"ნაწყვეტები რატი რატიანის წიგნიდან „შიშველი მეფე“ მოთხრობიდან სიკვდილი „ნოეს კიდობანში“ პერმანენტული რევოლუცია, აი, რაში იყო საქმე. რევოლუცია ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ მწიფდებოდა. ყოველი ახლად მოსული ხელისუფლება ძალიან ცოტა ხანში იყოფოდა უმცირეს ნაწილაკებად, ატომებად, ბირთვებად – ერთმანეთის საპირისპირო სურვილებით, ამბიციებითა და სახელმწიფოს მართვის იდეებით. მერე ნაწილაკების საერთო მასას ყველაზე გულნაკლულები ეყოფოდნენ და ოპოზიციაც მზად იყო. გორდებოდა რევოლუცია – მიტინგებითა და ბაირაღებით. არცთუ იშვიათად – სახიფათოდ. მე თუ მკითხავთ, ამ რევოლუციების ყველაზე მოსაწყენი მხარე საჯარო გამოსვლებია. თაროებზე შემოწყობილი მიმართვის ფურცლები, რამდენიმე წელიწადში ერთხელ რომ იფერთხავენ მტვერს. და კიდევ, მუსიკალური ნომრები. სახელმწიფო სახელმწიფოდ, მაგრამ სანახაობა ხალხის პურია. კაცმა რომ თქვას, ხალხი აგერ უკვე რამდენიმე ხუთწლედია ტელევიზორში უყურებს სეირს. „ნოეს კიდობანში“ წლობით გამოკეტილი რევოლუციის დადგომას მხოლოდ უფროსობის შეცვლის მიხედვით ვიგებდი; მდიდარს ვართმევ – ღარიბს ვაძლევ, მერე გამდიდრებულ ღარიბს ვართმევ და გაღატაკებულ მდიდარს ვაძლევ. ნოეს რამდენიმე წლით რომ გადაედო საიქიოში კრუიზი, აღარ მომიწევდა კიდობანში ყურყუტი, უბეზე ხელაფარებულს, საჯარიმოში მდგომი ფეხბურთელივით. ვერ გამეგო, რატომ ამირჩია თვითნებურად დაუკმაყოფილებელი ქალების არმიამ ლეგენდარული პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მხედართმთავრად და რატომ მიმათრევდა ცეცხლის ხაზზე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მომაკვდავ მამათმავალს ეჭვიანობის სცენებს ყოველ მესამე დღეს მიწყობდა რომელიმე მდედრი, ყოველდღიურ ულუფად კი ტუალეტში შემათრევდნენ და სპერმის მოწველას ცდილობდნენ, სახეზე წასასმელად. საჯდომზე ჩქმეტა, თმის პუტვა და უხამსი შემოთავაზებები სათვალავში ჩასაგდები არაა. ბებერი ეშმაკი ნოე! კბილის ექიმი მართალი იყო; ყვავილი – ნოე! მისი სული ხელოვნური პენისივით ეკიდა „კიდობნის“ თავზე. და არამარტო. ქალებს ყოველთვის ძალიან მოვწონდი, ზოგს სიგიჟემდეც ვუყვარდებოდი. ეტყობა, ეს რაღაც ბოროტი ხუმრობა იყო, ბედის დაცინვა. ადრეულ სიყმაწვილეში ერთ ქალთან მქონდა რომანი. ჩვიდმეტი თუ თვრამეტი წლის ვიყავი, ის კი – ოცდაათამდე. მტკიცე ხასიათის, პრიციპული, მეტიმეტად პრინციპულიც კი. მე კი იმ დროს ყველაფერს მერჩივნა ქალაქის ქუჩებში კვლების გავლება და თავგადასავლების ძებნა. ბუმბულივით მჩატე ვიყავი, საითაც ქარი წამიღებდა, იქით მივდიოდი. ლოგინში ყველაფერი გადასარევად იყო, იმას იქით – ჯოჯოხეთი. ეჭვიანობისგან ისე გამხეცდა, რომ თავის მოკვლა სცადა. გადარჩა – საავადმყოფოს ეზოში გადაიჭრა ვენები. რომ გამოჯანმრთელდა, გავიყარეთ. ამით დასრულდა მდედრობით სქესთან ჩემი ხანგრძლივი ურთიერთობის გამოცდილება, რომელმაც ქალისა და მამაკაცის სექსუალური აქტის მთელი მშვენიერება დამანახა, ამავე დროს კი შიში დამეუფლა ამ ძლიერი სქესის წინაშე. სულების გადასახლების რამე რომ გამეგებოდეს, ვიტყოდი, კუზიანს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა-მეთქი, ასეთ შეუფერებელ ჭურჭელში რეინკარნაცია რომ მოინდომა. ახლა ჩემი სიკვდილის დღესა და წარღვნაზე მინდა გიამბოთ. „კიდობანში“ გადამდგარი ფეხბურთელების მმართველობის მეხუთე წელიწადი იდგა, ვალები იზრდებოდა და რევოლუცია მწიფდებოდა. 