თავი 1
როდესაც 1782 წელს კაპიტანმა როჯერ ანგმერინგმა ლეზერკომბის ყურეში, პატარა კუნძულზე, სახლი აიშენა, ეს ექსცენტრიკულობის მწვერვალად ჩათვალეს. კარგი ოჯახის შვილს, როგორიც ის იყო, წესით, ნორმალური, დიდი სახლი უნდა ჰქონოდა, წყაროთი და კარგი საძოვრებით.
მაგრამ კაპიტან როჯერ ანგმერინგს მხოლოდ ერთი სიყვარული ჰქონდა - ზღვა. ამიტომ „მყარი“ სახლი, როგორიც, მისი აზრით, სახლი უნდა ყოფილიყო, ზღვაში შეჭრილ ადგილზე ააშენა. კუნძულზე მუდამ ქარი ქროდა, ცაში თოლიები დაფრინავდნენ და ყოველი მოქცევისას ხმელეთს იყო მოწყვეტილი.
ცოლი არასოდეს შეურთავს. მისი პირველი მეუღლეც ზღვა იყო და უკანასკნელიც. სიკვდილის შემდეგ სახლიც და კუნძულიც შორეულ ბიძაშვილს დარჩა. არც ამ ნათესავს და არც მის შთამომავლობას მემკვიდრეობაზე ბევრი არ უზრუნიათ. მიწები და ქონება ხელში ადნებოდათ და ყოველი მომდევნო თაობა უფრო ღარიბდებოდა.
1922 წელს, როდესაც ზღვის სანაპიროზე დასვენების ჩვევა საბოლოოდ დამკვიდრდა და მიიჩნიეს, რომ დევონსა და კორნუელში ზაფხულის სიცხე არც ისე ძნელი ასატანი იყო, ართურ ანგმერინგმა აღმოაჩინა, რომ მის უზარმაზარ, მოუხერხებელ, გვიანდელი გეორგიანული სტილით ნაგებ სახლზე დიდი მოთხოვნა აღარ იყო. თუმცა კაპიტან როჯერის შეძენილი და შემდეგ მისგან მემკვიდრეობით მოულოდნელად მიღებული ქონება კარგ ფასად გაყიდა.
მყარად ნაგები სახლი გაადიდეს და გაალამაზეს. ხმელეთიდან კუნძულამდე ბეტონის დამბა ააშენეს. კუნძულის გარშემო ბილიკები გაჭრეს და მყუდრო მოსასვენებელი ადგილები მოაწყვეს. აქ იყო ჩოგბურთის ორი კორტი, პატარა ყურეს მზეზე გასარუჯი ტერასა გადაჰყურებდა, ყურეში კი მრავლად იყო ნავი, ტივი და წყალში სახტომი ფიცარნაგი. შემდეგ ლეზერკომბის ყურეში, „კონტრაბანდისტების კუნძულზე“, საზეიმოდ გაიხსნა სასტუმრო „მხიარული როჯერი“. ივნისიდან სექტემბრამდე (აღდგომის მოკლე სეზონის ჩათვლით) „მხიარული როჯერი“ სავსე იყო. 1934 წელს ის კიდევ უფრო დიდი და კომფორტული გახდა. სასადილო ოთახი გაადიდეს, დაემატა კოქტეილბარი და რამდენიმე სააბაზანო. შესაბამისად, ფასიც გაიზარდა.
ლონდონელები ხშირად ეკითხებოდნენ ერთმანეთს:
- ლეზერკომბის ყურეში თუ ყოფილხართ? იქ პატარა კუნძულზე არაჩვეულებრივად მოწყობილი სასტუმროა, ტურისტებისა და ტურისტული ავტობუსების გარეშე. სამზარეულოც გადასარევია. აუცილებლად უნდა წახვიდეთ.
და ბევრი მართლაც მიდიოდა.