"დიდი შავი კატა ერთი პატარა, 13-12 წლის ბიჭი დადიოდა ზოოპარკში. ის იქ უბილეთოდ იპარებოდა და მალვით დაძვრებოდა. მალვით იმიტომ, რომ ზოოპარკის თანამშრომლები უკვე სცნობდნენ და იცოდნენ, რომ ეს დამთვალიერებელი ბილეთს არასოდეს ან თითქმის არასოდეს იღებდა. გარდა ამისა, ბიჭი ხშირად კვებავდა და ეთამაშებოდა ცხოველებს, მათ შორის საშიშ ცხოველებსაც – ეს კი აკრძალული იყო ზოოპარკის შინაგანაწესით. თანამშრომლები დანახვისთანავე უყვიროდნენ და ცდილობდნენ ბიჭის ზოოპარკის ტერიტორიიდან გაგდებას, როცა კი სადმე მოიხელთებდნენ. ბიჭიც, რასაკვირველია, ერიდებოდა და გაურბოდა მათთან შეხვედრას, თუმცა მისი მთლიანად გაგდება მაინც ვერ ხერხდებოდა, რადგან ზოოპარკის ტერიტორია უწინ დიდი იყო. ეს იყო აგრეთვე ტყე-პარკიც. ბიჭი გაქცევისას ზოოპარკის ტერიტორიაზე მხოლოდ ადგილს ინაცვლებდა. მას უკვე ცხოველებიც სცნობდნენ. მათთან თამაშის დროს ბევრი სასაცილო და ზოგჯერ ფათერაკიანი თავგადასავალიც გადახდენია: ის არაერთხელ მოჰფერებია, მაგალითად, ხორთუმზე სპილოს; ბეჰემოთთან ვოლიერში შემძვრალს ამ საპატიო ცხოველისთვის წიხლიც უკრავს; აქლემიც გაუმაიმუნებია, რომელსაც შემდეგ მისი ჯავრი სხვა დამთვალიერებლებზე უყრია და მათთვის კარგადაც უფურთხებია, – ბიჭისთვისაც უფურთხებია აქლემს. "