წერილის მაგიერ: -
მოხუცებული
/ნოველა დღიურ-ეპილოგით/
ევგენი პროკოფიევიჩს წესად ჰქონდა კარის ჩუმად გაღება; კორიდორში იხდიდა პალტოს, რომელსაც დიდი, ფართო კრაველის საყელო ჰქონდა და ძველ, მასიურ დასაკიდებელზე ჰკიდებდა, მერე სარკის წინ დებდა ქაღალდში გახვეულ საჩუქარს, რომელსაც ყოველი კვირის ბოლოს ყიდულობდა ცოლისთვის; კოსტუმის ჯიბიდან იღებდა სავარცხელს, ივარცხნიდა თეთრ, ხშირ თმას, ჯაგრისით იბერტყავდა მხრებზე დაყრილ ქერტლს, კიდევ ერთხელ დახედავდა საჩუქარს და ისევ ჩუმად, კეთილი ღიმილით შედიოდა წინა ოთახში;
იქითა, უფრო პატარა ოთახი ითვლებოდა საწოლად. იქ იჯდა მისი ახალგაზრდა ცოლი და გაზეთზე ნიშნავდა მისთვის საინტერესო ადგილებს.
ახლა განსაკუთრებული სიფრთხილით შეაღო მან კარები, უნდოდა, რომ ძვირფასი საჩუქრით პირდაპირ თავზე წასდგომოდა მეუღლეს, ეს იცოდა მისმა ცოლმა და ყოველთვის ყურს იყრუებდა, ვითომ არ ესმოდა ნაბიჯების ხმა.
თვის ბოლო იყო, ამ დროს საჩუქარი ყოველთვის ორიგინალური და განსაკუთრებით კარგი მოჰქონდა მოხუც ქმარს. სიამოვნებით გადაივარცხნა თმა, დაიბერტყა ქერტლი და უხმოდ შევიდა სასტუმროში. დიდ სავარძელში ჩაესვენა, წინ, მაგიდაზე, დადო საჩუქარი და ღირსეული შემფასებლის კმაყოფილი თვალებით დაუწყო ყურება, მერე პაპიროსი გააბოლა. ოჰ, ეს თამბაქო იყო მათი მუდმივი ოჯახური უსიამოვნების საგანი; წლებმა გული გაუფუჭა და ძველი მწეველი იძულებული იყო სულ ცოტა და ცოტა ეწია, ამის უფლებასაც არ აძლევდა ვალენტინა. როცა უწყრებოდა ცოლი, ის ბუზღუნებდა, უკმაყოფილო სახეს იღებდა, გულში კი სიამოვნებდა, რომ ასე ზრუნავდა მასზე, მერე ჩუმად იპარებოდა დერეფანში და პატარა ბიჭივით მალულად სწევდა მუჭიდან - ეს იყო მისი ყველაზე დიდი სიამოვნება. ზოგჯერ მეზობლის გოგოს დაუძახებდა, დააყენებდა კარებთან, „თუ ვალენტინა ივანოვნამ გამოიხედოს, მანიშნე“, ეტყოდა; მუდმივი მოლოდინი, რომ ცოლს შეიძლებოდა გამოეხედა და გასწყრომოდა, არაჩვეულებრივ კმაყოფილებას ჰგვრიდა მას.
