღმერთის ძიებასა და შინაგან გამოფხიზლებას ეთმობა. თუმცა აქ ღმერთი არ არის მიუწვდომელი და შორეული − ის ტალახიანი ძაღლის, მეზობლის ან დამსხვრეული ფინჯნის სახით მოდის ჩვენთან. ეს არის ლექსები იმ ეგზისტენციალურ სიჩუმესა და მარტოობაზე, სადაც ადამიანი იძულებულია, საკუთარ შიშებსა თუ სიბნელეს თვალი გაუსწოროს და მიხვდეს, რომ ზოგჯერ სწორედ სრულ „არაფერში“ იმალება ყველაზე ნამდვილი სინათლე. ეს ის ფიქრებია, რომლებიც საკმევლის კვამლივით, ზუსტად მიწიერი სიმძიმიდან მიილტვიან ცისკენ.
„გასპარის რვეული“ (მური): მური ადამიანური ტკივილისა და მიწიერი სიმძიმის სიმბოლოა. აქ ის ლექსები შევაგროვე, რომლებიც ჩვენს სევდას, მარტოობასა და სხვა პოეტებისადმი მიძღვნებს აერთიანებს.
„ბალთაზარის რვეული“ (ოქრო): ბალთაზარმა ახალშობილ ქრისტეს ოქრო მიუძღვნა − ის, რაც არასოდეს იჟანგება და ფასს არ კარგავს. ჩემთვის ასეთი შეუფასებელი ოქრო ჩემი ფესვებია. ამიტომ ბოლო ნაწილი ხევსურეთს, პაპაჩემსა და ბებიაჩემს ეძღვნება.
ეს წიგნი არ იძლევა მზა პასუხებს და არც რაიმეს გასწავლით. ის უფრო იმ მტკივნეული კითხვების კრებულია, რომლებსაც საკუთარ თავს ვუსვამთ, როცა სრულიად მარტო ვრჩებით.
წიგნს ვუძღვნი ყველას, ვისაც ოდესმე გაუცხოება და სიცივე უგრძნია, ვისაც გამოუცდია მარტოობა, მაგრამ მაინც არ შეუწყვეტია ცაში საკუთარი თანავარსკვლავედის ძიება.
რამაზ გიგაური