გვამი ბიბლიოთეკაში
ნაწილი პირველი
I
მისის ბანტრი სიზმარს ხედავდა - მის სურნელოვან ცერცველას პირველი ადგილი მოეპოვებინა ყვავილების გამოფენაზე. ეკლესიაში პრიზებს ანაფორასა და სტიქარში გამოწყობილი ქორეპისკოპოსი არიგებდა. მას მეუღლე ეხმარებოდა, რომელსაც, რატომღაც, მხოლოდ საცურაო კოსტიუმი ეცვა, რასაც რეალურ ცხოვრებაში მრევლის მხრიდან გაკიცხვა მოჰყვებოდა, თუმცა სიზმარში ეს უჩვეულოდ არავის ეჩვენებოდა... მისის ბანტრის ყოველთვის სიამოვნებდა გამთენიის ძილღვიძილი. ამ ნებივრობას სადაცაა, მოსამსახურე ქალი შეაწყვეტინებდა, როდესაც დილის ჩაის მოართმევდა. უკვე ჩაესმოდა კიდეც ადრეულ დილას სახლში ატეხილი ფუსფუსი: ერთი მოახლე ფარდებს სწევდა, მეორე - აქანდაზითა და ცოცხით იატაკს ჰგვიდა, შემოსასვლელი კარის გაღება-დაკეტვის ხმაც გაისმა. ახალი დღე იწყებოდა. მისის ბანტრი ცდილობდა მოესწრო და, შეძლებისდაგვარად, სრულად დამტკბარიყო ყვავილების გამოფენით, რომელიც წუთი წუთზე გაქრებოდა...
ხმაურით გაიღო ქვედა სართულზე მდებარე სასტუმრო ოთახის დარაბები. ბოლომდე ვერც ამან გამოაღვიძა მისის ბანტრი. მან იცოდა, რომ წინ და უკან სიარული და ფუსფუსი ნახევარ საათს მაინც გაგრძელდებოდა, ამიტომ ამას ყურადღებას არ აქცევდა. ყველაფერს კაბის შრიალი და ლანგარზე ჭურჭლის წკარუნი დაასრულებდა, როდესაც მერი კარზე ფრთხილად დააკაკუნებდა, შემოვიდოდა და ოთახში დღის სინათლეს შემოუშვებდა. ბურანში მყოფმა მისის ბანტრიმ შუბლი შეიჭმუხნა. ქვეცნობიერში რაღაც უჩვეულო ჩაესმა - აჩქარებული ნაბიჯების ხმა. სმენა დაძაბა, რათა ფაიფურის წკარუნი გაეგონა, მაგრამ ამაოდ. კარზე დააკაკუნეს. მისის ბანტრიმ ავტომატურად, თვალგაუხელელად დაიძახა:
- შემოდით! კარი გაიღო. ახლა ფარდა უნდა გადაწეულიყო. ამის ნაცვლად, ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში მერის აფორიაქებული, შეწუხებული ხმა გაისმა:
- ოჰ, ქალბატონო, ქალბატონო, ბიბლიოთეკაში გვამია! ამ სიტყვებით, ისტერიკულად აქვითინებული მოსამსახურე საძინებლიდან გავარდა.
II
მისის ბანტრი საწოლში წამოჯდა.ან მისმა სიზმარმა უცნაური განვითარება პოვა, ან მერი მართლაც შემოვარდა მის ოთახში და თქვა (წარმოუდგენელია! დაუჯერებელია!), რომ ბიბლიოთეკაში გვამი იყო.
- შეუძლებელია, - ჩაილაპარაკა მისის ბანტრიმ, - ალბათ,დამესიზმრა. მაგრამ იგი აშკარად გრძნობდა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. და რომ ყოველთვის გაწონასწორებულმა მერიმ ნამდვილად წარმოთქვა გასაოცარი სიტყვები. მისის ბანტრი წუთით ჩაფიქრდა, შემდეგ კი სწრაფად გაჰკრა იდაყვი მძინარე მეუღლეს.
