იდეა, რომელიც ქმარს მოვპარე
ეს იდეაც, ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი, ირაკლის ეკუთვნის. მისია მანქანა, რომლითაც მე საყიდლებზე დავდივარ; მისია სახლი ვერაზე, რომელშიც ვცხოვრობთ; მისია სამსართულიანი აგარაკი წავკისში ავტონომიური გათბობითა და ელექტროენერგიის წყაროთი; მისია ჩემი ერთადერთი შვილი ნიკუშაც... ერთი სიტყვით, ყველაფერი _ სულიერი თუ უსულო, მოძრავი თუ უძრავი, რაც კი გარს მახვევია, მისია. მასვე ვეკუთვნი მეც! _ ყველაფერ ამას ახლაღა ვხვდები, თორემ რაღაც ორიოდე თვის წინ სულ სხვანაირად ვფიქრობდი...
ისე, ვერ დავიჩემებ, რომ გინდა თუ არა, საკუთრების ამ ჩამონათვალში, ღირებულების მიხედვით, ბოლო ადგილი მიკავია-მეთქი, მაგრამ მაინც საშინლად უსიამოვნო შეგრძნებაა, როცა ვინმეს პირად საკუთრებად აღიქვამ თავს. ადრე როგორღაც ამ ამბავზე დიდად არ მიფიქრია, მაგრამ ბოლო დროს შევიცვალე, გულჩათხრობილი გავხდი. ირაკლი მეუბნება, რაღაც ბზიკმა გიკბინაო. ყველაფრით უკმაყოფილო ვარ, წვრილმანებზე ვჩხუბობ, სიტყვას არ ვარჩენ, არაფერი მომწონს... არადა, როგორც თვითონ ამბობს, ყველაფერი მაქვს, რაც ნორმალურ ქალს ბედნიერებისთვის სჭირდება. მართლაცდა, არც სიბერეს ვუჩივი (34 წელი ის ასაკი არ არის, სალაპარაკოდ რომ ღირდეს); არც უშნო ვარ (ქუჩაში რომ მივდივარ, მამაკაცების სხვანაირ მზერას ჯერ კიდევ ვგრძნობ); ფულის პრობლემაც, ირაკლის წყალობით, მოხსნილი მაქვს; ბავშვიც, მადლობა ღმერთს, ჯანმრთელად და კარგად არის: მეორე წელია, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობს, ვისკონსინში რუმინელ ემიგრანტთა ოჯახში ცხოვრობს. თხუთმეტი წლის წინ ჩასულან შტატებში. ებრაელები არიან, ქმარი ჰიდროინჟინერია, ცოლი _ ფრანგული ენის სპეაციალისტი. საზაფხულო და საშობაო არდადეგებს ერთად ვატარებთ, ხან აქ, ხან _ იქ, გააჩნია, როგორ მოგვიხერხდება... სახლის, აგარაკის და ავტომობილის ამბავი უკვე გითხარით...
რა მჭირს?
თვითონაც არ ვიცი!
ბოლოს მაინც ძალიან ვიჩხუბეთ. მგონი, ზედმეტი მოგვივიდა. ხელით არ შევხებივართ ერთმანეთს, თორემ არაფერი დაგვიკლია. სულ დავფშვენით და დავფხრიწეთ, რაც კი ხელთ მოგვხვდა. დაცვის ბიჭებმა კარი შემოანგრიეს, ხელში იარაღი ეჭირათ და დაბნეულები იყურებოდნენ, სანამ გინებით არ გაყარა ირაკლიმ. ღამის საინფორმაციო გამოშვება მთავრდებოდა. წამყვანმა მაგიდაზე გაშლილი ფურცლები მოხვეტა და ბედნიერი უქმეები გვისურვა. ჩვენ კი გაქვავებულებივით ვიდექით. მივხვდი, რაღაც საშინელებას ვაკეთებდი.
როგორ მივედით აქამდე?
რაღაც სინანულის მაგვარს ვგრძნობდი, მაგრამ როცა მკითხა, ეს გინდოდაო? არც კი დავფიქრებულვარ, ისე წავისისინე: `წადი შენი!..~
არ დაურტყამს. თვალი რომ გავახილე, ოთახში მარტო ვიყავი...
