სხვა გასაღები
ინტ. სკოლა. დღე
საკლასო ოთახში მოწაფეები მერხებთან სხედან. დაფასთან მასწავლებელი (ქალი) დგას. კედლებზე პლაკატები კიდია, რომლებზეც დინოზავრებია გამოსახული.
მასწავლებელი
ასე რომ, თავისი გიგანტური ზომის მიუხედავად,
ბრონტოზავრი ერთ-ერთი ყველაზე უწყინარი
ცხოველი იყო, ბალახიჭამია...
ერთი მოსწავლე ხელს წევს. მასწავლებელი ჩერდება.
მასწავლებელი
გისმენ, ლუკა.
ლუკა
როგორც ძროხა?
მასწავლებელი
(ღიმილით)
შეიძლება ასეც ითქვას.
ზოგი მოსწავლე რვეულში რაღაცას ინიშნავს. მასწავლებელი მაჯის საათზე იხედება, თავის მაგიდასთან მიდის, წიგნს ფურცლავს.
მასწავლებელი
შემდეგ გაკვეთილზე ვისაუბრებთ
დიდ გამყინვარებაზე.
ირეკება ზარი. მოსწავლეები ფეხზე ხტებიან. წიგნებს და რვეულებს ჩანთებში ალაგებენ. საკლასო ოთახი და მთელი სკოლა უცბად ცოცხლდება. ისმის გუგუნი.
დერეფნები მოსწავლეებითაა სავსე. ყველანი გასასვლელისკენ მიდიან. ზოგი წყვილი ერთმანეთში საუბრობს. ზოგი ვიღაცას ეჯღანება, ზოგს კიკინას წიწკნიან და ა.შ.
ექსტ. სკოლის ეზო. დღე
სკოლის ეზო მოსწავლეებისგან თანდათან იცლება. ლუკა თავის ერთ-ერთ კლასელს ემშვიდობება. მალე ეზო ისევ ცარიელია.
ექსტ. ქუჩა. დღე
ქუჩის ტრასაზე მანქანები მოძრაობენ. ლუკას სასკოლო ზურგჩანთა კიდია. ტროტუარზე ხალხის ნაკადს შეერევა. ლუკასგან მოშორებით, ბორდიურთან, მაღალი გამხდარი მოხუცი ქალი დგას. თხელი კეხიანი ცხვირი აქვს. ხელში დაკეცილი შავი ქოლგა ხელჯოხივით უჭირავს. პატარა ხელჩანთა ამოიღლიავებული აქვს. სრულიად თეთრთმიანს, თავზე მოკლეფარფლებიანი შლაპა ახურავს. მოკლედ, ძველი ფოტოდან გადმომხტარს გავს. ლუკა მოხუცის მიმართულებით მიდის. ტროტუარზე უამრავი ხალხი ირევა.
ისაა, ლუკა ქალბატონს უკვე უნდა მიუახლოვდეს, რომ მოხუცი ხელს წევს, ტაქსი მის გვერდით ჩერდება. თან, თითქოს სულ ერთი წამით, ლუკასკენ გამოიხედავს. თან ხელჩანთას ხსნის, საიდანაც იღებს ხელთათმანს, იცვამს ხელზე. ჩანთას ისევ ხურავს, მაგრამ ამ ფაციფუცში ხელჩანთიდან პატარა ქისა უვარდება. ქალბატონი ამას ვერ ამჩნევს (თუ არ იმჩნევს). მოხუცი ავტომანქანის უკანა კარს აღებს, ტაქსიში ჯდება. ავტომანქანა ადგილიდან იძვრება.
ლუკა
დეიდა!.. დეიდა!..
მაგრამ ქალბატონს არ ესმის, ტაქსი ქუჩის კუთხეში უხვევს. ლუკა მირბის, ქისას ხელში იღებს. ქისაში ძალიან პატარა, ალბათ, ზარდახშის ვერცხლის გასაღებია, რომელიც წვრილ ძეწკვზეა გამობმული. ლუკა დგას, გასაღებს ხელში ატრიალებს. მის გარშემო ხალხი მიდი-მოდის. როგორც ჩანს, ლუკას მეტმა ვერავინ შეამჩნია ეს ყველაფერი.