- ართურ, ართურ, გაიღვიძე! პოლკოვნიკმა ბანტრიმ რაღაც ჩაიბურტყუნა და გვერდი იცვალა.
- გაიღვიძე, ართურ! გაიგონე, რა თქვა მოსამსახურემ?
- რა თქმა უნდა, - ნამძინარევი ხმით წარმოთქვა კაცმა,
- სავსებით გეთანხმები, დოლი. ჩანდა, რომ პოლკოვნიკი ძილის გაგრძელებას აპირებდა, ამიტომ მისის ბანტრიმ მას მხარზე ხელი დაადო და შეაჯანჯღარა.
- მომისმინე! ცოტა ხნის წინ მერი მოვიდა და თქვა, რომ ბიბლიოთეკაში გვამია.
- რაო?
- ბიბლიოთეკაში გვამიაო.
- ეს ვინ თქვა?
- მერიმ. პოლკოვნიკმა ბანტრიმ გონება მოიკრიბა და ვითარების განმუხტვა სცადა:
- სისულელეა, ჩემო კარგო. ალბათ, დაგესიზმრა.
- არა, არ დამსიზმრებია. თავიდან მეც ასე მეგონა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შემოვიდა და ზუსტად ასე თქვა.
- მერი მოვიდა და გითხრა, რომ ბიბლიოთეკაში გვამია?
- ჰო.
- ეს შეუძლებელია, - თქვა პოლკოვნიკმა ბანტრიმ.
- გეთანხმები, რომ შეუძლებელია, - მიუგო მისის ბანტრიმ და ეჭვნეულად განაგრძო: - მაგრამ რატომ მოიგონებდა ასეთ სისულელეს?
- იქნებ არც უთქვამს?
- თქვა.
- გარწმუნებ, რომ დაგესიზმრა.
- სულაც არა. პოლკოვნიკი ბანტრი საბოლოოდ გამოფხიზლდა და ცოლის დასამშვიდებლად ალერსიანად წარმოთქვა:
- ეს ყველაფერი ძილში ნახე. სულ იმ დეტექტიური რომანის - "გატეხილი ასანთის ღერის საიდუმლოს" ბრალია, წუხელ გვიანობამდე რომ კითხულობდი. იქ რაღაც ამგვარი ეწერებოდა: "ლორდმა ედგბასტენმა ბიბლიოთეკაში დაგებულ ხალიჩაზე მშვენიერი ქერათმიანი ქალი აღმოაჩინა". წიგნებში გვამს ყოველთვის ბიბლიოთეკაში პოულობენ, რეალურ ცხოვრებაში კი მსგავსი არაფერი გამიგია. - სამაგიეროდ, ახლა გაიგებ, - თქვა მისის ბანტრიმ, - ყველაფერს აჯობებს, ადგე და ქვევით ჩახვიდე. - მაგას არ ვიზამ, დოლი. ახალგაღვიძებულზე ადამიანს სიზმარი და ცხადი ერთმანეთში ერევა და ჰგონია, რომ ეს რეალობაა. - არა, მე სულ სხვა რამ დამესიზმრა, - ვითომ ყვავილების გამოფენა იყო და ქორეპისკოპოსის ცოლი საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი დაიარებოდა... რაღაც ამის მსგავსი. მოულოდნელად მისის ბანტრი ენერგიულად წამოხტა საწოლიდან და ფარდა გადასწია. ოთახი შემოდგომის მზიანი დღის შუქმა გაანათა.
- არ დამსიზმრებია, - მტკიცედ განაცხადა ქალმა, - ახლა კი ადექი, ართურ, ქვევით ჩადი და გაიგე, რა მოხდა.
- გინდა, რომ ჩავიდე და ვიკითხო, ბიბლიოთეკაში გვამი ხომ არ არის-მეთქი? სასაცილოდ ამიგდებენ.
- შენც ნურაფერს შეეკითხები, - უთხრა მისის ბანტრიმ,
- თუ გვამი მართლაც იქ არის...