ნაწილი პირველი -
თავი 1 „ხომ ხვდები, რომ მისი მოკვლა მოგვიწევს?“
შეკითხვამ თითქოს მშვიდ ღამეში გაიშრიალა, წამით შეჩერდა და მერე სიბნელეში მკვდარი ზღვისაკენ დაეშვა.
ერკიულ პუარო წუთით შეყოვნდა. ხელი ფანჯრის საკეტზე ედო. მერე წარბები შეკრა და ფანჯარა მკვეთრად დაკეტა, რათა ღამის მავნე ჰაერი აღარ შემოეშვა. ის იმ რწმენით გაიზარდა, რომ ჰაერი გარეთ უნდა იყოს, ხოლო ღამის ჰაერი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიშია.
მას შემდეგ, რაც ფარდები ჩამოაფარა და საწოლისაკენ წავიდა, შემწყნარებლური გამომეტყველებით გაიღიმა.
„ხომ ხვდები, რომ მისი მოკვლა მოგვიწევს?“
იერუსალიმში ჩამოსვლის პირველ ღამეს შემთხვევით გაგონილმა ამ სიტყვებმა ერკიულ პუარო, დეტექტივი, ძალიან დააინტერესა.
- სადაც უნდა წავიდე, დანაშაულზე ფიქრი თან დამდევს, - ჩაილაპარაკა მან.
ისევ გაეღიმა, როდესაც მწერალ ენტონი ტროლოპის შესახებ ოდესღაც გაგონილი ამბავი გაახსენდა. ტროლოპმა ატლანტის ოკეანეში გემით მოგზაურობისას შემთხვევით მოისმინა, როგორ მსჯელობდა ორი მგზავრი მისი ახალი რომანის შესახებ.
- ძალიან მომეწონა, - ამბობდა ერთი, - მაგრამ მიმაჩნია, რომ ის აუტანელი ბებრუხანა უნდა მოეკლა.
- თქვენგან ძალიან დავალებული ვარ, ჯენტლმენებო! ახლავე წავალ და მოვკლავ! - ღიმილით მიმართა მათ მწერალმა.
პუარო ისევ ცოტა ხნის წინ შემთხვევით მოსმენილ სიტყვებზე დაფიქრდა, ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს. იქნებ პიესის ან რომანის თანაავტორები თავიანთ ნაწარმოებზე მსჯელობდნენ.
„ერთ მშვენიერ დღეს ეს ფრაზა შეიძლება ბევრად ავის მომასწავებელი აღმოჩნდეს“, - გაიფიქრა მან და ისევ გაიღიმა.
მერე გაახსენდა, როგორი ნერვიული დაძაბულობა იგრძნობოდა იმ ადამიანის ხმაში, რომელმაც ეს სიტყვები წარმოთქვა. კაცის ხმა იყო თუ ბიჭის...
„ისევ რომ გავიგონო, ალბათ, ვიცნობ“, - გაიფიქრა მან, ღამის ნათურას რომ თიშავდა.
რეიმონდ და ქეროლ ბოინტონები იდაყვებით ფანჯრის რაფას დაჰყრდნობოდნენ, თავები ერთმანეთისათვის მიედოთ და ღამის ლურჯ სიღრმეს გაჰყურებდნენ.
რეიმონდმა ადრე ნათქვამი ფრაზა ნერვიულად გაიმეორა: „ხომ ხვდები, რომ მისი მოკვლა მოგვიწევს?“
ქეროლ ბოინტონი ოდნავ შეირხა.
- საშინელებაა, - თქვა მან ხრინწიანი ჩურჩულით.
- იმაზე მეტი, ვიდრე ახლა?
- ალბათ, არა...
- ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, აღარ შეიძლება... რაღაც უნდა ვიღონოთ, მაგრამ რა? სხვას ვერაფერს გავაკეთებთ….
- სადმე გაქცევა რომ შეგვეძლოს... როგორმე... - თქვა ქეროლმა, მაგრამ საკმაოდ არადამაჯერებლად გამოუვიდა და ამას თვითონაც მიხვდა.
- არ შეგვიძლია, - ხმა ყრუდ და უიმედოდ ჟღერდა, - ქეროლ, ხომ იცი, რომ არ შეგვიძლია.
- ვიცი, რეი, ვიცი, - გოგონას გააჟრიალა.
ბიჭმა კი მოკლედ და მწარედ გაიცინა.
- ყველა გიჟებად ჩაგვთვლის, როდესაც გაიგებენ, რომ ვერ შევძელით უბრალოდ გავცლოდით.
- იქნებ მართლაც გიჟები ვართ! - ნელა თქვა ქეროლმა.
- ალბათ. ალბათ, ვართ. ყოველ შემთხვევაში, მალე ვიქნებით. ალბათ, ვიღაც ჩათვლის, რომ უკვე ვართ. ვდგავართ და საკუთარი დედის მკვლელობას მშვიდად ვგეგმავთ.
- ის ჩვენი დედა არ არის, - მჭახედ თქვა ქეროლმა.
- ჰო, არ არის.
პაუზის შემდეგ რეიმონდმა მშვიდად და საქმიანად ჰკითხა:
- ხომ მეთანხმები, ქეროლ?
- ჰო, ვფიქრობ, უნდა მოკვდეს, - უემოციოდ უპასუხა ქეროლმა.
მერე უცებ თითქოს ამოხეთქა:
- გიჟია, ნამდვილად - გიჟი. ნორმალური რომ იყოს, ასე არ გვაწამებდა. წლების მანძილზე ვამბობთ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, მაგრამ ასე გრძელდება. ვამბობთ, რომ დადგება დრო და მოკვდება, მაგრამ არ კვდება. არა მგონია, ოდესმე მოკვდეს, თუ...
- თუ ჩვენ არ მოვკლავთ, - მის მაგივრად დაასრულა რეიმონდმა.
- ჰო.
ქეროლი ფანჯრის რაფას მოეჭიდა.
- ხომ ხვდები, რატომ უნდა გავაკეთოთ ეს მე და შენ? - განაგრძო ძმამ თითქოს მშვიდად და საქმიანად, მაგრამ ხმის ოდნავი კანკალი ღრმად დაფარულ აღელვებაზე მიუთითებდა, - ლენოქსმა ნადინზე უნდა იზრუნოს, ჯინის კი ამაში ვერ გავრევთ.
ქეროლს ისევ გააჟრიალა.
- საწყალი ჯინი... ძალიან მეშინია...
- ვიცი. ყველაფერი უარესობისკენ მიდის, არა? სწორედ ამიტომ უნდა გავაკეთოთ რაღაც, თან ძალიან სწრაფად, სანამ სულ არ გაგიჟებულა.
ქეროლი უცებ წამოდგა და შუბლზე ჩამოყრილი წაბლისფერი თმა უკან გადაიყარა.
- რეი, ფიქრობ, ეს სწორი იქნება?
- ჰო, ასე ვფიქრობ. ეს იგივეა, რაც ცოფიანი ძაღლის მოკვლა, - თქვა რეიმ მშვიდად და გულგრილად, - ძაღლის, რომელიც გარშემო მყოფებისთვის საშიშია და უნდა შევაჩეროთ. შეჩერების სხვა გზა არ არსებობს.
- მაგრამ... ჩვენ... ჩვენ, მაინც ელექტროსკამზე აღმოვჩნდებით, - ჩაილაპარაკა ქეროლმა, - იმის თქმა მინდა, რომ ამ ყველაფერს ვერავის ავუხსნით. ეს დაუჯერებელი იქნება... იცი... რაღაც თვალსაზრისით ეს ყველაფერი ჩვენს