თავი 1
I
- ლინეტ რიჯუეი!
- ის არის! - თქვა „სამი გვირგვინის“ მფლობელმა მისტერ ბარნაბიმ და თანმხლებს მუჯლუგუნი გაჰკრა.
ორივე მონუსხული და პირდაფჩენილი შესცქეროდა უშველებელ სისხლისფერ „როლს-როისს“, ფოსტასთან წამის წინ რომ გაჩერდა.
მანქანიდან გადმოფარფატდა თავშიშველი გოგონა, რომელსაც, ერთი შეხედვით, უბრალო კაბა ეცვა, ოქროსფერი დალალები და სწორი, მკაცრი ნაკვთები ჰქონდა, ასეთ ჩამოსხმულ ქალს მალტონ-ანდერ-ვოუდში ხშირად ნამდვილად ვერ ნახავდი. საფოსტო განყოფილებაში მკვირცხლი, მტკიცე ნაბიჯით შევიდა.
- ის არის! - აღფრთოვანებით გაიმეორა ბარნაბიმ დაბალი, შიშნარევი ხმით, - მილიონერია... აქაურობაზე ათასების დახარჯვას აპირებს. ამბობენ, აუზის, იტალიური ბაღებისა და სამეჯლისო დარბაზის გაკეთება უნდაო... სახლს ნახევრად ჩამოშლის და თავიდან ააშენებსო...
- ქალაქში ფულს დაატრიალებს, - უპასუხა მეგობარმა. ხმელ-ხმელი, ავადმყოფური იერის კაცი იყო, შურითა და ბოღმით ლაპარაკობდა.
მისტერ ბარნაბი დაეთანხმა.
- მალტონ-ანდერ-ვოუდისთვის ჩინებული ამბავია! დიდებული! - მისტერ ბარნაბის კარგი წინათგრძნობა ჰქონდა და კმაყოფილმა დასძინა, - ყველანი გამოვფხიზლდებით.
- სერ ჯორჯს არაფრით ჰგავს, - მიუგო მეგობარმა.
- სერ ჯორჯი დოღმა დაღუპა, - სინანულით თქვა მისტერ ბარნაბიმ, - არასდროს უმართლებდა.
- რამდენი გადაუხადეს?
- მგონი, ექვსი ათასი.
გამხდარმა გაოცებისგან დაუსტვინა, მისტერ ბარნაბიმ კი საზეიმოდ განაგრძო:
- მეტიც, ამბობენ, ექვსი ათასს კიდევ დაახარჯავსო!
- აუჰ! - აღმოხდა გამხდარს, - ამდენი ფული საიდან აქვს?
- როგორც გავიგე, ამერიკიდან. დედამისი ვიღაც მილიონერის ერთადერთი ქალიშვილი ყოფილა. ფილმებში რომ არის ხოლმე, ეგეთი ამბავია, არა?
გოგონა ფოსტიდან გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა. გამხდარმა ავტომობილს თვალი გააყოლა და ჩაილუღლუღა:
- ასე არ შეიძლება - მეტისმეტად ლამაზია. ფულიც გქონდეს და გარეგნობაც? სად გაგონილა? მდიდარი გოგოები შეუხედავები არიან ხოლმე, ეს კი კალმით ნახატია... არაფერი აკლია... რა უსამართლობაა!
II
ამონარიდი „დეილი ბლეგის“ ელიტური სვეტიდან:
„უმშვენიერესი ლინეტ რიჯუეი „შე მა ტანტში“ ვახშმისას შევნიშნე. პატივცემულ ჯოანა საუთვუდს, ლორდ უინდლშემსა და მისტერ ტობი ბრაისს ახლდა. ცნობილია, რომ ლინეტი მელუიშ რიჯუეის ქალიშვილია, რომელიც ანა ჰარცზეა დაქორწინებული. ამ უკანასკნელმა ურიცხვი ქონება ბაბუისგან, ლეოპოლდ ჰარცისგან, მემკვიდრეობით მიიღო. მომხიბლავი ლინეტი უაღრესად პოპულარულია და ამბობენ, უახლოეს მომავალში მისი ნიშნობა გამოცხადდებაო. რასაკვირველია, მის რიჯუეის რჩეული ლორდი უინდლშემი იქნება“.
