"ჰორხამ თანერი ქალაქ უმმანის შუა ნაწილში, ქვიშის საათიანი შუქურის მოპირდაპირე მხარეს, ერთსართულიან, მოძველებულ შენობაში ცხოვრობდა. შენობა წარმოადგენდა მოზრდილ, ანტიკური ტიპის ოთახს, რომლის შესასვლელ კარებს, შიგნიდან და გარედან ერთსიტყვიანი აბრა ჰქონდა მიკრული: გადამწერი ჰორხამ თანერის ოთახი ცდომილებებით იყო სავსე. ოთახების რაოდენობა და მდგომარეობა ციურ სხეულთა მოძრაობაზე იყო დამოკიდებული. ამას გარდა, ოთახს მრავალი სხვა უჩვეულო თვისება გააჩნდა. მათ შორის ისიც, რომ იქ მოხვედრილი ნებისმიერი საგანი და სულიერი არსება, უმალ გადასხვაფერდებოდა. უცაბედი მეტამორფოზა გამოიხატებოდა საგნის ფერის და სუნის ცვალებადობაში, გარეგნულად კი საგანი იგივე ფორმას ინარჩუნებდა. ადამიანს ეცვლებოდა სისხლის ჯგუფი და რეზუსი, რასაც თან სდევდა სხეულის სხვადასხვა ადგილას, კანქვეშ კარგად შესამჩნევი შედედებული სისხლის ლაქების გაჩენა. ამ ლაქების გამოწუწნა შეეძლო იმ ფრინველს, რომელიც შუქურის თავზე ცხოვრობდა და ზოგჯერ ქვიშის საათის შიგნითაც ახერხებდა შეღწევას, სადაც ქვიშის მარცვლებს კენკავდა და სიმლაშის გამო უმალ უკან აფურთხებდა. ამ გზით მას შეეძლო ცვლილებათა შეტანა დროის მდინარებაში. "