თავი 1 - სთაილზში მივემგზავრები
იდუმალებით მოცულისაქმე სთაილზში
ეს რომანი სანაძლეოს დადების შედეგად დაიწერა, რომლის პირობის თანახმად, ავტორი, რომელსაც მანამდე წიგნი არასდროს დაეწერა, ვერ შექმნიდა დეტექტიურ რომანს, რომელშიც მკითხველი მკვლელის "აღმოჩენას" ვერ შეძლებდა, თუმცა მის განკარგულებაში დეტექტივისთვის ხელმისაწვდომი ყველა გასაღები იქნებოდა. ცხადია, სანაძლეო ავტორმა მოიგო და საუკეთესო დეტექტივებისთვის დამახასიათებელ ბრწყინვალე სიუჟეტთან ერთად ახალი ტიპის დეტექტივიც შექმნა ბელგიელი პუაროს სახით. აღსანიშნავია, რომ ეს რომანი "თაიმსმა" ყოველკვირეულ სერიალად გამოსცა.
ჯონ ლეინი, "ბოდლი ჰედი", 1921 წელი
დღეს მნიშვნელოვნად განელებულია ის უჩვეულო ინტერესი, რომელიც თავის დროზე "სთაილზის საქმემ" გამოიწვია, მაგრამ ეს ამბავი ისე გახმაურდა, რომ ჩემმა მეგობარმა პუარომ და დრამის მონაწილე ოჯახმა მთხოვეს, დაწვრილებით მომეთხრო. იმედია, ეს ბოლოს მოუღებს იმ სკანდალურ ჭორებს, რომლებიც ჯერაც ვრცელდება ამ ამბის შესახებ.
შევეცდები, მოკლედ აღვწერო ის გარემოებები, რომლებმაც იქ განვითარებულ მოვლენებთან დამაკავშირა.
ფრონტზე დაჭრილი ზურგში გამგზავნეს და ჰოსპიტლის დამთრგუნველ გარემოში გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ ერთთვიანი შვებულება მერგო. მეგობრები და ახლო ნაცნობები არ მყავდა და როცა ვფიქრობდი, სად წავსულიყავი, ჯონ კავენდიშს გადავეყარე. წლების განმავლობაში მას სულ რამდენჯერმე თუ შევხვედროდი, გულითადი მეგობრებიც არასდროს ვყოფილვართ. ჩემზე თხუთმეტი წლით უფროსი მაინც იქნებოდა, თუმცა, თავის ორმოცდახუთ წელთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. სხვათა შორის, ბავშვობაში ხშირად ვრჩებოდი სთაილზში, ესექსში, დედამისის მამულში.
წარსულზე ლაპარაკით გული რომ ვიჯერეთ, შემომთავაზა, შვებულება სთაილზში გამეტარებინა.
- დედას ძალიან გაუხარდება თქვენი ნახვა ამდენი წლის შემდეგ, - დაამატა მან.
- დედათქვენი ხომ კარგად არის? - ვკითხე მე.
- ო, დიახ. ალბათ, გეცოდინებათ, რომ გათხოვდა.
ვშიშობ, ძალზე დაუფარავად გამოვხატე ჩემი გაოცება. მისის კავენდიში, რომელმაც ჯონის მამაზე მას შემდეგ იქორწინა, რაც კაცი დაქვრივდა და მარტო დარჩა ორ ვაჟიშვილთან ერთად, როგორც მახსოვდა, ძალზე მიმზიდველი შუახნის ქალი იყო და ახლა სამოცდაათზე ნაკლების არ იქნებოდა. იგი ჩემს მეხსიერებას შემორჩა როგორც ენერგიული, მბრძანებლობის მოყვარული და შეძლებული ქალი, თუმცა, იმავდროულად, გულუხვი და ქველმოქმედი, რომელიც ლედი ბაუნტიფულის(ირლანდიელი დრამატურგის, ჯორჯ ფარკერის (1677-1707) პიესის პერსონაჟი, რომელიც სიმდიდრის წარმოჩენას გულუხვობით ცდილობს.) როლის მორგებას არცთუ წარუმატებლად ცდილობდა.
