ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე
15 საათი
მეთაურს ავოკადო და თაფლი მოაქვს. მე ბრინჯიან სალათას ვამზადებ. სადილების მომზადება არასოდეს მყვარებია, მაგრამ ამ მოსაწყენ საქმეს აქაც ვერ ავცდი. სალი მხოლოდ ჩვიდმეტი წლის არის, ნაზირა კი სამზარეულოში საერთოდ არ შემოდის. თურმე სწორედ წვნიანს ხარშავდა, შვილები რომ ჩაუხოცეს - ხუთი წლის ბიჭი და სამი წლის გოგო. ზუსტად როგორ იყო, არ ვიცი. თვითონ კრინტს არ ძრავს და მუდმივად საათს დასცქერის. თითქოს წამზომი უკვე ჩაურთეს და მასაც ერთი სული აქვს, როდის აენთება.
ჩუმად ვსადილობთ. სალი ყავას ადუღებს. ვარდისფერი ბაგე გაპობია და ჩამოქნილი თითებით ფინჯანში ვერცხლის კოვზს ურევს. აქ ძმამ მოიყვანა. ერთმანეთს კარებთან აკოცეს. ზეცაში შევხვდებით, ფიდაიო, - ძმამ უთხრა და წავიდა. სალის წაბლისფერი თმა ლამის წელამდე სცემს. მეთაურმა ერთხელ უკვე უთხრა, შეიჭერიო, მან კი ინით შეიღება და გაიშალა. ცოტა თავნებაც ჩანს. მე კი ვფიქრობ, უაზრობაა, თმას დაჰკანკალებდე, როცა სიკვდილისთვის ემზადები.
მე ამინატი ვარ. ნოემბერში ოცდაექვსი შემისრულდა. ეს-ესაა, უკანასკნელად ვისადილე. ახლა სიგარეტს ვეწევი და მონისლული თვალებით სარკმელში ვიყურები. სარკმლიდან ვიწრო პარიზული ქუჩა მოჩანს და წიგნების მაღაზია - პარალელური სამყარო, სადაც ფრანგი გოგოები დადიან და წიგნებს კითხულობენ.
წიგნი მეც წავიკითხე. მეთაურს გამოვართვი. მულიდთა სახელმწიფოზე ეწერა, ალამუთის ციხესა და ფიდაებზე - პირველ ტერორისტ-თვითმკვლელებზე. ახლა უკვე ვიცი, ამ წიგნს ვეღარასოდეს დავასრულებ, მაგრამ წაკითხული გვერდები ჩემი თითბრისფერი სარჭით მაინც ჩავნიშნე - ან სარჭი რაღაში დამჭირდება...
15 საათი და 10 წუთი
სარკესთან ვდგავარ და თვალებს ვიხატავ. სპორტულ კედებზე თასმებს ვიკრავ. მხარზე ზურგჩანთას ვიგდებ და მავთულებს სახელოებში ვმალავ. მოკლედ, ვემზადები. მეთაურმა უკვე ამიხსნა, როგორ უნდა მოვიქცე. ხუთ საათზე „იმპრესიონისტებში“ გრანდიოზული გამოფენა-აქცია იმართება. რამდენიმე სენატორიც იქნება. სწორედ იქ უნდა ავფეთქდე... გოგოებს ვემშვიდობები. სადენებსა და საათს კიდევ ერთხელ ვამოწმებ. სალი მიცინის და ხელს მიქნევს „მალე შევხვდებით, ამინატ!“- მეძახის. ზუსტად თავის ძმასავით გამოსდის...