III
- ძვირფასო, შესანიშნავად მოწყობილხარ! - თქვა ჯოანა საუთვუდმა, რომელიც „ვოუდჰოლში“ ლინეტის საძინებელში იჯდა.
ფანჯრიდან ბაღები, თვალუწვდენელი ველები და შორეული ტყეების მოცისფრო ჩრდილები ჩანდა.
- იდეალურია, არა? - უპასუხა ლინეტმა და იდაყვებით ფანჯრის რაფას დაეყრდნო. ვნებიანი, სიცოცხლით სავსე და მეტყველი სახე ჰქონდა. ოცდაშვიდი წლის გამხდარი, მაღალ-მაღალი ჯოანა საუთვუდი, ჭკვიანი, ჩამოგრძელებული სახითა და უცნაურად ამოპუტული წარბებით, მის გვერდით მეტისმეტად უფერული ჩანდა.
- რა მალე მოგისწრია ყველაფერი! არქიტექტორები დაიქირავე?
- სამი.
- როგორი არიან? არქიტექტორებთან საქმე არასდროს მქონია.
- ხანდახან არაპრაქტიკული იდეები ჰქონდათ, მაგრამ ისე არა უშავდათ რა.
- დარწმუნებული ვარ, მალევე მოიყვანდი გონს, შენ ხომ მსოფლიოში ყველაზე პრაქტიკული ადამიანი ხარ, - ჯოანამ ტუალეტის მაგიდიდან მარგალიტის აცმა აიღო.
- ნამდვილია, ლინეტ?
- რა თქმა უნდა.
- საყვარელო, შენგან განსხვავებით, ბევრი ადამიანი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდაო, ვერ იტყოდა. მშვენივრადაა დამუშავებული, შესანიშნავია! ყველა მარგალიტი ერთი ზომისაა. ალბათ, ასტრონომიული ფასი აქვს.
- ვულგარული გეჩვენება?
- არაფერიც! ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. რა ღირს?
- დაახლოებით ორმოცდაათი ათასი.
- ოჰო, რა საყვარელი თანხაა! არ გეშინია, რომ მოგპარონ?
- არა. ჯერ ერთი, ყელიდან არ ვიშორებ, მეორეც - დაზღვეულია.
- სადილამდე არ მათხოვებ, საყვარელო? დიდი სიამოვნებით გავიკეთებდი.
ლინეტმა გადაიკისკისა.
- თუ მოგწონს, აიღე.
- იცი, რა, ლინეტ, მშურს შენი. ყველაფერი გაქვს, რაც გინდა... ოცი წლის ხარ და საკუთარ ბედს თავად განაგებ, არც ფული გაკლია, არც სილამაზე და არც ჯანმრთელობა. ჭკვიანიც ხარ! ოცდაერთის როდის ხდები?
- მომავალ ივნისს. სრულწლოვანებას ლონდონში დიდი წვეულებით აღვნიშნავ.
- და მერე ჩარლზ უინდლშემს გაჰყვები, არა? საზიზღარი ჟურნალისტები სულ თქვენზე ჭორაობენ, თანაც, ჩარლზს მართლა ძალიან უყვარხარ.
ლინეტმა მხრები აიჩეჩა.
- არ ვიცი. ჯერჯერობით, გათხოვებაზე არ ვფიქრობ.
- ძვირფასო, აბსოლუტურად გეთანხმები. ქორწინება ყველაფერს ცვლის.
ტელეფონი ყურისწამღებად აწკრიალდა. ლინეტმა ყურმილი აიღო.
- დიახ? გისმენთ.
მსახურთუხუცესი იყო.
- მის დე ბელფორტი გირეკავთ. გაესაუბრებით?
- დე ბელფორტი? რა თქმა უნდა, დამაკავშირეთ.
ყურმილში ხაზის გადართვის ჩხაკუნი გაისმა, რომელსაც მხიარული, ნაზი და ოდნავ აქოშინებული ხმა მოჰყვა:
- გამარჯობა, მის რიჯუეის ვესაუბრები? ლინეტ!
-