წინასიტყვაობა აგათა კრისტი - მილერი(1890-1976) - ინგლისელი მწერალი ქალი ორმოცდაათი წლის მანძილზე ნაყოფიერად მოღვაწეობდა დეტექტიურ ჟანრში.
იგი სამწერლო ასპარეზზე სრულიად შემთხვევით გამოვიდა.
ოცდახუთი წლის აგათამ უფროსი დის დაჟინებული მოთხოვნით სანაძლეოზე დეტექტიური რომანი დაწერა. ეს ცდა წარმატებით დამთავრდა და ინგლისს ახალი მწერალი ქალი მოევლინა. თავიდან მართალია, პირქუშ მოთხრობებს თხზავდა, სადაც მთავარი პერსონაჟები, ჩვეულებრივ, იხოცებოდნენ.
დებს იმ დროისათვის საშუალო ინგლისური ოჯახისთვის ჩვეული ტრადიციული აღზრდა არ მიუღიათ.
მამა, მილერი, ამერიკელი იყო; დედა, თუმცა ინგლისელი გახლდათ, ქალიშვილების აღზრდას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. თავად აგათა კრისტი მოგვიანებით თავის მოგონებებში წერდა, რომ ხიხ საუკუნის 90-იანი წლების ინგლისში საშუალო ფენის ოჯახებიდან გამოსულ გოგონებს იშვიათად თუ აგზავნიდნენ სკოლებში - ეს უცნაურ ტონად ითვლებოდაო. ჩვეულებრივ, ოჯახებში იწვევდნენ გუვერნანტ ქალებს, რომლებიც უცხო ენებსა და ხელსაქმეს ასწავლიდნენ. ზოგჯერ გოგონები სხვადასხვა კლასში დადიოდნენო: ცეკვის, შვედური ტანვარჯიშის, ხატვისა თუ სიმღერის.
აგათა მილერს გუვერნანტი ქალი არ ჰყოლია. ოჯახმა გამოძებნა ფულადი სახსრები და გოგონა პარიზს გაგზავნა სიმღერის შესასწავლად, რადგან მას მუსიკალური სმენა აღმოაჩნდა. თავისუფალ დროს აგათა ბევრს კითხულობდა. განსაკუთრებით ზღაპრებს, დიკენსის რომანებსა და კონან დოილის სათავგადასავლო ნაწარმოებებს. მომღერალი მისგან, როგორც ვიცით, არ დადგა. აგათა უფრო პროზაულ გზას დაადგა - მედიცინის სკოლა დაამთავრა. 1914 წელს იგი ცოლად გაჰყვა არჩიბალდ კრისტის, რომელიც ომის დროს საფრანგეთში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 1929 წელს ისინი გაიყარნენ, აგათა თავისი ნაწარმოებების გამოქვეყნებას კვლავ კრისტის გვარით განაგრძობდა.
ფარმაცევტად მუშაობისას მან ზედმიწევნით შეისწავლა წამლებისა და საწამლავების თვისებები, რამაც ასახვა ჰპოვა მის ნაწარმოებებში.
მეორედ მან ინგლისელ არქეოლოგზე, მელოუენზე იქორწინა. მასთან ერთად არაერთხელ უმოგზაურია ანტიკური შუმერული ქალაქის გათხრებზე მესოპოტამიაში; იმოგზაურა ეგვიპტესა და ტრიპოლიტანიაში. მის ნაწარმოებებში მოქმედება სწორედ ამ ადგილებში ხდება, თუმცა, აგათა კრისტის პოპულარობისთვის ეს, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა საკმარისი. ნაწილობრივ ეს პოპულარობა მან ინგლისის საზოგადოების დეტექტიური ჟანრის ესოდენ დიდი დაინტერესებით მოიხვეჭა. როგორც მაშინ მისი თანამემამულე მწერალი სომერსეტ მოემი აღნიშნავდა, დეტექტიურ ნაწარმოებებს მაღალინტელექტუალური ადამიანები კითხულობენ, ვინაიდან ადამიანში ოდითგანვე ძევს მოთხოვნილება საინტერესო თავგადასავლებისადმიო.
მწერალ ქალს საოცარი უნარი აქვს ცნობისმოყვარეობა აღუძრას მკითხველს კვანძის გახსნამდეც კი, რაც ხშირად მოულოდნელობებით მთავრდება, თუმცა ფსიქოლოგიურად დამაჯერებელია.
აგათა კრისტის საყვარელი გმირებია სამძებრო აგენტი ჰერკიულ პუარო თავის განუყრელ მეგობართან - კაპიტან ჰასტინგსთან ერთად და მის მარფლი.
აგათა კრისტი მისთვის ჩვეული ლაკონურობით, თხრობის სიმსუბუქითა და სილაღით გვამცნობს მისი თანამედროვე ინგლისის ტრადიციულ თავისებურებებს, ადამიანთა ტიპებს, დიდი ქალაქების ხმაურიან ცხოვრებას, პროვინციის, ერთი შეხედვით, მოჩვენებით მყუდროებას და ამით აღწევს სიუჟეტის დინამიკურ განვითარებას.