თავი 1 ექიმი შეპარდი საუზმობს
მისის ფერარსი თექვსმეტიდან 17 სექტემბრის ღამეს, ხუთშაბათს, გარდაიცვალა. პარასკევს, დილის რვა საათზე მომაკითხეს და წამიყვანეს. აღარაფრის გაკეთება აღარ შეიძლებოდა, უკვე რამდენიმე საათის მკვდარი იყო. ათი საათი იყო დაწყებული, შინ რომ დავბრუნდი. კარი საკუთარი გასაღებით გავაღე. ჰოლში რამდენიმე წუთი განგებ შევყოვნდი, საკიდზე შლაპა და ლაბადა დავკიდე. ადრეული შემოდგომის დილა იყო. კარგი ვქენი, რომ თავი დავიზღვიე და ლაბადა ჩავიცვი. მეტისმეტად დაღონებული და შეწუხებული ვიყავი. ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ იმ მომენტში მომდევნო რამდენიმე კვირის მოვლენები ვიწინასწარმეტყველე. რა თქმა უნდა, არა, უბრალოდ, გულმა მიგრძნო, რომ მძიმე დრო გველოდა.
მარცხნივ, სასადილო ოთახიდან, ჩაის ფინჯნების წკრიალი და ჩემი დის, ქეროლაინის, მოკლე, მშრალი ჩახველება გავიგონე.
- შენ ხარ, ჯეიმზ? - დამიძახა მან.
სრულიად ზედმეტი შეკითხვა იყო, სხვა ვინ იქნებოდა? სიმართლე გითხრათ, სწორედ ჩემი დის გამო შევყოვნდი ჰოლში. როგორც მისტერ კიპლინგი ამბობს, მანგუსტების ოჯახის დევიზია „წადი და გაარკვიე“. თუ ოდესმე ქეროლაინი გადაწყვეტს, საკუთარი გერბი გააკეთოს, შეუძლია, დევიზს მანგუსტების ოჯახს დაესესხოს, ოღონდ მისი პირველი ნაწილის გამოკლებით. მას ხომ ყველაფრის გარკვევა შინიდან გაუსვლელად შეუძლია. წარმოდგენა არა მაქვს, როგორ ახერხებს ამას, მაგრამ ახერხებს. ეჭვი მაქვს, რომ მისი სადაზვერვო სამსახურის წევრები მოსამსახურეები და წვრილი მოვაჭრეები არიან. გარეთ ინფორმაციის შესაგროვებლად კი არა, გასავრცელებლად გადის, ამაში კი გასაოცრად არის დახელოვნებული. ჩემი დის სწორედ ეს თვისება იყო ის, რამაც შემოსასვლელში დამაყოვნა. ყველაფერი, რასაც ახლა მისის ფერარსის გარდაცვალების შესახებ ვეტყოდი, დაახლოებით საათ-ნახევარში მთელ სოფელს ეცოდინებოდა. პროფესია მაიძულებს, ყოველთვის გონივრულად და თავშეკავებულად მოვიქცე. ამიტომ ჩვევად მექცა, რომ ჩემს დას რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია გავუზიარო. ის ყველაფერს მაინც თვითონ არკვევს, მაგრამ იმის ცოდნა, რომ ამაში მე არანაირი ბრალი არ მიმიძღვის, მორალურ კმაყოფილებას მანიჭებს.
მისის ფერარსის ქმარი შარშან გარდაიცვალა და ქეროლაინი მუდმივად (სრულიად უსაფუძვლოდ) ამტკიცებდა, რომ ცოლმა მოწამლა.
ყოველთვის დამცინავად მიყურებს, როდესაც ვამბობ, მისტერ ფერარსი მწვავე გასტრიტით გარდაიცვალა და ამას სასმლის სიყვარულმა შეუწყო ხელი-მეთქი. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ გასტრიტისა და დარიშხანით მოწამვლის სიმპტომები ერთმანეთს არ ჰგავს, მაგრამ ქეროლაინის ბრალდება სხვა მტკიცებულებებს ეყრდნობა.