ლუკა ქუჩის კუთხისკენ იყურება, ხვდება, ტაქსის ვეღარ დაეწევა. შემდეგ გასაღებს ქისაში აბრუნებს, ქისას ზურგჩანთის ჯიბეში დებს და ისევ თავის გზაზე მიდის. ხალხმრავალ ქუჩას მიუყვება.
ინტ. წინკარი. სასტუმრო ოთახი. დღე
წინკარში გოგონა (ნინი) შემოდის, სწრაფად იხსნის ზურგჩანთას, აგდებს ფეხსაცმელებთან, იხდის ქურთუკს, კიდებს საკიდზე. იხდის კედებსაც, ფეხს ჩუსტებში უყრის და სასტუმრო ოთახში გარბის. მიირბენს მაღალ სადგამზე მდგარ აკვარიუმთან, სადაც ეგზოტიკური სამურაი-თევზები დაცურავენ. საჭმელ ფხვნილს ჩაუყრის. თევზები მტვერივით საჭმელს ჭამენ. ნინი დივანთან მიდის, წვება, იღებს დისტანციური მართვის პულტს, რთავს ტელევიზორს, სადაც რაღაც საბავშვო სერიალია. როგორც ჩანს, შინ არავინაა.
ნინი ტელევიზორს უყურებს. დივანთან დაბალი მაგიდა დგას. მაგიდაზე რაღაც ჟურნალები და კანფეტებით სავსე გამჭვირვალე თასი დგას. ნინი ტელევიზორსაა მიჩერებული, თან კანფეტებს ჭამს. მის წინ რამდენიმე ბრჭყვიალა დაჭმუჭნილი ქაღალდი გროვდება. ნინი იღებს “კინდერ-სიურპრიზს”, ქაღალდს აფცქვნის, შოკოლადის კვერცხს შუაზე ტეხავს. ხსნის პლასტმასის შიგთავსს. შიგნით ძეწკვზე გამობმული პატარა გასაღები დევს. ნინი გასაღებს სულ ერთი წამით დახედავს, ძეწკვს მექნიკურად ხელზე იხვევს სამაჯურივით. სერიალის ყურებას განაგრძობს.
ინტ. ლუკას საძინებელი. საღამო
ლუკა მაგიდასთან ზის. გაკვეთილებს ამზადებს. მაგიდაზე რაღაც სახელმძღვანელოები, რვეულები, კალმისტრები, სახაზავები და ფერადი ფანქრები აწყვია. ზოგი სახელმძღვანელო გადაშლილია. ღამის ლამპა ანთია. იქვე დევს ქისაც. კარი იღება, ოთახში ლუკას დედა ყოფს თავს.
დედა
ლუკა, ძილის დროა უკვე. მოდი, ჩაი დალიე
და დაწექი.
ლუკა
(თავის აუწევლად)
მოვდივარ, დე!
სანამ მაგიდიდან ადგება, რვეულში ბოლო ჩანიშვნას აკეთებს. შემდეგ წიგნს ხურავს და რვეულებთან, ერთად სასკოლო ჩანთაში აწყობს. ამ დროს ქისას შენიშნავს. ხსნის, ძეწკვზე გამობმულ გასაღებს ღამის ლამპის შუქზე აკვირდება. მაგიდის უჯრიდან იღებს ლუპას, გასაღებს უფრო გულდასმით ათვალიერებს. ძველებური, თან საიუველირო ნაკეთობაა. გასაღებს ყური ლამაზად დაწნული აქვს. ვერცხლის წნულები ერთმანეთში ისეა გადახლართული, რომ გასაღების ყური ყვავილის გაშლილ გვირგვინს გავს. “გვირგვინს” კიდეზე რკალად რაღაც სიტყვები აქვს ამოტვიფრული. ლუკა უფრო გულმოდგინედ აკვირდება წარწერას, მაგრამ უშედეგოდ. ამოტვიფრული სიტყვები მისთვის უცნობია. ეს არც ინგლისურია, არც გერმანული, არც ლათინურს გავს და არც ბერძნულს. ეს არც ანაგრამა უნდა იყოს, რადგან მსგავს ასოებს და