ისტორია
მაიკო ადგილს ვერ პოულობს... ღელავს. თან უხარია, თან ეშინია. უფრო სწორად, ხან უხარია, ხან ეშინია.
თმა დილითვე დაივარცხნა. მადლობა ღმერთს, ქალთა სადალაქოები თბილისში უხვადაა!
გული უფანცქალებს, ხელები უკანკალებს - უთრთის მზეზე გარუჯული შთამბეჭდავი ტანი...
თუმცა, საღამომდე ჯერ კიდევ დიდი დროა!
ო, როგორ შურთ მისი! ქალებს ეზიზღებათ მაიკო. სადალაქოს მახინჯი და მსუქანი ქალები მას ზიზღით შესცქერიან.
მაიკო ფრჩხილებს იკოხტავებს, როგორც ხელის, ასევე ფეხისას. თეთრად ელვარებენ მისი ფრჩხილები!
ლამისაა აფეთქდეს მაიკოს ტელეფონი! ურეკავენ მეგობრები, ნათესავები, თაყვანისმცემლები, ყოფილი ქმრები... და ულოცავენ... გულწრფე- ლად ულოცავენ! დიდმა ბებიამაც კი დარეკა - ას ათი წლისამ - იტირა, დალოცა სახელოვანი შვილთაშვილი და ბოლოს ისიც თქვა, იქნებ ახლა მაინც გვეშველოს რამეო.
მისი ბინა ყვავილებით ივსება. მაიკოს სახლი სამოთხის ბაღად იქცა! ქალბატონმა დოდომ - დედამან მისმან - დღეს უკვე მერამდენედ ჩაილაპარაკა გაკვირვებულმა: ამხელა ქვეყნის ხელმძღვანელმა მაინცდამაინც ჩემს მაიკოს დასდოვო პატივი.
რას აღარ სთხოვენ მაიკოს, რას აღარ აბარებენ...
იკა - მაიკოს ამჟამინდელი ქმარი - ცოლს თაიგულს ჩუქნის, მერე კი ამბობს:
- გეფიცები, ვამაყობ შენით.
მაიკო ქმარს კოცნით პასუხობს.
- ძაან გეშინია? - ეკითხება იკა.
- ძაან... - არ მალავს მაიკო.
- ნუ ღელავ, ცუცი, მე შენთან ვიქნები!
იკა მაიკოს ეხვევა. იხუტებს, იწებებს უღინღლო მკერდზე...
- როგორ მიყვარს, როდესაც ცუცის მეძახი, - კრუტუნებს მაიკო. - ხო არ მიმატოვებ?
- არასდროს!
- დაიფიცე!
- გნებავს, დავიგინებ?!
- მნებავს... მწადიან... მინდა!
მაიკო იცინის. მაიკო ბედნიერია. ქმარს ეკითხება:
- შენ რას დამაბარებ? რა ვთხოვო შენთვის?
- არაფერი, - პასუხობს იკა, - ზღვა მიყვარს, იცი... ზღვისთვის მინდა რამე. უსულო, რასაკვირველია.
- მაიკო, რას ჩაიცმევ? - შფოთავს დოდო, დედაი მისი, - სპორტულსა, თუ ელეგანტურებს?
მაიკო შავ კაბას ირჩევს. მერე იწუნებს. მერე ისევ მოსწონს. მსხალსავით ტკბილ ძუძუებს პარიზში ნაყიდი ლიფეულით მალავს, დუნდულოს - იქვე შეძენილ უჩინმაჩინ ტრუსებში, უკან ერთი ძაფი რო აქვს და წინ კი მხოლოდ სამკუთხედი.
ღელავს! ნერვიულობს! თან ეამაყება...
საღამომდე ჯერ კიდევ დიდი დროა!
მოდიან მისი დაქალებიც, ამ დაქალთა ქმრებიც და მათი შვილებიც.