11 სექტემბრის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მიფუჭდებოდა ხასიათი. იმიტომ არა, რომ ამ დღეს ვერ ვიტანდი, უბრალოდ რაც დრო გადიოდა, მით უფრო მიმძიმდა მისი გადატანა. ისევე როგორც: ახალი წლის, შობისა და აღდგომის. სხვა რელიგიურ და ოჯახურ დღესასწაულებს არ ვთვლი, არ მახსენდება. ეტყობა, გავბოროტდი. ძალიან ცუდ გუნებაზე მაყენებდა ცოფიანი ჭიანჭველების ბუდედ ქცეული ქალაქი, დაზურგული ოჯახის მამები და ქურასთან გაოფლილი დიასახლისები, ყელგამოჭრილი გოჭები და ქათმები. სუფრაზე დახვავებული მთელი წლის სამყოფი ხორაგი, საბოლოოდ კანალიზაციას რომ გაჭედავდა და დიეტოლოგის რჩევები ყოველ არხზე, როგორ დავიყუჩოთ ამდენი ხეთქვისგან გაღიზიანებული ნაღვლის ბუშტი. საუკეთესო დღესასწაული ალბათ ის იქნებოდა, ყველას ქუჩაში რომ გაეშალა სუფრა. წარმოიდგინეთ, გამოგაქვს ორი დღის ნაწვავ-ნადაგი სანოვაგე და ქუჩაში, ყველას თვალწინ ალაგებ მაგიდაზე, არ უნდა დაგავიწყდეთ სუფთა ხელსახოცები და ერთჯერადი ჭურჭელი. მერე მოდის ვინმე გაქუცული ტიპი, პიწკად იღებს თონეში საგანგებოდ შებრაწული გოჭის საუკეთესო ნაჭერს, ჩამოისხამს შინაურ თეთრ ღვინოს ან ალუბლის ნაყენს პლასტმასის ჭიქაში, წასვლისას კი ქუდს მოიხდის და გეტყვის: – კიდევ ას წელიწადს თქვენი ნახელავი, ქალბატონო! – და სხვა მაგიდასთან გადაინაცვლებს ოლივიეს გასასინჯად. თუ საჭმლის პარკებში ჩაყრა და თან წაღება დააპირა „ავადმყოფი მამის“ ან „პატარა და-ძმის“ მოსაკითხად, არც ეგაა დიდი უბედურება. სამაგიეროდ, ნაღვლის ბუშტს არც გაახსენდებით. აი, მაშინ კი შეგიძლიათ, ჩვეულებისამებრ აუნთოთ სანთლები წმინდა ღვთისმშობელს და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების მფარველობა შესთხოვოთ სუფთა სინდისითა და ჯანმრთელი შიგნეულობით. არა, ოჯახურ დღესასწაულებს ისევ ერთი რიგიანი რევოლუცია მირჩევნია. მოთხრობიდან Bravo Pur Le Clown შუა შემოდგომის თბილი, გარინდული, გამჭვირვალე, მატყუარა ამინდი დგას, როდესაც გგონია ზამთარმა თვენახევრით მაინც დაიხია უკან. გამვლელებიც უჩვეულოდ უწყინარნი არიან, თითქოს თავიანთი ყოველდღიური ბოღმა სადღაც კუნჭულში მიუჩქმალავთ და ღიმილის უნარი დაბრუნებიათ. ღიმილის და არა ისტერიული ჟესტების, ჩვეულებისამებრ, სიცილსა და სიხარულს რომ ცვლის. ასეთ დღეებში ადამიანს თვალიდან ლიბრი შორდება, ყველაფერს ძალიან მკაფიოდ აღიქვამს. ასფალტიც აღარ არის უფსკრულივით სახიფათო – ზედ უსაფრთხოდ სიარული შეიძლება. მავანი ნ. უკვე სამი წელია სტანდარტ ბანკის ერთ-ერთ ფილიალში მუშაობს, თეთრ პერანგზე წითელი ჰალსტუხი უკეთია და მოსწონს, შესვენებაზე ამ ჰალსტუხით რომ გამოდის ქუჩაში. ამ ფერის ჰალსტუხები მხოლოდ სტანდარტ ბანკის თანამშრომლებს უკეთიათ, მაგრამ ეჭვი რომ არავის შეეპაროს, არც სამკერდე ნიშანს იხსნის. