I
1.არასერიოზულობა, როგორც ადამიანის ცნობიერების დრეკადობის ძალა სამყაროს სიმძიმის მიმართ...
2. არასერიოზულობა, როგორც ადამიანის სერიოზული დამოკიდებულების ძალაარსებობის სიმძიმის მიმართ...
მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადამიანს მაინც ეწვევა ხოლმესერიოზული ფიქრები, რომელთა რაობასა და წარმომავლობაზეც არავითარი სერიოზული ცოდნა არ გააჩნია.
ნაწყვეტი რეზიუმედან
ავტორს სურდა კიდევ ერთი ეპიგრაფის მოტანა, მაგრამ დაკარგა. ის, რაც ბუნდოვნად (და ღრმად) დაამახსოვრდა, ამ ნაწარმოების სულისკვეთებად იქცა.
ავტორი
ომის (1941/45წ.წ.) შემდეგ სოფელში სამხედრო ფარაჯები გაჩნდა. დროთა განმავლობაში, მათ საპატიო საკიდლები მიატოვეს და ღამის მეხრეებისა თუ მოხეტიალე ბოგანოების შესამოსლად იქცნენ.
მახსოვს ერთი ასეთი ბოგანო: თმა-წვერგაშვებულს, ქარითა და მზითგამოყვანილ სახიანს, ფარაჯის საყელოდან ლამაზი ყელ-კისერი ისე მოუჩანდა, იფიქრებდი, შიშველ ტანზე აცვიაო.
ფარაჯა გამხდარ და სწორ სხეულზე ბერის ანაფორასავით შემოგრაგნოდა, მსხვილი თოკი ჰქონდა წელზე შემორტყმული და თუმცა ტანად მაღალი იყო, ფარაჯა ლამის კოჭებამდე სწვდებოდა.
ამ ბოგანოს, მოუცილებლად, ხელში სპილოს ძვალივით პრიალა ჯოხი ეჭირა – არგანად წოდებული, მიდიოდა და მილაპარაკობდა...
პრიალა, პრიალა, სწორი და ლიტაო იყო ის არგანი, გეგონება მრავალ თაობას სჭეროდა ხელში და ახლანდელ პატრონს თავის ჭკუაზე გაეწვრთნა, რადგანაც რაღას არ აკეთებინებდა, როცა მიდიოდა და მილაპარაკობდა... თითქოს იმით მიუძღვოდა და წარმართავდა ფიქრებს, რომელთაც არგანი ხან იგერიებდა, ხან ეთანხმებოდა და ხანაც მსჯავრს სდებდა, და, თქვენ წარმოიდგინეთ, ხითხითებდა კიდევაც... ზოგჯერ ისეთი სასტიკი იყო, რომ ბალახისა და მტვრიანი გზის მაგივრად შეგეშინდებოდა, ზოგჯერ კი ისე ნაზი, ლამის სანთელივით მზეში გამლღვალიყო.
ჩვენს სოფელზე გაივლიდა ხოლმე. ყველაზე დიდხანს მე მივდევდი შორიახლო. სხვებს ადრე ელეოდათ ცნობისწადილი და მარტო დარჩენილს შიში და პასუხისმგებლობა მემატებოდა. იმისთვის რა! მიდიოდა და მილაპარაკობდა... არც არაფერთან შედგებოდა, არც არავის ესიტყვებოდა, მაგრამ მაინც ყველამ იცოდა, რომ ამბა ბესარიონი ერქვა და უჯიათი, უკმეხი ხასიათის გამო ბერების საძმოდან იყო მოკვეთილი.
ბოგანო და მათხოვარი სხვაც ბევრი დადიოდა სოფელ-სოფელ, ეს კი არავითარ სურვილს არ ამჟღავნებდა, ნატამალი არ უნდოდა არაფრისა – ამბობდნენ, ბალახსა ძოვსო – მაგრამ, რაღას არ იტყვიან ხოლმე კაცზე, მითუმეტეს, როცა არაფერი აინტერესებს.
