ბრალდების მოწმე მისტერ მეიჰერნმა პენსნე გაისწორა და როგორც სჩვეოდა, ოდნავ მშრალად ჩაახველა. შემდეგ კვლავ შეხედა წინ მჯდომ კაცს, რომელსაც განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებდნენ.
მისტერ მეიჰერნი ტანდაბალი მამაკაცი იყო, ძალზე ჭკვიანი და გამჭრიახი ნაცრისფერი თვალებით. აკურატულად, შეიძლება ითქვას, პეწიანადაც კი ეცვა. სულელი ნამდვილად არ ეთქმოდა. პირიქით, უაღრესად წარმატებული ადვოკატის რეპუტაციით გამოირჩეოდა. როდესაც კლიენტს მიმართა, მის ხმაში, სიცივესთან ერთად, თანაგრძნობაც გახმიანდა.
– კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ სერიოზული საფრთხე გემუქრებათ და მაქსიმალური გულწრფელობა გმართებთ.
ლეონარდ ვოულმა, რომელიც აქამდე უსიცოცხლოდ მისჩერებოდა ცარიელ კედელს, მზერა ადვოკატზე გადაიტანა.
– ვიცი, – თქვა სასოწარკვეთით, – ამას ხშირად მიმეორებთ, მაგრამ ჯერაც ვერ გავაცნობიერე, რომ მკვლელობას მაბრალებენ, თანაც საზიზღარ მკვლელობას.
მისტერ მეიჰერნი საქმეს ყოველთვის პრაგმატულად, ცივი გონებით უდგებოდა. მან ერთხელაც ჩაახველა, პენსნე მოიხსნა, საგულდაგულოდ გაწმინდა და კვლავ ცხვირზე დაისკუპა, შემდეგ კი თქვა:
– დიახ, დიახ, დიახ, ძვირფასო მისტერ ვოულ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ვითარებიდან თქვენს დასახსნელად და წარმატებასაც მივაღწევთ. დიახ, წარმატებას მივაღწევთ... მაგრამ ყველა ფაქტი უნდა ვიცოდე. უნდა გავარკვიო, რამდენად სერიოზული ბრალდება წაგიყენეს, ამის შემდეგ კი თავდაცვის საუკეთესო სტრატეგიასაც ავირჩევთ.
ახალგაზრდა კაცი მას კვლავაც თვალგაშტერებული, უიმედო მზერით მისჩერებოდა. თუ აქამდე მისტერ მეიჰერნს ეჩვენებოდა, რომ ეს ძალზე ბნელით მოცული საქმე იყო, დაკავებული კი დამნაშავე, ახლა ამაში პირველად შეეპარა ეჭვი.
– თქვენ ფიქრობთ, რომ დამნაშავე ვარ, – ჩაილაპარაკა ლეონარდ ვოულმა, – თუმცა გეფიცებით, ცდებით! ვიცი, ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ მეტყველებს. ისეთ მახეში გამაბეს, საშველი არ ჩანს... მაგრამ მე ეს არ ჩამიდენია, მისტერ მეიჰერნ, არ ჩამიდენია!
მისტერ მეიჰერნმა იცოდა, რომ ასეთ მდგომარეობაში ადამიანები ყოველთვის თავიანთ უდანაშაულობაზე საუბრობენ. და მაინც, ლეონარდ ვოული მასზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენდა. ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა არც იყო დამნაშავე.
– მართალს ბრძანებთ, მისტერ ვოულ, – თქვა პირქუშად, – ყველა სამხილი თქვენს წინააღმდეგაა. მიუხედავად ამისა, მჯერა, რასაც ამბობთ... ახლა კი ფაქტებზე გადავიდეთ. პირადად თქვენგან მინდა მოვისმინო, როგორ გაიცანით მის ემილი ფრენჩი.
– ოქსფორდ-სტრიტზე ხანში შესული ქალი ქუჩაზე გადადიოდა. ბევრი პაკეტი მიჰქონდა. დაუცვივდა და სანამ აღებას ცდილობდა, კინაღამ ავტობუსი დაეჯახა. მოახერხა და მშვიდობიანად მიაღწია ტროტუარს, თუმცა ხალხის ყვირილმა დააბნია. პაკეტები ავიღე, შეძლებისდაგვარად გავწმინდე, ერთი მათგანი კვლავ ლენტით შევკარი და ქალს დავუბრუნე.