რა მემართება?
***
დილაობით, როგორც წესი, ქეთი მაღვიძებს. ათის ნახევარზე მობილურზე მირეკავს (ამ დროს ირაკლი, სულ ცოტა, ერთი საათის წასულია). ათს რომ თხუთმეტი აკლია, აბაზანიდან გამოვდივარ. თერთმეტის თხუთმეტ წუთზე ქეთი მიჯდება მანქანაში. თერთმეტის ნახევარზე ღია აუზში ვცურავთ... ირაკლის აუზში, უფრო სწორად, საცურაო კომპლექსში!
ქეთი თავის დროზე მოცურავეთა ნაკრების წევრი იყო. სპარტაკიადაზე 86-ში ბრინჯაოს მედალიც კი აქვს მოგებული. როგორც თვითონ ამბობს, განსაკუთრებით კარგად ბრასით ცურავდა.
არ მითქვამს?
ქეთი ჩემი კლასელია. მართალია, სკოლაში დიდად არ ვმეგობრობდით, მაგრამ მისი ჩემპიონობის ამბავი მაინც კარგად მახსოვს. თმებს იხოტრავდა და ძალიან ხშირად აცდენდა გაკვეთილებს. როგორც თვითონ ამბობდა, `ზბორებზე~ დადიოდა. იმდენად იყვნენ მიჩვეული მასწავლებლები ქეთის გაცდენებს, რომ სიის ამოკითხვისას მის გვარს მაშინაც კი ახტებოდნენ, როცა კლასში იჯდა.
არ ვიცი, ქეთის წაბაძვით იყო თუ რა, მაგრამ მეც ავიჩემე და დედამ ცურვაზე მიმიყვანა. თუმცა, ორიოდე თვეში (ცურვა რამდენიმე დღის ნასწავლი მექნებოდა) ისეთი დელიკატური ამბავი შემემთხვა, რომ მალევე დავანებე თავი: წყალში ახალი ჩასული ვიყავი, როცა მზია მასწავლებელმა რაღაც უცნაური, გამყინავი ხმით დამიძახა: `ეკა, სასწრაფოდ ამოდი წყლიდან!~
დავიბენი, ვერ მივხვდი, რა დავაშავე. მზია მასწავლებელმა კი ისევ, კიდევ უფრო მკაცრი კილოთი: `არ გესმის? სასწრაფოდ ამოდი წყლიდან!~
ტირილი წამსკდა. სლუკუნ-სლუკუნით, ძლივს გამოვაღწიე აუზის კიდემდე, ბაყაყურით მივცურავდი, რამდენჯერმე სასულეშიც გადამცდა თბილი, ქლორიანი წყალი. ამოვედი თუ არა, პირსახოცში შემახვია და ხელით გასახდელისკენ მიბიძგა.
`ამხელა გოგომ კი უნდა იცოდე...~ _ არ ცხრებოდა მასწავლებელი. მე კი, წვიმაში მოყოლილ ბეღურასავით ვკანკალებდი და გულამომჯდარი ვტიროდი.
სანამ გასახდელამდე მივაღწევდი, მექანიკურად აუზისკენ გავიხედე. იმ ადგილას, საიდანაც წუთის წინ ამოვედი, წყალს უცნაური შეფერილობა ჰქონდა, თითქოს ვიღაცამ მარგანცოვკის ფხვნილი ჩაყარაო. ჩემდა გასაკვირად, ასეთ ძლივსშესამჩნევ ღია მოწითალო ნაფეხურებს, რატომღაც თეთრი კაფელის იატაკზეც ვტოვებდი.
საწყალმა დედაჩემმა ამიხსნა, რაშიც იყო საქმე. ერთი თქვა, როგორ გამომეპარა მე სასიკვდილესო და, შეძლებისდაგვარად, ცამეტი წლის ბავშვისთვის გასაგებ ენაზე რაღაც-რაღაცეები ამიხსნა.
ძალიან შემრცხვა, თუმცა შიშმა გადამიარა. თურმე არც პირველი ვყოფილვარ და არც უკანასკნელი, მაგრამ დედაჩემის თქმის არ იყოს, რაღა მაინცდამაინც წყალში მესტუმრა?
ერთი კვირა ისედაც არ შეიძლებოდა