ნადირობა
უქმად გატარებული დღე
არიელ:ჩუ, ისინი ღმუიან.
პროსპერო:მაშ, დაე ნადირობა იყოს ნამდვილი.
(შექსპირი „მეთორმეტე ღამე“)
ვაჟა ჯანდიერი გრძელი, იტალიურ კინოებში ნახული ნაბიჯებით ჩაუყვა თავის დაღმართს. თხელი თოვლი ფეხქვეშ უდნებოდა. გადნობილზე ახალი ფიფქები თავს ვეღარ იკავებდნენ. უცებ ქრებოდნენ ისინი.
თოვდა.
მერე ის სწორ გზაზე გავიდა: აქ თოვლი სულ ტალახად იყო ქცეული: ქუჩის თავში აფთიაქი იყო, მერე ინსტიტუტი, მერე რესტორანი, მერე საშაქარლამო, მერე ისევ რესტორანი, მერე რუსთაველის გამზირი: ფოთლებგაცვენილი ხეივანი. მარადმწვანე გრძელი ბაღჩები წარწერებით: გაზონებზე არ იაროთ. გამზირის შუაში ლაღიძის წყლების წარწერა ეკიდა; ვაჟა ქვედა სართულში ჩავიდა. კედლის საათი უკვე თორმეტს უჩვენებდა.
- ბოდიში, - თქვა მან. - რომელი საათია?
გრძელწამწამებიანმა და მოხატულწარბებიანმა მომტანმა ქალმა თეთრი ქუდი შეისწორა, მერე კბილები გამოაჩინა.
- აგერ საათი, - ხელი გაიშვირა კედლისკენ.
ჯანდიერს ჩაეღიმა.
- ერთი „თბილისი“, ერთი ხაჭაპური.
- როგორი, „სლაიონი“ თუ „აჭარსკი“.
- „სლა-ი-ო-ნი“.
ორგრადუსიანმა წყალმა მადა გაუღვიძა. კიდევ მოითხოვა ერთი.
- ჩემზე რამდენია, - თქვა მან.
- ათი და რაღაც კაპიკები.
ვაჟამ თხუთმეტი მანეთი დადო.
- ბოდიში, რომელზე ხურავთ? - ისევ თქვა მან.
- თორმეტზე, - მომტანმა ისევ შეისწორა ქუდი.
- თქვენი სახელი? - უცებ მოჭრა ვაჟამ.
- რაში გჭირდებათ? - კიდევ გამოაჩინა კბილები მომტანმა.
- როგორ? - ვაჟამაც გამოაჩინა კბილები.
ვიღაცა გვერდით მაგიდიდან აწკარუნებდა ჭიქაზე: მომტანი თეძოების რხევით წავიდა შეკვეთის მისაღებად.
ვაჟა კიდევ იჯდა.
მომტანმა ყველაფერი მიიტანა, მერე ჩასუქებული, ლოყებღაჟღაჟა კაცის თხოვნით მიტანილი შამპანურიდან ერთი ჭიქა შესვა. კაცმა ახლა კიდევ რაღაცა სთხოვა.
ვაჟა იჯდა.
მომტანმა ორი შოკოლადი მიუტანა იმას: მან ერთი თვითონ აიღო, მეორე ქალს მისცა. ფეხზე მდგარი მომტანი დიდხანს ელაპარაკებოდა ლოყებღაჟღაჟას.
ვაჟა წამოდგა.
მიიხედა.
ისინი ისევ საუბრობდნენ.
გრძელი ნაბიჯებით მივიდა კიბემდე.
მიიხედა და თითო საფეხურის გამოტოვებით აუყვა: გარეთ ისევ თოვდა. ქვაფენილის ნაპირებში თეთრად ჩაწყობილიყო ფიფქი. ქუჩა ტალახიანი იყო: მოწყენილი ტროლეიბუსები წითლად ანთებულ შუქნიშანთან იდგნენ: ვაჟამ მძღოლს გაუღიმა: წინა კარი გაიღო: ის სწრაფად ახტა შიგ. ისევ დაიხურა. ტროლეიბუსთან ვიღაც ხანშიშესული კაცი მოვარდა კოჭლობით: მძღოლმა კარი არ გაუღო.