რას აღარ სთხოვენ, რას აღარ აბარებენ...
ნინიკო, ერთ-ერთი დაქალთაგანი, ჭიქაში ყავას ისხამს და ღიმილით ამბობს:
- იკას რა ტუზი დაეცა!
- მარტო იკას? - უკვირს მაცაცოს, დაქალს ასევე, - ყველა ჩვენთაგანს, ნინი!
- მაი, მაინც რა ბედი გაქვს! - ამბობს ნინიკოს მეუღლე, გვარად შამუგია, - ხუთი მილიონიდან მაინცდამაინც შენ ამოგარჩიეს.
- ბიჭო! - წითლდება ნინიკო /ყავამ ზედა ტუჩი მოუთხვარა/ - ამას აარჩევდნენ, შენნაირ დამთხვეულს კი არა! ლამაზიცაა, ჭკვიანიც, მანქანა თავისი ხელფასით იყიდა - მამამისისთვის კი არ უთხოვია! ექვსი ენა იცის, დებილო!
- მე რატო მლანძღავ? - სწყინს შამუგიას.
- იმიტო რო კაცები კრეტინები ხართ!
იცინის ყველა: დაქალებიც! ქმრებიც!
მაიკო ღელავს. საათს უყურებს. თორმეტის ნახევარზე დარეჯანის სასახლეში უნდა იყოს, მძღოლი თორმეტის თხუთმეტ წუთზე გამოუვლის, თერთმეტ საათზე თხუთმეტწუთიანი პრეს-კონფერენცია აქვს დანიშნული: ორი სიტყვით უნდა მოყვეს, ღამე რას აპირებს...
დოდო სამზარეულოდან გამოდის. ამბობს:
- ლეილამ დარეკა, ტელევიზორი ჩართეთო.
ვიღაც ჩინოსანი მაიკოს ულოცავს, მერე ერს მიმართავს... თავის გამოსვლას შემდეგი სიტყვებით ამთავრებს:
- ვიცი, ბევრი იტყვის, როგორ შეიძლება, სირცხვილიაო... ისაო, ესაო... თავი მოგვეჭრაო... არა, გენაცვალე! თავს თქვენ გვჭრით, ღორებო თქვენა!.. რატო არ უნდა ისიამოვნოს?! ეკუთვნის, ბატონო! იმსახურებს!.. დამიჯერეთ, ჩვენც ვიხეირებთ...
მერე კვლავ მაიკოს ულოცავს, აქებს.
გაბმული ზარია!
- რაიონია! რაიონი! - ყვირის დოდო, დედაი მისი. ლამისაა გასკდეს ტელეფონი.
რაიონი კი არა, თურმე, დორტმუნდია. ოთხი წლის წინათ ევროპაში გადახვეწილი მანჩო რეკავს. მაიკო კივის. სიხარულისგან!
- გოგო... - ისმის დორტმუნდიდან, - მართალია?
- კი! - პასუხობს მაიკო, - შენ როდის ჩამოხვალ?
პაუზა.
ექო: შენ როდის ჩამოხვალ...
მანჩო დორტმუნდიდან:
- რა ვიცი... ალბათ, ზაფხულში... კიკეთში რა ხდება?
- მომიკითხე ერიკი!
- მე ემიგრანტი ვარ. ფეხსაცმელში ქართული მიწა მიყრია. ერიკი დამცინის. მაიკო, ძაან მაგარი ხარ!.. დამიკოცნე ჩვენი გოგოები!
მაიკო თმას მეორედ ივარცხნის.
ვინმე ლოლაძე - საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი - თავს დასტრიალებს, ამშვიდებს, აქებს და ართობს მაიკოს.
- ...რო შევუყვარდე? - ღიმილით ეკითხება ლოლაძეს მაიკო.
- ამაზე კარგი რა უნდა იყოს! - იცინის ესეც, - ასეთი სიძე ნამდვილად გვეკუთვნის.
-