"სთაილზ-კორტი" მისტერ კავენდიშმა მათი ქორწინების ადრეულ წლებში შეიძინა. გამუდმებით ცოლის ზეგავლენაში მოქცეულმა, სიკვდილის წინ მამული და ქონების უდიდესი ნაწილი მას უანდერძა, რაც აშკარა უსამართლობა იყო საკუთარი შვილების მიმართ, თუმცა, დედინაცვალი მათ არაფერს აკლებდა. ისინი ძალზე პატარები იყვნენ, როდესაც მამამისმა მეორედ იქორწინა, და მისის კავენდიშს დედად თვლიდნენ.
ლოურენსი, უმცროსი კავენდიში, მგრძნობიარე ახალგაზრდა იყო. მან სამედიცინო განათლება მიიღო, მაგრამ ექიმობაზე მალევე თქვა უარი, მამულში დასახლდა და ლიტერატურული ამბიციის დაკმაყოფილება ამჯობინა, ოღონდ პოეზიაში წარმატებას ვერ მიაღწია.
ჯონი ერთხანს ადვოკატობას მისდევდა, თუმცა, მალე ისიც მშობლიურ სახლში დამკვიდრდა, რადგან სოფლის სკვაირის ცხოვრება უფრო მოსწონდა. ორი წლის წინათ ცოლი მოიყვანა და ახლა სთაილზში მასთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა, ვეჭვობ, რომ ერჩივნა, დედისგან მეტი შემოსავალი მიეღო, რათა საკუთარი სახლი შეეძინა. მაგრამ მისის კავენდიში იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც ცხოვრებისეულ გეგმებს არა მხოლოდ თავისთვის, არამედ გარშემო მყოფთათვისაც აწყობენ, და სრული საფუძველი ჰქონდა, ევარაუდა, რომ მათ წინააღმდეგობას არ წააწყდებოდა, ვინაიდან ყველაზე ძლიერი არგუმენტი გააჩნდა - ფული.
ჯონმა გაკვირვება შემატყო დედამისის ახალი ქორწინების გამო და სევდიანად გაიღიმა.
- ის კაცი იშვიათი არამზადაა! - შესძახა ფიცხად, - არ დაგიმალავთ, ჰასტინგს, რომ ცუდი დროება დაგვიდგა. ევი კი... ხომ გახსოვთ, ევი?
- არა.
- ჰო, როგორც ჩანს, თქვენ შემდეგ მოვიდა. დედის ნდობით აღჭურვილი პირია, კომპანიონი, ყველაფერი ეხერხება! ევი ნამდვილი განძია. ცხადია, არც ახალგაზრდაა და არც ლამაზი, თუმცა, შეუცვლელი კი არის.
- თქვენ მასზე ამბობდით...
- დიახ, იმ ტიპზე! ერთ მშვენიერ დღეს საიდანღაც თავს დაგვატყდა და გამოგვიცხადა, რომ ევის გარე ბიძაშვილი, თუ რაღაც ამგვარი, ვარო, თუმცა, მაშინვე გამოჩნდა, რომ ევის მისი დანახვა დიდად არ ეპიტნავა. აშკარად უცხო ადამიანია, ამას ყველა ამჩნევს. დიდ შავ წვერს ატარებს და ნებისმიერ ამინდში გალაქული ტყავის ჩექმა აცვია! აი, დედა კი თავიდანვე სიმპათიით განეწყო მის მიმართ და მდივნად აიყვანა - ხომ იცით, ის ასამდე საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრია.
თავი დავუქნიე.
- ჰო, მაგრამ ომმა ასი ათასად აქცია. ბუნებრივია, ეს კაცი მას ძალიან გამოადგა, მაგრამ როდესაც სამი თვის წინათ დედამ ალფრედთან თავისი ნიშნობის შესახებ გამოგვიცხადა, ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ნიშნავდა! ის