ახლა ტროლეიბუსი რუსთაველის ძეგლთან გავიდა. მსუბუქი მანქანები ქვევით უხვევდნენ. ტროლეიბუსმა კი რაიკომს ჩაუარა, მერე ბაზარს, მერე კიროვის ბაღს, მერე აბრეშუმსაქსოვ ქარხანას, რომლის კარზე მემორიალური დაფა იყო გაკრული; „სტალინური მარშრუტი“ მოაგონდა ვაჟას და გაეღიმა: რატომღაც სკოლა და ბუზღუნა ავტობუსის შოფერი გაახსენდა.
თერთმეტსართულიანთან ისევა თოვდა.
მენავთეთა სახლში ლიფტი თორმეტი საათიდან მუშაობდა. ვაჟამ ვიღაცა გამვლელს საათი ჰკითხა: მესამე დაწყებულიყო.
მელიფტე ქალმა ალმაცერად შეხედა მყუდროების დამრღვევს: საქსოვ ჩხირებზე ნახევრად ამოყვანილი წინდის ყელი მაგიდაზე დადო და კარი მოაჯახუნა.
- მეხუთე, - თქვა ვაჟამ.
მელიფტემ ხელი დააჭირა ღილაკს.
- გმადლობთ, - თქვა ვაჟამ.
მელიფტემ კარი მიიხურა.
ვაჟამ დარეკა.
კარი ნოდარმა გაუღო.
ჯანდიერმა აიყვანა და აკოცა; მერე ბაბუასთან შევიდა ოთახში: გადაკოცნა: მოხუცს თვალებზე ცრემლი მოადგა: კიდევ გადაკოცნა.
- როგორ ხარ, ბაბუა? - დაიწყო ბაბუა სიმონმა.
- თქვენ როგორ, ბაბუა? - თქვა ვაჟამ.
- რას იზამ, ვზივარ.
- მოკეთებულხართ.
- კაი ერთი, - მოხუცს თვალები გაუბრწყინდა.
- უსინდისო ვიყო, - თქვა ვაჟამ.
- კაი, კაი, - აუჟღერდა ხმა ბაბუას და ულვაშებზე ხელი გადაისვა;
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა:
კედლის საათი არ ტიკტიკებდა:
- საათი სად არის, ბაბუ?
- გაფუჭდა.
ისევ სიჩუმე:
ბაბუამ და შვილიშვილმა პაპიროსი გააბოლეს.
- საწამლავია.
- აბა!
- კიდევ კარგად ვუძლებ, - თქვა ბაბუამ.
- მშვენივრადა ხართ, - თქვა ვაჟამ.
- რას ვიზამ.
ისევ სიჩუმე.
ბაბუამ ახლა მეორე გააბოლა. „დღესაც ვერაფერი გავაკეთე“, გაიფიქრა ვაჟამ: უკვე მეათე დღე წაუვიდა უქმად: არც უნდოდა წერა - დღეს კი რატომღაც მოუნდა, მერე უფრო მოუნდა; მანაც გააბოლა: კიდევ მოუნდა: „აქ რას დაწერ“, - გაიფიქრა, „ან რა მოგივა თავში, ეს დღეც დაკარგულია, ერთი მაგისი“, უფრო მოუნდა წერა. ვაჟა ფიქრებში წავიდა: არც ერთი ძველი ჩანაფიქრი, რომელიც გაცივდა, აღარ მოეწონა. საფეთქლები გაუხურდა. ხელები აექავა.
ბაბუა თვლემდა.
დარეკეს.
ნოდარი ვიღაცას შემოუძღვა.
- ვინ არის? - გასძახა სიმონმა.
- არავინ: მოსამსახურეა, - თქვა ვაჟამ.
- ძაან გოგოა, - თქვა მოხუცმა.
- ეტყობა.
- ნამეტანი გვასიამოვნა.
- ეტყობა, მარჯვეა.
- რას ვიზამთ, - თქვა ბაბუამ.
ისევ სიჩუმე: სამზარეულოდან თეფშების ჩხარუნი ისმოდა.
- ერთ წამს