არც ჩუმად ვუყურებდი. ვამჩნევდი, ნელ-ნელა როგორ ვეხებოდი საკუთარ მუხლებს. თავიდან თითქოს სიმწრისგან, მაგრამ ვხვდებოდი, როგორ მატულობდა ვნება. მიუხედავად ამისა, გაჩერება არც მიფიქრია, ან რომ მეფიქრა, შეიძლება შემეწყვიტა ეს ყველაფერი და ფიქრი არ დამიწყია. ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი, საკუთარ თავს ვეფერებოდი თუ საკუთარ თავად ის წარმომედგინა, მაგრამ მე ეს მომწონდა. ამიტომ არც ამაზე მიფიქრია. ვუყურებდი და მსიამოვნებდა, მომწონდა ვნება საკუთარი თავის მიმართ, მომწონდა საკუთარი თავი და მომწონდა ყურება. დღემდე ვერ ვხვდები, როგორი სიყვარული მაკავშირებდა მასთან. ალბათ, არც ამაზე მიფიქრია. რომ მეფიქრა, ზუსტად ვიცი, რომ მივხვდებოდი. და მეშინოდა... რა სასაცილოა... დიახ, მეშინოდა, ამაზრზენად მეშინოდა... ხო, ხო, მეშინოდა, ღმერთო, მეშინოდა, მშიშარასავით მეშინოდა, ავადმყოფურად მეშინოდა! და მეშინოდა… პირველი შეხება ხომ მან მასწავლა? მისი მეშვეობით განვიცადე საკუთარი თავი და მისი მეშვეობით შევიყვარე საკუთარი სხეული. ჩემზე ხუთი წლით უმცროსი იყო. ალბათ, ახლაც ასეა. ვაკვირდებოდი, როგორ იზრდებოდა, როგორ ვითარდებოდა, როგორ ისახებოდა მასში ის სხვა, ის ქალი. გიფიქრიათ ოდესმე თქვენი სახლის რომელიმე ოთახში მდგომ რომელიმე მაგიდაზე, რომლის ხის შიგნითაც, ღმერთმა იცის, რამდენი ჭია ცხოვრობს და ღრღნის, და ამ ჭიას კიდევ რამდენი ჭია ჭამს?
ამაზრზენ დედამიწასავით ვიქნევდი კუდს, ყოველთვის ქალის შექმნილი მეგონა ეს სამყარო. დედამიწა ერთ დიდ კვერცხად წარმომედგინა, რომელმაც ჯერ კუდი და ბრჭყალები გამოიბა. და იქამდე არ შეწყვეტს ტრიალს, სანამ ნაჭუჭი არ გაებზარება და ბოლომდე არ გამოძვრება. ბავშვობაში რუქაზე ვეძებდი სამოთხესა და ჯოჯოხეთს, მინდოდა სამოგზაუროდ წავსულიყავი ამ ქვეყნებში. ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო, რომ ვერ ვიპოვნე.
