თავი 1 -
თეატრალურ წარმოდგენაზე ხალხს მოკლე მეხსიერება აქვსო, ნათქვამია და მართალიც არის. ბარონ ეჯვერის, ჯორჯ ალფრედ სენტ-ვინსენტ მარშის, გახმაურებული სიკვდილიც კი, ერთ დროს ყველას რომ ეკერა პირზე, უკვე ჩავლილია და დავიწყებული. ხალხის გონებაში აღფრთოვანების ადგილი უფრო ახალ-ახალმა სენსაციურმა მოვლენებმა დაიკავა.
ჩემი მეგობრის, ერკიულ პუაროს, სახელი მაგ საქმესთან დაკავშირებით საჯაროდ არასდროს დაუფიქსირებიათ, რაც, უნდა ვაღიარო, მისივე სურვილი გახლდათ. უგვირგვინოდ დარჩენა ამჯობინა - ხსენებული თავსართი კი სულ სხვას ერგო, რამაც ერთობ გაახარა. დღემდე იფიცება, სწორ კვალზე ქუჩაში სრულიად შემთხვევით მოსმენილმა სიტყვებმა დამაყენაო.
როგორც უნდა მომხდარიყო ეს ამბავი, ფაქტია, რომ მისი გენიის წყალობით გაირკვა ყველაფერი და დამნაშავესაც მიაკვლიეს.
ვგრძნობ, უკვე დროა, რაც ხსენებული ამბის შესახებ ვიცი, შავით თეთრზე გადმოვიტანო. მომხდარის ავანჩავანი კი მართლაც მშვენივრად მომეხსენება და თუ ასე მოვიქცევი, არ დავმალავ, ერთი საოცარი ლედის სურვილსაც შევასხამ ფრთას.
არაერთხელ გამიხსენებია ის დღე, როდესაც ჩვენ პუაროს მომცრო, მაგრამ საგულდაგულოდ დალაგებულ მისაღებ ოთახში შევიკრიბეთ; ჩემი ტანდაბალი მეგობარი ხალიჩის ერთსა და იმავე ზოლს ნაბიჯით ზომავდა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ოსტატურად მოხმობით ისე გაგვაოგნა, ყველას პირი დაგვაღებინა. მეც სწორედ იქიდან მსურს ამბის თხრობის დაწყება, საიდანაც მან დაიწყო - ლონდონში, შარშან, ივლისში ნანახი თეატრალური წარმოდგენიდან.
კარლოტა ადამსით იმხანად ყველა გატაცებული იყო ლონდონში. მანამდე, ერთი წლით ადრე, ორ ისეთ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომ საქვეყნო აღიარება მოიპოვა. მაშინ სამკვირიან სეზონს ხურავდა, ის ღამე კი ბოლოსწინა იყო.
კარლოტა ადამსი ამერიკელი გოგონა გახლდათ; უზადო ნიჭის პატრონი სკეტჩის ტიპის მონოსპექტაკლებში, სადაც არც მაკიაჟი სჭირდებოდა, არც დეკორაცია. ადამიანს ეგონებოდა, ნებისმიერ ენაზე შეუძლია ლაპარაკიო. მისი სკეტჩი უცხო სასტუმროში, მოსაღამოებულზე, ნამდვილი საოცრება იყო. ამერიკელი და გერმანელი ტურისტები, საშუალო ფენის ინგლისური ოჯახები, საეჭვო რეპუტაციის ქალბატონები, გაღარიბებული რუსი არისტოკრატები და დაღლილი, მაგრამ ცბიერი მიმტანები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს სცენაზე.
ხან სევდიანი სკეტჩებით გვიქცევდა, ხან მხიარულით. საავადმყოფოში ჩეხი ქალის გარდაცვალება ისე შეასრულა, რომ ყელში ბურთი გაგვეჩხირა ყველას, ორიოდე წუთში კი სიცილით ვიგუდებოდით კბილის ექიმის ჯახირზე, თავის მსხვერპლს ალერსიანად რომ ესაუბრებოდა.
გამოსვლა იმ ნომრით დაასრულა, რომელსაც „იმიტაციები“ უწოდა.