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ სხვა მრავალივით, ამ ფინანსური კრიზისის დროს ის შემცირებაში არ მოუყოლებიათ და ასფალტის მხვნელ-მთესველ უმუშევართა არმიასთან არაფერი ესაქმება, მაღალი ხელფასი და კოხტა ბინა აქვს. მართალია, დროდადრო კრედიტს აჭარბებს, მაგრამ ეს დიდი უბედურება არ არის. თუ ჯერ არ ჰყავს მზეთუნახავი მეუღლე და ცისფერთვალება, პატარა ბიჭი, მალე ეყოლება – წუნს ვერავინ დასდებს. აი, მავანი ნ. შესვენებიდან ბრუნდება. მის წინ მომცრო ტანის, მოხდენილი ქალიშვილი სწრაფი ნაბიჯით მიდის. უჯრულა მანტო აცვია და მწვანე ბერეტი ახურავს. თმა არ უჩანს, ფუმფულა წაბლისფერი ან სწორი, ყავისფერი თმა ექნება, შეიძლება – ქერაც. მერე რა, რომ მხარზე ცოტა უცნაური ჩანთა აქვს გადაგდებული – ახლანდელ გოგონებს ხომ მოსწონთ ბებიების ნაქონი ნივთები. დაბალყელიან, ყავისფერ ფეხსაცმელს ქუსლები აქვს მომცვდარი – მერე რა მოხდა. რამდენია ქვეყანაზე ასეთი მოკრძალებული მზეთუნახავი, ჩაცმულობის თავისებური, განუმეორებელი მანერით. გულახდილად რომ ვთქვათ, ეს ურჩევნია ბუტიკებში გამოპრანჭულ ქედმაღალ ლამაზმანებს. ქალიშვილი სწორედ მისი ბანკისაკენ მიემართება, ალბათ ტელეფონის ფული უნდა გადაიხადოს, ან სტიპენდია აიღოს, ასეთები ხომ თავს აკლავენ სწავლას. ნ. გალანტურად ეწევა და კარს უღებს: – მიბრძანდით, ქალიშვილო! – მინის კარი უხმაუროდ, ზანტად ტრიალებს ანჯამებზე და ნ. ქალიშვილის რქისჩარჩოიან სათვალესა და პიგმენტურ ლაქებს მისჩერებია მის ბებრულ ხელებზე. ბანკში დიდხანს ემახსოვრებათ ეს ამბავი და უამრავ არცთუ უწყინარ ხუმრობას დაატეხენ თავს მავან ნ.-ს, რომელსაც ამიერიდან ქალიშვილების წინაშე დაუძლეველი შიში შეიპყრობს და ვიწრო ჯინსში გამოკრულ, ათსანტიმეტრიან ქუსლებზე შემდგარ მდედრს მხოლოდ წინიდან მისი კარგად შეთვალიერების შემდეგ ირწმუნებს. რა ბრალი მიუძღოდა წითელჰალსტუხიან მოხელეს, თუ იმ დროს მოხუცთა სახლში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი, წარმოსადეგი, სიმპათიური და სხვებზე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც უკლებლივ ყველა ბებიის, უფრო მეტად კი ერთის გული დაიპყრო. თუკი იმ ერთმა ბანკიდან ორი კვარტლის მოშორებით, იტალიური ეზოს მესამე სართულზე, მასზე საუკუნით უფროს ჭრიალა სასტუმრო ოთახში სწორედ წინა საღამოს გადმოშალა მაგიდაზე ახალგაზრდობისდროინდელი ფოტოები და შუაღამემდე ათვალიერა, დილით კი საგულდაგულოდ გამოეწყო საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი რეპეტიციისათვის. თუ გზადაგზა სრულიად უწყინარი ეჩვენებოდა ეს მტრული, შეშლილი სამყარო და ელექტროობის ბოძზე გაკრულ განცხადებას, ნებისმიერი ასაკის მსურველებს რომ იწვევდა ქორეოგრაფიულ სტუდიაში ხალხური და სამეჯლისო ცეკვების შესასწავლად, ტელეფონის ნომერი მოახია. ის ხომ ბრძოლის ჟინით იყო შეპყრობილი და ფერხულში მეტოქის ჩამოტოვებას აპირებდა. რა ესაქმებოდა ქალიშვილს ბანკში? მხოლოდ თვეში ერთხელ, პენსიის ასაღებად თუ მივიდოდა. სად გეჩქარებათ? ხვალ წვიმა და ქარია გამოცხადებული, დღეს კი შუა შემოდგომის თბილი, გარინდული, გამჭვირვალე, მატყუარა ამინდი დგას, როდესაც გგონია ზამთარმა თვენახევრით მაინც დაიხია უკან. გამვლელების ნაცვლად საყვარელი სახეები მივლიან გვერდს და ზურგს უკან უჩინარდებიან. არ ვიხედები, არც ვეწევი, გზას განვაგრძობ, რადგან ყველა კრედიტი ამომეწურა. მაშ, მისმინეთ. "