თავი 1
მოხუცი ლენსკომბი ბარბაცით დადიოდა ოთახიდან ოთახში, შტორებს სწევდა და წყლიანი თვალებით ხანგამოშვებით ფანჯრებიდან იყურებოდა.
მალე ისინი დაკრძალვიდან დაბრუნდებოდნენ. ფანჯარა ბევრი იყო, ამიტომ ნაბიჯს მოუჩქარა.
„ენდერბიჰოლი“ გოტიკური სტილით აგებული ვიქტორიანული სახლი გახლდათ. ყოველ ოთახში ფარჩისა და ხავერდის მდიდრული, თუმცა ფერგადასული ფარდები ეკიდა. ზოგიერთ კედელზე კვლავაც მოჩანდა ოდესღაც გაკრული, ახლა უკვე სიძველეშეპარული აბრეშუმი. მწვანე სასტუმრო ოთახში მოხუცმა მსახურთუფროსმა ბუხრის თავზე ბებერი კორნელიუს ებერნეთის პორტრეტს შეავლო თვალი. კორნელიუსს, რომლისთვისაც წლების წინ ეს სახლი ააშენეს, ყავისფერი წვერი წინ აგრესიულად გაჰფარჩხოდა, ხელი კი გლობუსზე ედო - ან თავისი სურვილით, ან მხატვრის კონცეპტუალური ახირების გამო.
ლენსკომბს კორნელიუსი ძლიერ პიროვნებად მიაჩნდა და გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც, რომ მას პირადად არ იცნობდა. მისი ბატონი მისტერ რიჩარდი იყო, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა, თუმცა ბოლო დროს ექიმს საკმაოდ ხშირად იწვევდა. უდავოა, მისტერ რიჩარდზე მძიმედ იმოქმედა ახალგაზრდა მისტერ მორტიმერის სიკვდილმა. მოხუცმა თავი გადააქნია და თეთრი ბუდუარისკენ წაჩაქჩაქდა. დიახ, ჯანმრთელი და ძლიერი ჭაბუკის ამ ქვეყნიდან წასვლა საშინელება იყო, ნამდვილი კატასტროფა. ამას ვერასდროს წარმოიდგენდა. უბედურებას უბედურება მოჰყვა - შემდეგ მისტერ გორდონი დაიღუპა ომში. მიუხედავად ამ მძიმე დარტყმებისა, ერთი კვირის წინ ბატონი ძველებურად მხნედ გამოიყურებოდა.
თეთრ ბუდუარში მესამე შტორი გაჯიუტდა და გაიჭედა. როგორც ჩანს, ზამბარები დაძველებულიყო, ისევე, როგორც ყველაფერი ამ სახლში. ჩვენს დროში ასეთი ნივთების შეკეთება უკვე შეუძლებელია. მათ დანახვაზე თავს თანაგრძნობით აქნევენ და ამბობენ, აღარაფერი ეშველებაო, თითქოს ახალი უკეთესი იყოს. მან ხომ მაინც იცოდა, თანამედროვე ნივთები ლამის ხელში ჩასტყდომოდა - ან მასალა არ ვარგოდა, ან ხელობა.
არა, კიბის გარეშე ვერაფერს გახდებოდა. ეს პერსპექტივა გულზე არ ეხატებოდა, რადგან ბოლო დროს თავბრუსხვევას უჩიოდა. არა უშავს, ქვეყანა არ დაიქცეოდა, თუ ასე დატოვებდა. თეთრი ბუდუარის ფანჯრები წინიდან მაინც არ ჩანდა და დაკრძალვიდან დაბრუნებული მანქანებიდან მათ ვერავინ დაინახავდა. ამ ოთახით ახლა არავინ სარგებლობდა. იგი ქალბატონისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა „ენდერბიჰოლში“ ქალი კარგა ხანია, თვალით აღარავის ენახა. დასანანია, რომ მისტერ მორტიმერი არ დაქორწინდა. ხან ნორვეგიაში დადიოდა სათევზაოდ, ხანაც შოტლანდიაში სანადიროდ, არც შვეიცარიაში თხილამურებით სრიალს იკლებდა, ნაცვლად იმისა, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ლედი შეერთო ცოლად და მასთან და შვილებთან ერთად ეცხოვრა. ეჰ, რა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც „ენდერბიჰოლში“ ბავშვები დარბოდნენ...