- უბრალოდ, შეხედე და ყველაფერს მიხვდები, - ხშირად უთქვამს ჩემს დას.
მისის ფერარსი არც მთლად ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან მიმზიდველი ქალი იყო. ყოველთვის სადად, მაგრამ მოხდენილად ეცვა. უამრავი ქალი ყიდულობს სამოსს პარიზში, მაგრამ ამის გამო აუცილებლად მეუღლის მკვლელები ხომ არ ხდებიან.
ჰოლში რომ ვიდექი და ამაზე ვფიქრობდი, ქეროლაინმა კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე უფრო მკაცრად, დამიძახა:
- რას აკეთებ მანდ, ჯეიმზ? აღარ მოხვალ სასაუზმოდ?
- მოვდივარ, ძვირფასო, - ვუპასუხე, - ლაბადას ვკიდებდი.
- ამდენ ხანში ათ ლაბადას დაკიდებდი.
მართალი იყო, დავკიდებდი.
სასადილო ოთახში შევედი, ჩვეულებისამებრ ლოყაზე ვაკოცე და უკვე გაცივებული ლორიანი ერბოკვერცხის ჭამას შევუდექი.
- ადრეული ვიზიტი გქონია, - თქვა ქეროლაინმა.
- ჰო, „ქინგზ-პადოკში“, მისის ფერარსი...
- ვიცი, - თქვა მან.
- საიდან იცი?
- ენიმ მითხრა.
ენი შინამოსამსახურეა ფერარსების სახლში. მშვენიერი გოგოა, მაგრამ ბევრი ლაპარაკი უყვარს.
სიჩუმე ჩამოვარდა, ლორიანი ერბოკვერცხის ჭამას გავნაგრძობდი. ჩემს დას გრძელი და თხელი ცხვირის წვერი შეერხა. ყოველთვის ასე ხდებოდა, როდესაც რაიმე აინტერესებდა ან აღელვებდა.
- აბა? - მომთხოვნი კილოთი თქვა მან.
- სამწუხაროა. აღარაფრის გაკეთება აღარ შეიძლებოდა. ეტყობა, ძილში გარდაიცვალა.
- ვიცი, - თქვა მან.
ახლა კი გავღიზიანდი.
- საიდან იცი?! - მკვახედ წამოვიძახე, - თვითონაც არ ვიცოდი, სანამ იქ არ მივედი! აქამდე არავისთვის მითქვამს და თუ იმ გოგომ, ენიმ, უკვე იცის, ნათელმხილველი ყოფილა!
- ენის არ უთქვამს, მერძევემ მითხრა, მან კი ფერარსების მზარეულისგან გაიგო.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ქეროლაინისთვის ინფორმაციის მისაღებად სახლიდან გასვლა სულაც არ არის საჭირო, შინ ზის და ამბები თვითონ მოდის მასთან.
ჩემმა დამ განაგრძო:
- რით გარდაიცვალა? გულის შეტევა ჰქონდა?
- მერძევემ ეგ აღარ იცოდა? - გავიხარე მე.
სარკაზმი ქეროლაინზე არ მოქმედებს, ყველაფერს სერიოზულად იღებს და შესაბამისად გპასუხობს.
- არ იცოდა.
ბოლოს და ბოლოს, ადრე თუ გვიან, ქეროლაინი მაინც ყველაფერს გაიგებდა, ამიტომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, მე ვეტყოდი თუ სხვა.
- ვერონალის ზედმეტი დოზისგან. ბოლო ხანებში უძილობის გამო სვამდა. ეტყობა, ბევრი დალია.
- სისულელეა, - მომახალა ქეროლაინმა, - გამიზნულად დალია.
უცნაურია, როდესაც სხვისგან მოისმენ რაღაცას, რისიც საიდუმლოდ