მივიწყებული მკვლელობა - დეტექტივი
I
- ძიება
გვენდა რიდი ნავსაყუდელზე იდგა. მას მთელი სხეული უთრთოდა. დოკები, საბაჟო ფარდულები და მთლიანად ინგლისი, სადამდეც თვალი სწვდებოდა, აღმა-დაღმა ირწეოდა. სწორედ იმ წუთას გვენდამ გადაწყვეტილება მიიღო - გადაწყვეტილება, რომელსაც ესოდენ მნიშვნელოვანი ამბები უნდა მოჰყოლოდა.
არა, ლონდონში მატარებლით არ წავა, როგორც აქამდე აპირებდა. ბოლოს და ბოლოს, რატომ წავიდეს მატარებლით?! მას ხომ იქ არავინ ელოდება, არც მისი იქ ჩასვლის ამბავი იცის ვინმემ!..
სამი დღე საშინლად ღელავდა ზღვა და როგორც იქნა, გვენდამ თავი დააღწია გემის განუწყვეტელ რწევა-ჭრიალს. არავითარი სურვილი აღარ ჰქონდა ჩამჯდარიყო ისევ და ისევ მოჭრიალე და რწევად მატარებელში. იგი სასტუმროში მოეწყობა, მყარად ნაგებ, რიგიან სასტუმროში, რომელიც ასევე მყარად დგას მიწაზე. მერე დაწვება მაგარ, ურყევ საწოლზე, რომელიც არც ჭრიალებს და არც ირწევა. ერთს გემოზე გამოიძინებს და მეორე დილით ყველაფერი ნათელი გახდება.
ბრწყინვალე მოფიქრებაა! გვენდა მანქანას დაიქირავებს და აუჩქარებლად შემოივლის ინგლისის სამხრეთ ნაწილს, გზადაგზა სახლებსაც შეათვალიერებს, შეარჩევს ერთ ლამაზ, კოხტა სახლს და კიდეც შეიძენს. ეს საქმე პირადად მას აკისრია, ასე მოილაპარაკეს გვენდამ და გაილსმა. დიახ, მართლაც ბრწყინვალე მოფიქრებაა! ამასობაში ცოტათი ინგლისსაც გაეცნობა, რომლის შესახებ გაილსი ბევრს უამბობდა, მაგრამ ჯერჯერობით თვალით არ ენახა იგი. თუმცა ახალზელანდიელთა უმრავლესობის მსგავსად, გვენდასაც სამშობლოდ მიაჩნდა ინგლისი. ჯერჯერობით კი არცთუ ისე მომხიბლავად გამოიყურებოდა ეს ქვეყანა; მოღრუბლული დღე იყო, გადაუღებლად წვიმდა და მძაფრი, აბეზარი ქარი განუწყვეტლივ სისინებდა.
გვენდა მორჩილად მიჰყვებოდა საპასპორტო და საბაჟო განყოფილების რიგს და ფიქრობდა: „არა მგონია, პლიმუტი ინგლისის საუკეთესო ადგილი იყოს.“ მაგრამ, მეორე დილითვე, სულ შეიცვალა განწყობილება. კაშკაშა, მზიანი დილა გათენდა და მისი ფანჯრებიდან საუცხოო ხედი გადაიშალა... და, რაც მთავარია, ირგვლივ სამყარო აღარ ტორტმანებდა, გარინდულიყო. ერთი სიტყვით, ეს იყო ინგლისი! და აქ არის ისიც, გვენდა რიდი, სამოგზაუროდ წამოსული ოცდაოთხი წლის ახალგაზრდა, გათხოვილი ქალი. ჯერჯერობით მან ზუსტად არ იცის, როდის ჩამოვა გაილსი ინგლისში; შეიძლება, რამდენიმე კვირაში ჩამოვიდეს, ან სულაც ექვსი თვე დაუგვიანდეს. თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ გაილსზე ადრე გვენდა ჩავიდოდა ინგლისში და შეარჩევდა შესაფერის სახლს. ორივეს ერთი სურვილი ამოძრავებდა: სადმე, მყუდრო ადგილას დაბინავებულიყვნენ სამუდამოდ. გაილსის სამუშაო სულ მგზავრობასთან იყო დაკავშირებული; მართალია, ზოგჯერ გვენდასაც თან გაიყოლებდა, მაგრამ საამისო პირობები, იქნებ, ყოველთვის არ ჰქონოდათ. ამიტომ გადაწყვიტეს, საკუთარი სახლი შეეძინათ მყუდრო და მოხერხებულ ადგილას.