ლენსკომბი ფიქრებმა წაიღო. მოხუცს ბოლო ოცი წლის ამბები ერთმანეთში ერეოდა, მომსვლელ-წამსვლელთა ვინაობისა და გარეგნობის აღწერაც კი უჭირდა. თუმცა წარსული ყოველთვის მკაფიოდ ახსოვდა.
მისტერ რიჩარდი თავის უმცროს ძმებსა და დებს ძმობაზე მეტად მამობას უწევდა. ოცდაოთხი წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალათ, და მაშინვე თავით გადაეშვა საქმეში. ოფისში ყოველდღე პუნქტუალურად ცხადდებოდა, სახლსაც საუცხოოდ უვლიდა. მის და-ძმებს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდათ. ცხადია, ერთმანეთში ჩხუბიც არ აკლდათ, რაც გუვერნანტებს თავსატეხს არ აკლებდა. უნდა ითქვას, რომ ლენსკომბი ამ უკანასკნელთ საცოდავ ქმნილებებად მიიჩნევდა, სძულდა კიდეც ისინი. ახალგაზრდა ქალბატონებს კი ცელქობა უყვარდათ. განსაკუთრებით, მის ჯერალდინასა და მის კორას, მიუხედავად მათ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობისა. მისტერ ლეო და მის ლორა ცოცხლები აღარ იყვნენ, მისტერ ტიმოთი ინვალიდად ქცეულიყო. მის ჯერალდინა საზღვარგარეთ გარდაიცვალა, მისტერ გორდონი ომში დაიღუპა. ყველას ისევ მისტერ რიჩარდმა აჯობა, თუმცა მისტერ ტიმოთი და პატარა მის კორა ჯერაც ცოცხლები იყვნენ. ეს უკანასკნელი იმ საზიზღარ მხატვარს გაჰყვა ცოლად და მასთან ერთად გაემგზავრა. ლენსკომბს იგი ოცდახუთი წელი არ ენახა. ძლივს იცნო ოდესღაც მშვენიერი ახალგაზრდა ქალიშვილი, ახლა კი გასუქებული და უცნაურ კაბაში გამოწყობილი. მისი ქმარი ფრანგი თუ ნახევრად ფრანგი იყო - ასეთებთან ქორწინებას სიკეთე არასდროს მოჰქონდა. თუმცა არც მის კორა წყვეტდა ციდან ვარსკვლავებს - მისნაირებს სოფელში სულელებს უწოდებენ.
მის კორას მსახურთუფროსის ცნობა არ გასჭირვებია. „ეს ხომ ლენსკომბია!“ - ისე შესძახა, თითქოს ძალიან გაუხარდა მისი დანახვა. ბავშვობაში იგი ყველას უყვარდა - ხშირად აკითხავდნენ ხოლმე ბუფეტში სასუსნავისთვის. მაშინ, აბა, ვინ არ იცნობდა მოხუც ლენსკომბს, ახლა კი აღარავის ახსოვდა. უმცროსი თაობის წარმომადგენლებს იგი ჩვეულებრივ მსახურთუფროსად მიაჩნდათ, რომელიც ამ სახლში უხსოვარი დროიდან ცხოვრობდა. თვითონ მათ ერთმანეთისგან არ განასხვავებდა - ისინი მისთვის დაკრძალვაზე ჩამოსული უცნაური უცნობების საზოგადოება იყო.
ოღონდ არა მისის ლეო - იგი ყველასგან განსხვავდებოდა. ხშირად მოდიოდა ამ სახლში ქმართან ერთად. ნამდვილი ქალბატონი ბრძანდებოდა. ეს ჩაცმულობასა და ვარცხნილობაზეც ეტყობოდა. ბატონს ის ძალიან მოსწონდა. სამწუხაროა,