დღემდე მდევს სასრულობის შიში (ყველაფერთან მიმართებაში). ალბათ, სწორედ ამ შიშის და ჩემი კომპლექსების დამსახურებაა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბება, ისევე როგორც ის უდიდესი დანაკლისები, რაც მათ გამო არ მაქვს. ყველაფერი ნორმალურია, რაც ხდება და რაც არ ხდება. ჩემი ოთახის, ლოგინის, სამოსის საკიდის, სარკის, მამის ბიბლიოთეკის და ოთახების განლაგებამ უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს გარდატეხა-ჩამოყალიბებაში. პატარა ბავშვის აზროვნებასთან შედარებით, მახინჯი სამყარო შევიქმენი. განათლება, ფული, გვარი, ოჯახური მდგომარეობა. თითქოს ეს ის ყველაფერია, რაც მოკვდავს ესაჭიროება ამ ატალახებულ მიწაზე, მაგრამ ჩემთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ღორობა ხომ უდიდესი კულტურაა, რაც ჩვევაში არ უნდა გადაიყვანო?! არც ამაზე მიფიქრია აქამდე… დღემდე თან მდევს ის უთქმელი სიტყვები, რაც ენაზე შემახმა, ქვეცნობიერი კი წარმოსახვებში და სიზმრებში მაყვედრის ამ ყველაფერს; ან ცნობიერი, რომელსაც ასე ვერ ვიტან და მძაგს. ხშირად ვფიქრობ იმ თავშეკავებებზე, რამაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა; ვიტანჯები იმაზე ფიქრით, რომ არა ასე, რა და როგორ იქნებოდა სხვაგვარად? რატომ არ მოხდა იმ წამის მეასედებში ის აცდენები, რაც არ მომხდარა? რამდენიმე ადამიანად გავყავი ჩემი პიროვნება, რამდენიმე აზრი და ხედვა ჩამოვიყალიბე, რამდენიმე გემოვნება და ხასიათი. ახლა? ახლა ვეღარ ვხვდები, რომელია ის, ვინც ოცდაჩვიდმეტი წლის წინ დედაჩემის საშოში ჩაისახა და განვითარდა. ვეძებ იმ, ბავშვობაში დაშვებულ შეცდომებს, რომლებიც ასე მიყვარდა და რომლებიც ასე მეზიზღება.
გიფიქრიათ - კანონზომიერებას ქვია ღმერთი თუ ღმერთს - კანონზომიერება? ალბათ სწორედ ესაა იმ არანორმალური ფიქრის მიზეზი - რატომ ქალად არ დავიბადე, ან ვინ გადამიწყვიტა სასქესო ორგანოს ეს ფორმა? რატომ? რატომ? რატომ? რატომ? რატომ? პასუხი ერთადერთია: „იმიტომ“. სხვა პასუხის გზა არც მაქვს, იმიტომ, რომ არ გამაჩნია. რა მარტივია იმის შეცვლა, რაც მოხდა და რა ძნელია შეცვალო, რაც არ მომხდარა. ლაბირინთულ წრეში დავრბივარ და ერთადერთი ხსნა არა გასასვლელი, არამედ გაჩერებაა. დედაჩემს შიში დავარქვი, მამას - გაორება, დას - შეგრძნებები, საკუთარ თავს - უარყოფა. ჩემი ოთახის კარი კი ყველაზე უკეთ მაკავშირებდა და მაშორებდა მათთან. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მყუდრო სახლად მეჩვენებოდა ის შენობა, რომელშიც ვცხოვრობდით. ალბათ იმიტომ, რომ დედა ფსიქოლოგი იყო, მამა - კალიგრაფისტი. ჩემი ოთახის ფანჯრები არაფერს არ უყურებდნენ, იმიტომ, რომ ჩემს ოთახს ფანჯრები არ ქონდა. გამოუყენებელი საკუჭნაო იყო, სადაც მე მოვისურვე გადასვლა. საღამოობით, ყველას რომ ეძინა, მამაჩემის ბიბლიოთეკაში ვიპარებოდი, ფეხებს მაგიდაზე ვალაგებდი და ხმამაღლა ვხვრინავდი. დღემდე არ ვიცი, რატომ ვაკეთებდი ამას, მაგრამ იმ დროს ყველაზე უფრო უკეთ ვაკვირდებოდი საკუთარ თავს და მე ეს მომწონდა. ერთხელაც დედაჩემმა შემომისწრო, კარი ბოლომდე არც გაუღია, მისი სახის ნახევარ, მეტყველ ნაწილს ვხედავდი მხოლოდ, რომელმაც მითხრა- ფრთხილად იყავი, კომპლექსებმა მამას არ დაგაშორონო. კარის მიხურვის და ჩაის უხეშად მოხვრეპის ხმა ორივე ყურში თანასწორად