სულ ცოტა ხნის წინ გაილსმა დეიდისაგან მემკვიდრეობით ავეჯი მიიღო. ესეც ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა იყო, რომ ჩანაფიქრი განეხორციელებინათ. თუმცა გაილსი და გვენდა ისედაც შეძლებულად ცხოვრობდნენ და მაინც მოაგვარებდნენ თავიანთ საქმეს.
გვენდა პირველად, ცოტა არ იყოს, შეფიქრიანდა, ამხელა საქმე მარტომ როგორ ვითავოო.
- ხომ არ აჯობებდა, ორივეს ერთად გვეზრუნა ამ საქმეზე, - ჰკითხა ქმარს.
გაილსმა სიცილით მიუგო:
- ხომ იცი, სახლების ბევრი არაფერი გამეგება, ამიტომ რასაც შენ მოიწონებ, ის მეც მომეწონება. ისე კი, კარგი იქნება, სახლს პატარა ბაღიც ჰქონდეს. ოღონდაც ისეთი არა, რაღაც ახალი სტილის სისაძაგლეს რომ აშენებენ. არც მაინცდამაინც დიდი სახლი გვჭირდება. მე თუ მკითხავ, სადმე სამხრეთ სანაპიროზე ჯობია. ყოველ შემთხვევაში, ზღვასთან ახლოს რომ ვიყოთ.
- იქნებ, გუნებაში გაქვს რომელიმე ადგილი? - ჰკითხა გვენდამ.
- რა თქმა უნდა, არა, - მიუგო გაილსმა.
გაილსი მცირეწლოვანი იყო, როცა დაობლდა, არც გვენდას ჰყავდა მშობლები). არდადეგებზე ხან ერთ ნათესავს მიჰყავდა თავისთან, ხან მეორეს, ხან სად და ხან სად, მაგრამ არც ერთ კუთხეს არ აღუძრავს მასში განსაკუთრებული ემოციები. ამიტომ ახალ სახლს გვენდა თავისი გემოვნებით შეარჩევს. რაც შეეხება საქმეზე ერთად ზრუნვას, ეს არ მოხერხდება, ვინაიდან გაილსმა არ იცის, როდის მოიცლის. იქნებ, ექვს თვესაც ვერ მოიცალოს. ამ ხანში რა უნდა აკეთოს გვენდამ? სასტუმროში იბორიალოს? რა თქმა უნდა, არა. ამიტომაც გადაწყვიტეს, სახლის შერჩევა-შეძენის საქმე მხოლოდ გვენდას მოეგვარებინა.
- ასე გამოდის, ყველაფერზე მარტომ უნდა ვიზრუნო, არა? - ჩაილაპარაკა გვენდამ. თანაც მოსწონდა ეს ჩანაფიქრი, გუნებაში უკვე გადაეწყვიტა, გაილსის ჩასვლამდე კიდეც ეყიდა სახლი, კიდეც მოეწყო-მოეწესრიგებინა იქაურობა და ისე დაეხვედრებინა.
ისინი მხოლოდ სამი თვის დაქორწინებული იყვნენ. გვენდას კი ძალიან უყვარდა ქმარი.
გვენდამ დილით ლოგინში ისაუზმა, მერე ადგა და თავისი გეგმის განხორციელებას შეუდგა. ის დღე, მთლიანად, პლიმუტის დათვალიერებას მოანდომა. დიდადაც ისიამოვნა. მეორე დღეს კი დაიქირავა კომფორტული ავტომობილი მძღოლითურთ და ინგლისის დასათვალიერებლად გაემართა.
შესანიშნავი ამინდი იდგა და მგზავრობაც სასიამოვნო იყო. დევონშირში