ახლაც ასევე ჩუმად გააბოლა და ოდნავ, სულ ჩუმად ჩაახველა, გაიღიმა, საჩუქარი მართლა დიდებული იყო - შიშველი ქალის სტატუა, გამოთლილი მარმარილოში, ვიღაც ცნობილი მოქანდაკის რეპროდუქცია, ვისი - არ ახსოვდა. ის არაჩვეულებრივად ჰგავდა ვალენტინას. მოხუცი ფიქრებში გაერთო, თამბაქოს ბოლი ჭერში ადიოდა, მერე ოთახში დაგუბდა. „საშინლად გაიბოლა ოთახი“, გაიფიქრა, ხელით გაფანტა ბოლი და დერეფნის კარები გამოაღო, როცა მობრუნდა, ცოლის ოთახს დაუწყო სიამოვნების ღიმილით ყურება, მერე საჩუქარზე გადაიტანა მზერა და სავარძელში ჩაესვენა. კიდევ ორი-სამი ნაფაზი დარჩა მოსაწევი. იქითა ოთახიდან ვალენტინას მინაზებული ხმა რაღაც უცხო სიცოცხლით ლაპარაკობდა. „ალბათ, მეზობლის გოგოს ასწავლის“, გაიფიქრა მოხუცმა, მერე მოაგონდა, რომ აქამდე სიჩუმე იყო იქით. ვალენტინა კი უფრო ხმამაღლა ლაპარაკობდა:
- მე დიდი ხანია გადავეჩვიე ყველაფერ ამას, კოცნასაც, ცეკვასაც; ხანდახან მეჩვენება, რომ მეც დავბერდი მასავით; შენ პირველი ხარ გათხოვების შემდეგ, მე არც ვიცი გავკიცხო ჩემი თავი თუ არა; ის ბებერია, მე კი სიცოცხლე მინდა, მოდი ახლო, უფრო ახლო, ისე მომენატრა ყველაფერი, ჰა, აი ასე, კიდე მაკოცე, ოჰ, რა გაუმაძღარი გავხდი, ღმერთო ჩემო, არა, შენი ბრალი არ არის არაფერი, რა თქვი? რა? რატომ გავთხოვდი? გეტყვი რატომაც, გამოუცდელობის გამო, მე მაშინ ჩვიდმეტისაც არ ვიყავი, ის კი ორმოცდათხუთმეტის იყო...
ევგენი პროკოფიევიჩმა დარჩენილი ორი ნაფაზი აუჩქარებლად მოქაჩა, ბოლი ხელით გაფანტა და ჩუმი ნაბიჯებით გამოვიდა, შემდეგ დაბრუნდა, საჩუქარი აიღო, პალტო ჩაიცვა, ქუდი, ჩვეულებისამებრ, სარკესთან დაიხურა და ქუჩაში გავიდა.
ბარდნიდა.
ადრე მიყინულ თოვლს ნაცნობი მეეზოვე ქალი დიდი ნიჩბით ფხეკდა. ახალი ფიფქები შავად დარჩენილ ასფალტს ნელა და ენერგიულად ფარავდნენ.
- თქვენ საით, ევგენი პროკოფიევიჩ, სულ ახლა არ მოხვედით? - მხიარულად გამოეხმაურა ის.
- აგერ საყიდლებზე.
„რა კარგი ქმარია“, გაიფიქრა მეეზოვემ, „ერთი საჩუქარი არ ჰყოფნის“.
„რა ენერგიული ქალია, დღე და ღამე მუშაობს. აი, ახლაც დადებს თოვლს და კიდევ უნდა წმინდოს, ღამე კიდევ უნდა ადგეს და წმინდოს. უბედურებაა მათთვის ზამთარი“, უტრიალებდა თავში მოხუცს, ის პატარა ქუჩას გასცდა და დიდ ქუჩაზე გავიდა. კარგად, ნაცნობ გზას გაუყვა სამსახურისკენ, რატომღაც არასოდეს არ უგრძვნია, რომ ამდენი ხალხი იყო ქუჩაში, არც დაინტერესებულა არავის სახით. ახლა ყველას უყურებდა, ჯერ კიდევ შორიდან ამოირჩევდა რომელიმე სახეს, ცდილობდა გამოეცნო რა ხნის იყო, როცა ჩაივლიდა ის, უკან გააყოლებდა თვალს და გულში ამბობდა მის ხნოვანებას. გადასასვლელთან დაყოვნდა, „დიდი ბიზონები“, თოვლით დატვირთული, მძიმედ გადიოდნენ დიდ ქუჩაზე, მათ გვერდზე მსუბუქი მანქანები სულ ერთი ბეწოდ და სასაცილოდ ჩანდნენ, მას რატომღაც მოუნდა გამოეცნო რამდენი მსუბუქი მანქანა ჩაეტეოდა ერთ „ბიზონში“; ბოლოს უცხო მარკის ავტომობილმა ჩაიქროლა; შუქნიშანი გაიხსნა, ხალხთან ერთად სწრაფად გადაჭრა ქუჩა მანაც. ახლა ის მთლიანად გაერთო