პიესა, ორიგინალური ბოლოსიტყვაობით და ანდერძით -
სამწუხაროდ, ჯერჯერობით უსათაუროდ.
სათაურზე ვაცხადებ პრემიას:
1 - სამი ბილეთი პრემიერაზე
2 - ორი ბილეთი „ - „
3 - ერთი ბილეთი პრემიერაზე.
ასეთი პრემიების შემდეგ, დარწმუნებული ვარ სათაურზე ფიქრით არავინ თავს აღარ შეიწუხებს, რითაც ძალიან დამავალებენ.
მოქმედი პირები
მარინა - გოგო, რომელსაც მოუკლეს შეყვარებული.
ცირა - კუტი გოგო, მისი ამხანაგი.
ქეთო - ცირას დედა.
ნატა
მარგო ქეთოს ამხანაგები.
სუსანა
ნანა - ნატას შვილი.
მათხოვარი.
დათო - დეფექტური დიდი ბიჭი.
ქოფაკი - მარინას ძაღლი.
კატა - ცირას ფისო.
ლანა
ბრმა, ვიოლინოზე დამკვრელი
ფეხშიშველა მოდღლეზილი ბოშა
დათვი
გურამი
თემო
არეული საზოგადოება ტელეგადაცემიდან.
ხალხი - მარტო იმისთვის, რომ მათხოვარს ფული ჩაუყარონ.
სცენის მარცხენა მხარეს მოჩანს დიდი ოთახი, ორი საწოლით. ერთში, კედელთან, წევს ცირა, მეორეში - დედამისი ქეთო. საწოლების შუაში დგას ტელევიზორი, იქვე - მაგიდა, ორი სკამით. ტიხარი ერთი მთლიანი ფიცარია, სცენის სიღრმეში წასული. მის მარჯვნივ არის ვიწრო შუკა, ხოლო შუკის მარჯვენა მხარეს შედარებით პატარა ოთახი, ისიც ისე გადატიხრული. ამ ოთახში თხელფეხება მაღალ სკამზე ზის მარინა, ქოფაკი უკანა ფეხებზეა წამოსკუპული კუთხეში. შუკის თავში მავთულზე კიდია ნიშანი მოძრაობის წესებიდან – „მანქანის გასასვლელი არ არის“. სიღრმეში ჩანს მოლიცლიცე რეკლამა და მოძრავი მანქანები.
სცენას ძველ ბოძზე დაკიდებული რეკლამა ანათებს. ნელა ბაცდება ელექტრონის შუქი, თენდება. შუკის სიღრმიდან გორგოლაჭებიან ოთხთვალაზე დაკრული მათხოვარი მოგორავს, ცალ ხელზე მხოლოდ სამი თითი აქვს, მეორე მოგლეჯილი აქვს და ზედ მიმაგრებული მასიური ჯოხით აძლევს ბიძგებს. ის ნათურის ქვეშ ჯდება.
მათხოვარი:დილა მშვიდობისათ!
/პირჯვარს იწერს/
არ ეცხელება, ალბათ, დღეს ისე, როგორც გუშინწინ, წვიმის შემდეგ რომ ჩამოიბურა, კინაღამ მეც კი არ დავტოვე ჩემი ადგილი.
/იხდის თავიდან დიდ, გრძელკეპიან ქუდს/
ესეც ნაცადი ჩემი კარტუზი და ერთადერთი ჩემი ერთგული, ღმერთო, ნუ მიწყენ /ისევ იწერს პირჯვარს, ქუდს დებს ოთხთვალას წინ, თხოულობს/:
მოიღეთ მოწყალება,
საწყალ ინვალიდს
ნუ დაამადლით ათ-თხუთმეტ კაპიკს,
ორჯერ დამარხულს ბრძოლის ველზე
და სასწაულით ძლივს გადარჩენილს.
/მარინა დგება სკამიდან, წინ გამოდის, უყურებს ცარიელ ქუჩას, დღის სინათლე მატულობს. შემდეგ ისევ ჯდება/.
მათხოვარი:საწყალი გოგო, ისევ არ სძინავს.
