აგათა კრისტი (1890-1976) აგათა მერი კლარისა მელოუან მილერი, რომელმაც სამწერლო ფსევდონიმად პირველი ქმრის გვარი - კრისტი აიღო, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ინგლისში გადასულ მილერთა შეძლებულ ოჯახში დაიბადა. განათლება, მათ შორის მუსიკალური, ოჯახში მიიღო და, სცენის შიში რომ არა, მუსიკოსი გახდებოდა.
პირველი მსოფლიო ომის დროს ჰოსპიტალში მედდად მუშაობდა. აფთიაქში ფარმაცევტად საქმიანობის გამოცდილებაც მიიღო, რაც დიდად გამოადგა შემდგომ, დეტექტივების წერისას: მის ნაწარმოებებში მომხდარ ბოროტმოქმედებათა შორის 83 მოწამვლით იქნა ჩადენილი.
საერთო ჯამში, აგათა კრისტის კალამს 60 დეტექტიური, 6 ფსიქოლოგიური რომანი, მოთხრობების 19 კრებული და 16 პიესა ეკუთვნის. გამოცემულ ნაწარმოებთა საერთო ტირაჟი ასტრონომიულ ციფრს - 4 მილიარდ ეგზემპლარს აღწევს, ხოლო ენების რაოდენობა, რომელზეც ისინი ითარგმნა, 100-ს აჭარბებს. აგათა კრისტის შემოქმედება, ბიბლიისა და უილიამ შექსპირის შემდეგ, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობითაა გამოცემული.
1914 წელს, შობას, მომავალი მწერალი ქალი ცოლად გაჰყვა პოლკოვნიკ არჩიბალდ კრისტის, რომელზეც რამდენიმე წელი იყო შეყვარებული. მასთან შეეძინა ერთადერთი ქალიშვილი - როზალინდა. მაგრამ ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. სწორედ მათი ურთიერთობების გართულებას უკავშირდება ქალის გაუჩინარება, რომელიც 11 დღე გაგრძელდა. ეს მოხდა 1926 წელს, როცა ქმარი ღალატში გამოუტყდა და განქორწინება სთხოვა.
მწერალი ქალის გაუჩინარებას დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა. მიუხედავად ამისა, მომხდართან დაკავშირებული ბევრი გარემოება დღემდე იდუმალებით მოცული დარჩა.
როგორც ცნობილია, კრისტის ნაწარმოებების მთავარი გმირები დეტექტივები - ერკიულ პუარო და მის მარპლი გახლავან. მისი რომანებისა და მოთხრობების ფურცლებზე ჩნდებიან აგრეთვე: კაპიტანი ჰასტინგსი, პოლკოვნიკი რეისი, პარკერ პაინი, ტომი და ტაპენს ბერესფორდები, სუპერინტენდანტი ბატლი. და მაინც, აგათა კრისტის მაძებრებს შორის განსაკუთრებული ხიბლით მის მარპლი გამოირჩევა, რომელიც „ ჩემი რჩეული მსოფლიოს “ ამ სამტომეულში შესული ოთხი რომანის მთავარ გმირად გვევლინება.
შინაბერა მარპლის პროტოტიპი მწერლის ბებიაა, რომელიც ავტორის თქმით, „ უბოროტო ადამიანი იყო, მაგრამ მუდამ, ყველასა და ყველაფრისგან, ყველაზე უარეს რაღაცებს ელოდა, და მისი ეს მოლოდინი შემაშფოთებელი პერიოდულობით მართლდებოდა კიდეც “ . თუ კრისტის შვილიშვილს, მეთიუ პრიჩარდს დავუჯერებთ, აგათა კრისტის საკუთარი კალმით შექმნილ დეტექტივებს შორის ყველაზე მეტად სწორედ მის მარპლი - „ ხნიერი, ჭკვიანი, ტრადიციული ინგლისელი ლედი “ - მოსწონდა. არ შევცდებით, თუ ვიტყვით: ასეთსავე დამოკიდებულებას ავლენს მილიონობით მკითხველი, რომელიც მის მარპლის მიერ ბოროტმოქმედებათა გამოძიებას „ დეტექტივის დედოფლის “ თხზულებების კითხვისას ადევნებს თვალყურს.
ეძღვნება როზალინდს