ერთხელ, გავბედე და წინ ისე გადავუდექი, შემთხვევით რომ ხდება კაცთა შორის. ბავშვი ვიყავი, აშკარად მეტყობოდა, რომ ბავშვი ვიყავი, შემომხედა და თვალები ჩამაშტერა, ლამაზი, ჭროღა თვალები, მიყურა, მიყურა, თითქოს თვალებიდან თვალებში რაღაც გადმომიღვარა, რაღაც შემომისახლა გულიდან გულში, სულიდან სულში რაღაც მიწილადა, თითქოს ნერწყვიც შეერხა ყელში და როცა ყველაფერი გაიღო – ჰააჰ!.. თითქოს ჯოხით გზა გაიწმინდაო, ისევ გამკვახებული წავიდა. მიდიოდა და მილაპარაკობდა და შორიდან რომ ვუყურებდი, გეგონება გულჯავრიანი პეპელა მიფრინავსო.
უკვე ჰორიზონტზე კი – ალბათ ჯოხის წყალობითაც – ქარის წისქვილს ემსგავსა.
– მეც ბესარიონი ვარ-მეთქი, დავაპირე მეყვირა, რაკი შორს იყო და აღარ მეშინოდა. – ბესიკი, ბესარიონი, ორივე მქვია... ამბასაც კი ვთამაშობ ხოლმე, დამიცადე, სახლში გავიქცევი, გრძელ პალტოს წამოვიღებ და ერთად ვიაროთ... მეც ძალიან მიყვარს თავის დამარტოხელება. აი, ახლაც, აბა გახედე, ჭიჭია, მათე და თათუკა სად არიან, აგე, ძლივს ჩანან... ერთად წამოვედით, ივრის ტოტი უნდა ავირჩიოთ და ხვალ დავწუროთ, მაგრამ მე ჩემთვის სიარული მირჩევნია, ჩემთვის უფრო ვერთობი... რატომ ვერ მიცანი? თუ იფიქრე, ბალღია, სად ივლის ქარში და წვიმაშიო...
მაგრამ, თითქოს უცებ გავიზარდეო, თავმოყვარე შევიქმენი, სისულელედ ჩავთვალე ჩემი განზრახვა და ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ნამდვილი ბესარიონი აქ ვიყავი, ის კი, როგორც მოჩვენება, როგორც შორეული კვამლი, ისე გაქრებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ დღეს მოკვდებოდა, იმიტომაც გაემართა კოხის ტყისკენ, იქა აქვს საფლავი წინასწარ გათხრილი... წეღან რომ მიყურებდა, ყველაფერი მაშინ მითხრა, თვალებით მიამბო მთელი თავის ამბავი. და ანდერძიც მე დამიტოვა...
ასე წარმოვისახე მომხდარი და ამაყი შევიქენი: ბესიკი-ბესარიონი – აქედან რაღაც უნდა გამოსულიყო, მითუფრო, თუ “ამბაც” დაემატებოდა.
ადამიანი ზურგიდან გამოიცნობა. წასულს შევამჩნიე რაღაცა ზადი: თითქოს საკუთარი თავი მხრებზე წამოხურვოდა და ამას კი ვერ ეჯობნა, ვერ წამოეღო და ძირს ვერ დაენარცხებინა, რომ მერე იმის ტყავზე გაევლო. ლოდინს კი ისევ ეს ერჩია... მიდიოდა და მილაპარაკობდა.
მე ახლაც არა ვარ დარწმუნებული, რომ ის სიბრძნეს მეტყველებდა, მაგრამ თვითონ ფორმა ამგვარი თავისუფლებისა – მიდიოდე და მილაპარაკობდე, ჩემთვის საოცნებო და მიუღწეველია დღემდე... როცა არც წარსული გაქვს, არც აწმყო და არც მომავალი... არაფერი არ გაგაჩნია და, მითუმეტეს, სალაპარაკო.
განა მხოლოდ ახლა, ადრეც