აქაც საოცარი ნიჭი აჩვენა: ყოველგვარი გრიმის გარეშე, სახე ისე მოიქცია, რომ ხან ცნობილ პოლიტიკოსს დაემსგავსა, ხან ცნობილ მსახიობს და ხანაც დარბაისელ ლამაზმანს. ყოველ პერსონაჟს მოკლე, სახასიათო ტექსტსაც ათქმევინებდა ხოლმე და სწორედ ამ დროს ავლენდა გამაოგნებელ ნიჭიერებას: ამ საუბრებით შერჩეული პერსონაჟების სისუსტე თვალში საცემი ხდებოდა.
მისი ერთ-ერთი უკანასკნელი გარდასახვა ჯეინ უილკინსონი იყო - ლონდონში კარგად ცნობილი ამერიკელი მსახიობი. მართლაც, ძალიან ნიჭიერად გამოუვიდა. ერთი შეხედვით, უაზრო სიტყვებიც კი, მის ბაგეს რომ სწყდებოდა, კაცს ეგონებოდა, ღრმა აზრსა და მნიშვნელობას იძენსო. მისი ოდნავ ხრინწშეპარული ხმა საწამლავივით მოქმედებდა. საგანგებოდ უნდა აღვნიშნო მისი დროული ჟესტიკულაცია, ტანის მსუბუქი რხევა, შერწყმული გარეგნულ სილამაზესთან... ახლაც ვერ ვხვდები, როგორ ახერხებდა ამ ყველაფერს!
მშვენიერი ჯეინ უილკინსონის თაყვანისმცემელი გახლდით მუდამ. როდესაც ემოციურად ასრულებდა როლს, ტანში ჟრუანტელი დამივლიდა ხოლმე და საკმარისი იყო, ვინმეს ეთქვა, გარეგნულად კი შეუდარებელია, მაგრამ ვერაფერი შვილი მსახიობიაო, მყისვე ხმალივით ვილესებოდი.
ცოტა შემზარავიც კი იყო ჩემთვის ამ ნაცნობი, ხრინწიანი ხმის მოსმენა, რომელიც ეგზომ აღმაფრთოვანებდა და მბურძგლავდა, ფონად კი მეტისმეტად გამომსახველი ჟესტის ყურება - როგორ მუჭავდა და შლიდა ხელს - და თავის უეცარი გადაქნევით შუბლიდან თმის გადაყრა, რომელიც ჭეშმარიტად დრამატული ნომრის დასრულებას მოასწავებდა.
ჯეინ უილკინსონი ერთ-ერთი იმ მსახიობთაგანი იყო, გათხოვების გამო თეატრს რომ ტოვებენ, რათა მერე, რამდენიმე წლის შემდეგ, დაუბრუნდნენ სცენას.
სამი წლის წინ მდიდარ, მაგრამ მსუბუქად შექანებულ, ექსცენტრიკულს-მეთქი, ვიტყოდი, ლორდ ეჯვერს გაჰყვა ცოლად. ჭორი დაირხა, ქმარს მალევე გაექცაო. ასე იყო თუ ისე, გათხოვებიდან თვრამეტი თვის შემდეგ უკვე კინოში იღებდნენ ამერიკაში, ამ სეზონზე კი ლონდონში ხვდა მორიგი წარმატება.
კარლოტა ადამსის ენამახვილმა, უფრო სწორად, გესლიანმა, მაგრამ ნიჭიერმა გამოსვლამ იმაზე დამაფიქრა, თავად ის ხალხი როგორ აღიქვამს ამგვარ საკუთარ პაროდიას, ვინც მსახიობის ყბაში ჩავარდება-მეთქი. უხარიათ კი ასეთი პოპულარობა, გნებავთ, რეკლამა დავარქვათ? თუ პირიქით, ღიზიანდებიან, თავიანთ ინდივიდუალურ სამსახიობო შტრიხებს რომ ხედავენ სხვაში? კარლოტა ადამსს ხომ მეფოკუსესავით მოსდიოდა, მეტოქეს რომ უძაგებს ოსტატობას და ამბობს: „ოჰ, ეს ძველი ფანდია, თან იოლზე იოლია! გნებავთ, გიჩვენოთ, როგორ კეთდება?“
გადავწყვიტე, ჩემი პაროდია რომ ვინმემ გააკეთოს, ძალიან