– მაშასადამე, ვერ ვიტყვით, რომ გადაარჩინეთ?
– არა, ღმერთო, ცხადია, არა! მე მხოლოდ თავაზიანობა გამოვიჩინე. გულთბილი მადლობა გადამიხადა, მითხრა, თანამედროვე ახალგაზრდების უმრავლესობას არ ჰგავხართო... მისი სიტყვები ზუსტად არ მახსოვს... შლაპის აწევით დავემშვიდობე და წავედი. არ ველოდი, თუ ოდესმე კვლავ ვნახავდი, მაგრამ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. იმავე დღეს წვეულებაზე შევხვდი ჩემს მეგობართან. მაშინვე მიცნო და ჩემი გაცნობა მოიწადინა. მხოლოდ მაშინ შევიტყვე, რომ მის ემილი ფრენჩი ერქვა და ქრიქლვუდში ცხოვრობდა. ერთხანს ვისაუბრეთ. ვფიქრობ, იმ ხანში შესული ქალების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებსაც მოულოდნელად აღეძვრებათ სიმპათია ადამიანების მიმართ. ძალიან მოვეწონე ჩემი ჩვეულებრივი საქციელის გამო, არადა, ბევრი მოიქცეოდა ასე. დამშვიდობებისას გულთბილად ჩამომართვა ხელი და დამპატიჟა. მივუგე, რომ სიამოვნებით ვეწვეოდი. აღარ მომეშვა და ზუსტი დღე დამათქმევინა. ვერ ვიტყვი, რომ მასთან სტუმრობა მსურდა, მაგრამ უარის თქმა უზრდელობაში ჩამომერთმეოდა, ამიტომ მომდევნო შაბათზე შევთანხმდით. მისი წასვლის შემდეგ ნაცნობებისგან მასზე რაღაც-რაღაცები შევიტყვე – თურმე მდიდარი და ექსცენტრიკული ადამიანი ყოფილა, მოახლესთან ერთად ცხოვრობდა და, სულ ცოტა, რვა კატა მაინც ჰყავდა.
– გასაგებია, – თქვა მისტერ მეიჰერნმა, – მაშასადამე, მისი სიმდიდრის თემა უკვე მაშინ წამოიჭრა?
– თუ იმას გულისხმობთ, რომ შეკითხვები დავსვი... – გაცხარებით დაიწყო ლეონარდ ვოულმა, მაგრამ მისტერ მეიჰერნმა ჟესტით გააწყვეტინა:
– საქმე ისე უნდა განვიხილო, როგორც სასამართლოში მეორე მხარე წარმოაჩენს. ჩვეულებრივი დამკვირვებელი ვერ მიხვდებოდა, რომ მის ფრენჩი შეძლებული ლედი იყო. ქალი მოკრძალებულად, თითქმის ღარიბულად ცხოვრობდა. თქვენთვის მისი სიმდიდრე რომ არ ეხსენებინათ, ალბათ, იფიქრებდით, ყოველ შემთხვევაში, თავიდან მაინც, რომ ხელმოკლე ადამიანთან გქონდათ საქმე. მაინც ვინ გითხრათ, მდიდარიაო?
– ჩემმა მეგობარმა, ჯორჯ ჰარვიმ, ვის სახლშიც წვეულება გაიმართა.
– მას თუ ახსოვს, რომ ეს გითხრათ?
– არ ვიცი, ეს ძალზე დიდი ხნის წინათ იყო.
– მართალს ამბობთ, მისტერ ვოულ. ბრალდების პირველი მიზანი იმის დამტკიცება იქნება, რომ ფინანსურად შეჭირვებულ მდგომარეობაში იყავით... ეს სიმართლეა, არა?
ლეონარდ ვოული წამოწითლდა.
– დიახ, – თქვა ხმადაბლა, – მაშინ საშინლად არ მიმართლებდა.
–