ოთხი თვე გადის,
რაც გიო მოკლეს, ჩემი მფარველი.
სანამ ის იყო,
ვერვინ ბედავდა ჩემს წყენინებას
და ფულიც მქონდა
ნათხოვარს ზევით ხუთი მანეთი.
სულ ერთად იყვნენ გათენებიდან.
/მაღლა იყურება. უფრო თენდება. მეეზოვე გვის, მტვერს აყრის მათხოვარს, ის ყურადღებას არ აქცევს/
ჰოო, მზეც ამოდის.
როგორ უყვარდათ მათ ერთმანეთი.
მგელს დაემსგავსა ახლა ეს გოგო,
ხორცს მონატრებულს.
ვგრძნობ, რომ მსხვერპლს მსხვერპლი მოჰყვება
ზედვე,
არ მოისვენებს იმ ბიჭის სული.
/შუკაში ზევიდან ქვევით ვიღაც მიდის, მათხოვარი მეჩხერ კბილებს აჩენს, ცხვირი ნახევრად წაგლეჯილი აქვს, იღრიჯება, თხოულობს/
მიეცით კაპიკი საწყალ ინვალიდს,
ორჯერ დამარხულს
და სასწაულით ორჯერვე ცოცხლად ძლივს გადარჩენილს. /ფულს უყრიან ქუდში/
გმადლობთ, ბატონო,
ღმერთს ვთხოვ შენზედაც. /ნასიამოვნები უყურებს ხურდას/
ორმოცი კაპიკი,
პირველი სიფთა,
მოხერხებულად დაიწყო ეს დღე.
/მთელი ამ ხნის განმავლობაში მარინა უმოძრაოდ ზის სკამზე, მერე სახელდახელოდ ისწორებს კაბას, თმებს ერთი ხელის გადასმით და ამაყი სახით გამოდის ღია მხრიდან პირდაპირ სცენაზე. აცვია ბიჭის პერანგი, დამდგარი საყელოთი, გული ორ ღილზე გახსნილი და ბოლომდე ჩამოშვებული სახელოები, დიდი შავი სამაგრებით; პერანგი ჩატანებული აქვს ვიწრო შავ ქვედატანში. ის არც უყურებს მათხოვარს, მიდის შუკის სიღრმეში. ოთახში სკამის ფეხთან მიბმული ძაღლი რჩება. სცენის მარცხნივ მოთავსებულ ოთახში ქეთო სკამიდან იღებს ხალათს, ლოგინშივე იცვამს, დგება. სარკესთან ნელა მოჰყავს თავი წესრიგში. ცირა ბრუნდება მისკენ. ოთახში მზის პირველი სხივი შედის. მარინას ოთახი ისევ ოდნავ სიბნელეშია/
ცირა:ადექი, დედა?
ქეთო:ჰო, ცირა, უკვე დრო არის ადგომის, რვაზე უკვე სამსახური დამეწყება. თუმცა დღეს გვიან წავალ, გუშინ ვთხოვე უფროსს, შენი კაბა მაქვს დასამთავრებელი.
ცირა:რა კარგია!
ქეთო:თანაც ახალ მოდაზე უნდა შეგიკერო, წელში ვიწრო, ზევით გამოყვანილი, ამოჭრილი გულით და გრძელი, მკლავის სიმსხოზე გამოყვანილი, სახელოებით. ერთ საათში ნატა მოიტანს მოდების ჟურნალს.
ცირა:ვიცი, როგორსაც ამბობ, მარინას რომ ეცვა შარშან, არა?
ქეთო:ჰო, ოღონდ ქვევით იქნება გაშლილი, მარინას კი ქვევითაც მოჭერილი ჰქონდა.
ცირა:/ნაღვლიანად/ ეგრე ჯობია, მე მოჭერილი არ მინდა, სწორეა.
/დედა მიდის, კოცნის/
ქეთო:ახლავე დავდგამ საუზმეს, პირსაც დაგაბანინებ.
/შემოაქვს იქითა ოთახიდან, რომელიც კულისებშია, ნავთქურა. ანთებს, ზედ ტაფასა დგამს, მერე ცირასთან მიაქვს ტაშტი და თუნგი,