წინასიტყვაობა
გურამ რჩეულიშვილის შემოქმედება იქმნებოდა ოთხი წლის განმავლობაში ჩემ გვერდით, თითქმის ჩემ თვალწინ. ძალიან ხშირად ვიყავი მისი ნაწარმოებების პირველი მკითხველი. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ავტოგრაფის იერსახე, არაფერს ვამბობ მათ შინაარსზე, ჩემთვის ძალიან ნაცნობი და ახლობელი იყო, არქივზე მუშაობის დაწყებისთანავე ისინი მოულოდნელად გამიუცხოვდნენ და მივხვდი, რომ მათ შესახებ არაფერი ვიცოდი. შეშინებულმა აღმოვაჩინე, რომ სრულიად მარტო დავრჩი ხელნაწერებთან, რომლებიც თითქოს რაღაც ამოუცნობი საიდუმლო მნიშვნელობით იყვნენ სავსენი. მათი გაგება ხშირად ჩემს ძალას აღემატებოდა.
მალე მივხვდი იმასაც, ჩემი შეგრძნება არ იყო გასაკვირი და განსაკუთრებული, რადგან, როგორც ჩანს, თვითონ გურამისთვისაც შემოქმედებითი პროცესი საიდუმლოებით იყო მოცული. მას შემდეგ, რაც „შიგ შუა ცხოვრებაში ჩავარდნილს თავზე დაემხო შემოქმედება“ და გაიტაცა მისთვისაც ჯერ ამოუცნობი სიღრმეებისაკენ, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ის არ მალავდა გაოცებას, როდესაც „კალამზე მინდობით“, თითქოს მისგან დამოუკიდებლად იბადებოდა „ხილული ფაქტი“ (გურამის სიტყვებია), მხატვრული ნაწარმოები, რომელიც უკვე თითქოს თვით მწერალზე მეტიც იყო.
„ეს ვანო რა შუაშია, ა?“, ვკითხულობთ ამხანაგების დაძახილზე სახლიდან გარეთ გასავარდნად მომზადებული ჩემი ძმის ერთ მოკლე დღიურში. ეს დღიური უშუალოდ მოსდევს მოთხრობას, რომლის მთავარი პერსონაჟი არის სოფლელი ვანო.
ცხოვრებამ და მასში ნიაღვარივით შემოჭრილმა შემოქმედებამ გურამს წაუყენა სულ სხვა მოთხოვნები, ვიდრე ის იყო შეჩვეული (მწერლის სიტყვების პარაფრაზი). ამ ორი ფენომენის მუდმივი ურთიერთდამოკიდებულების შეგრძნება მიჰყვება გურამ რჩეულიშვილის ოთხწლიან შემოქმედებით პროცესს და განაპირობებს მის მხატვრულ თავისებურებას. წერის დაწყებიდან ორ წელიწადში გურამი უკვე ნამდვილ ხელოვანად აღიქვამს თავს („მე დიდი ხანია მოვიპოვე უფლება ჩემ თავს ხელოვანი ვუწოდო და მერე იცი, ხელოვნება რა არის?“ - ოდესის დღიურიდან), რამდენიმე თვეში კი უკვე არენაზე გასულ ტორეადორად. ის თითქოს ორ სანტიმეტრში ეთამაშება ხარის რქებს (მწერლის სიტყვების პარაფრაზი) და, ალბათ, წინათგრძნობით სავსე, აფრთხილებს საკუთარ თავს: „მთავარია, ზედ არ წამოვეგო ამ რქებს“.
გრძნობა, რომელიც გურამ რჩეულიშვილის არქივზე მუშაობის დაწყებისთანავე დამეუფლა, იყო ელდასავით წამიერი. დაუნაწევრებელ ბუნდოვანებაში გამოიკვეთა სინანულით და სიყვარულით აღსავსე ჩემი ძმა, სევდანარევი ცეცხლოვანი თვალებით. იგი მიაქროლებდა თავის მერანს „წინ“, უკანმოუხედავად, დაბრკოლებების უგულებელყოფით, როგორც გიჟი („რადგან სულელებს სჩვევიათ წინ სიარული, ჭკვიანი აქეთ-იქით იხედება და ეშინია“) „უცნობი პორტისაკენ“, თითქოს მართლაც ბედის საზღვრის გადასალახავად.