15 საათი და 20 წუთი
მეტროს კრიალა, რეკლამებით აჭრელებულ ესკალატორს მივუყვები. შარლ დე გოლის მეორე ხაზით ვმგზავრობ. ვაგონი - გაპოხილ რელსებზე, ეს სამყარო კი ჩემ გასწვრივ მიქრის. მგზავრებს ვაკვირდები. ადამიანები საკუთარ სიღრმეებში ჩაკარგულან. მათ შორის, შესაძლოა, ისინიც იყვნენ, ვინც ჩემს ბედნიერებას გაინაწილებენ და სიკვდილის წარმტაც წალკოტებში წამომყვებიან. იქნებ რომელიმე მაინც მიხვდეს, რომ ეს ბრჭყვიალა, ბზინვარე ცხოვრება ტყუილია და სინამდვილე სულ სხვაგანაა.
15 საათი და 32 წუთი
ქუჩა ყოველთვის უცხოა. გამზირზე ჩაყოლებულ მაღაზიებსა და კაფეებს ვათვალიერებ. პატარა, მოხდენილ ბუტიკში შევდივარ და ყველაზე ლამაზ შარფს ვარჩევ. „საუცხოო ნამუშევარია. ბატიკა,“ - არჩევანს მიწონებს გამყიდველი, მერე დახლთან მიდის და შარფს საგულდაგულოდ კეცავს. მე ფულს ვიხდი და ფურცელზე მისამართს ვწერ. ძალიან ძვირფასი შენაძენია, მაგრამ ფული არ მენანება. ეს ჩემი უკანასკნელი საჩუქარია. მას დედაჩემი ხვალ დილით, თავის დაბადების დღეზე მიიღებს.
15 საათი და 37 წუთი
გადავწყვიტე, სადმე შევისვენო. ჯერ მხოლოდ ოთხის ნახევარია და წინ - მთელი მარადისობა. დრო უსაშველოდ, უსასრულოდ იწელება... კაფე „ლა კამპოს“ ძალიან ლამაზი ალაგია. შემინულ კედელთან ვჯდები ისე, რომ ქუჩას ვუყურო. მიყვარს თავ-თავიანთთვის მოფუსფუსე და სხვადასხვა მხარეს მორბენალი ადამიანების ცქერა. ყველას სადღაც მიეჩქარება - გამოფენაზე, ლანჩსა თუ პაემანზე, არავის ახსოვს, რომ მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ბოლოს ყველა იმ გზას დაადგება, მაგრამ, ალბათ, სხვადასხვა სამგზავრო ბილეთით. გარსონს ყავა და მოხალული ნუში მოაქვს. შოკოლადივით სქელი და სურნელოვანი ყავაა. აქვეა მომჟავო ალუბალი და დაჩამიჩებული ატამი. საწყენია, რომ ზურგჩანთის მოხსნა და სკამზე მოხერხებულად გადაწოლა არ შემიძლია.
მე ყავას ვსვამ და ზურგჩანთაში ბომბები მიწყვია.
15 საათი და 45 წუთი
კაფე ერთხმად, გაბმულად ზუზუნებს. სარკმლიდან „იმპრესიონისტების“ ფასადი მოჩანს. მოპირდაპირე მაგიდაზე ვიღაც გაზეთს აშრიალებს. ხვალ ყველა გაზეთის პირველ გვერდზე მე ვიქნები და ჩემი მრავალრიცხოვანი და-ძმა ჩემით იამაყებს. ო, რა საოცარია, ადამიანს სიკვდილის წინაც კი არ შეუძლია, მომავალზე არ იფიქროს, მისთვის უკვე დასრულებულ და არარსებულ მომავალზე. დაჟინებულ მზერას ვგრძნობ...
15 საათი და 50 წუთი
- ხომ არ შეგაწუხებთ, თქვენს მაგიდასთან რომ ჩამოვჯდე? ყველა ადგილი დაკავებულია, - არაბი ბიჭია. შავი მაისური და გახეხილი ჯინსი აცვია.
პიცა შეუკვეთა... მადიანი ვინმე ჩანს.
- აქ კარგად ამზადებენ, - მიღიმის, - მე ტამირი მქვია, თქვენ?
- ამინატი.
- ლამაზი ხართ