მას შემდეგ, ამ ხელნაწერებით შეპყრობილი, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები გურამ რჩეულიშვილის თითოეულ სიტყვას, წინადადებას... ვაკვირდები მის ხელწერას, სასვენ ნიშანს, აბზაცს, გრაფიკულ სტრუქტურას, თაბახის ფურცლის ფაქტურას, ზომას და პატარ-პატარა ნაწილებისაგან შემდგარ ავტოგრაფს, ისევე როგორც ჩემს ძმასთან დაკავშირებულ ყველა ამბავს, აღვიქვამ როგორც დოკუმენტს, რომელიც მოწმობს მისი ცხოვრების სიუჟეტური ხაზის თავისებურებას. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ვცდილობ ამოვიცნო ის საიდუმლო, მისი ბოლო, დაუმთავრებელი რომანის გმირს, მწერლის ალტერ ეგოს, გურამს რომ აწუხებდა: „საიდან მოვდივარ, საით მივდივარ, რა მინდა?“
გურამ რჩეულიშვილის პირველი მოთხრობა თარიღდება 1956 წლის თებერვლით, ბოლო ლექსი, „დედას“ - 1960 წლის აგვისტოთი. ის დაწერილი უნდა იყოს გარდაცვალებამდე სულ ერთი-ორი დღით ადრე.
მთელი ამ ხნის განმავლობაში გურამი მუშაობდა ინტენსიურად, გაუჩერებლივ (თუმცა ხშირად სიზარმაცეს სწამებდა საკუთარ თავს). წერდა ყველგან: თბილისში, თელავში, ოქროყანაში, ჩრდილო კავკასიაში, მოსკოვში, ოდესაში, კარპატებში, ბაკურიანში, თიანეთში... შინ, ლექციაზე, მუზეუმში, საავადმყოფოში, ფოსტაში...
გურამის გარდაცვალების შემდეგ, სულ მალე, საქართველოს მუზეუმიდან, სადაც გურამი რამდენიმე თვე მუშაობდა, მოგვიტანეს სქელი საერთო რვეული, სავსე ნაწარმოებებით. აქ იყო მოთხრობა „შპილკა“, საკმაოდ ვრცელი დაუმთავრებელი რომანი „საიდან მოვდივარ...“ და სხვ. მოგვიტანეს რვეული გაგრის სანატორიუმიდან, სადაც გურამმა გაატარა სიცოცხლის ბოლო დღეები. ამ რვეულში ეწერა ლექსები, მოკლე დღიურები. მოგვიტანეს მეორე საერთო რვეული ისევ გაგრიდან, ისიც სავსე ჩანაწერებით. შინ ხელნაწერები ინახებოდა ლომბერის მაგიდის უჯრაში, მაღალ ტუმბოში, ზოგიც მწერლის საწერ მაგიდას შემორჩენოდა.
გურამის გარდაცვალების შემდეგ მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა აშკარად ბედის ანაბარად იყო მიტოვებული.
სულ მალე, იმ მძიმედ მოსაგონარი დღეების შემდეგ, მამაჩემის რჩევით, რომელმაც ყველაზე ადრე იგრძნო მწერლის უკვე არქივადქცეული ხელნაწერების მოწესრიგების აუცილებლობა, გივი კიკილაშვილი, ერლომ ახვლედიანი და მე შევუდექით არქივის დალაგებას. აღვწერეთ ხელნაწერები და ქრონოლოგიურ-ჟანრული თანამიმდევრობით სხვადასხვა საქაღალდეებში გავანაწილეთ. ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ავტოგრაფების უმეტესობა დაუთარიღებელ-უსათაურო იყო. რამდენიმე საქაღალდე გაივსო უმისამართო ფურცლებით, მოინიშნა პირველად გამოსაცემი მოთხრობები და სხვ. მწერლის მომდევნო გამოცემები, ფაქტობრივად, ეყრდნობოდა არქივის დალაგების ამ პირველ ცდას. თავიდანვე გაირკვა, რომ ნებისმიერ რედაქტორს ბევრ სირთულესთან ექნებოდა საქმე. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ გურამ რჩეულიშვილის სიცოცხლეში გამოქვეყნდა სულ ცხრა მოთხრობა, ახლა კი მისი